№ას-739-701-2013 22 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20584 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრა მოპასუხე ა. დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ა. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საჩივარი განუხილველი დარჩება. ზემოხსენებული წესი ვრცელდება ასევე კერძო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უწყების ჩაბარება ოჯახის წევრისათვის ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების ასლი 2013 წლის 18 მაისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (მეუღლეს) - ც. ა-ეს, რაც ითვლება ასევე ადრესატისათვის ჩაბარებად (იხ. ს.ფ. 80).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 30 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. დ-ის კერძო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 31 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 81-84).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ა. დ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე