Facebook Twitter

№ას-765-726-2013 22 ივლისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ც. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინება

დავის საგანი – სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ც. ს-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განუხილველად დარჩა. მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა შეეტანა.

აღნიშნული განჩინება ი. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება.

კერძო ან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ იგი შემოტანილი უნდა იყოს კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინება ი. გ-ეს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ადრესატს ვერ ჩაბარდა. იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, 2013 წლის 26 აპრილის განჩინება საჯაროდ გამოქვეყნდა. განჩინება ვებ-გვერდზე 2013 წლის 12 ივნისს განთავსდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2013 წლის 26 აპრილის განჩინება ი. გ-ის ჩაბარებულად 2013 წლის 18 ივნისიდან ითვლება, ამდენად, სწორედ ამ მომენტიდან უნდა აითვალოს კერძო საჩივრის შემოტანის ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის შემოტანის ვადა 2013 წლის 19 ივნისიდან დაიწყო და 1 ივლისს ამოიწურა, კერძო საჩივარი კი ფოსტას 2013 წლის 11 ივლისს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარემ გაუშვა კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადა, ი. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 416-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი