№ას-761-722-2013 31 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ლ. ბ-ის, დ. ბ-სა და შპს „ს-ოს“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს – ლ. ბ-ს, დ. ბ-სა და შპს „ს-ოს“ მოსარჩელე სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ 2008 წლის 6 მარტის საბანკო მომსახურების და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 16 335.56 აშშ დოლარი, პროცენტი - 8 187.23 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 266 აშშ დოლარი, დ. ბ-სა და შპს „ს-ოს“ პასუხისმგებლობა განისაზღვრა თითოეულის 35 590 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა შპს „ს-ომ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს-ომ“, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „ს-ოს“ დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.
სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 26 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის შპს „ს-ოს“ თანამშრომელს (ინჟინერს) გ. მ-ას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივლისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 29 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოადგინა 2013 წლის 30 ივლისს, ანუ ხარვეზის შევსების გადის გასვლის შემდეგ, მიუთითა, რომ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა და ითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ ჩათვლა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისათვის, შესაბამისად, შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს-ოს“ დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე რ. რ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 29 ივლისი, საგადახდო დავალება №26);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე