Facebook Twitter

№ა-1765-გან-5-2013 5 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

განმცხადებელი _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი

წარმომადგენელი – ზ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი

წარმომადგენელი – ნ. ბ-ე

განჩინება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

1. ნებას რთავს ცოლ-ქმარ დ. მ-სა და ი. მ-ს იცხოვრონ ცალ-ცალკე ორი წლის ვადით, ანუ 2012 წლის 31 ოქტომბრამდე;

2. ნებას რთავს ი. მ-ს დაიბრუნოს თავისი ტანსაცმელი, აგრეთვე პირადი დოკუმენტები და ნივთები.

3. აცხადებს, რომ დ. მ-ი მონაწილეობას მიიღებს მეუღლის რჩენაში, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

4. აცხადებს ცოლ-ქმარ დ. მ-სა და ი. მ-ს ქონების გამიჯვნის რეჟიმს, დაუყოვნებლივ აღსრულებით.

5. არ აკმაყოფილებს მხარეების არცერთ სხვა, ან შემდგომ მოთხოვნებს.

6. აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მოსაკრებლისა და სასამართლო ხარჯების გარეშე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 სექტემბერს და შვეიცარიის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, დ. მ-მა გადაიხადა მხოლოდ 2009 წლის დეკემბრის თვის ალიმენტი.

ი. მ-მა მიმართა შვეიცარიაში ვოდის კანტონში (შუამდგომლობის ავტორი საცხოვრებელი ადგილი 2009-2010წწ.) „სარჩოს/ალიმენტის გადახის აღსრულებისა და ავანსების გაცემის ოფისს“ (BRAPA), რომელიც სარჩოსა და ალიმენტების გადახდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უფასო აღსრულებას ახორციელებს, სადაც დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ცხრა თვის საალიმენტო თანხაზე, კერძოდ, 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 31 იანვრამდე.

ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

2012 წლის 8 ოქტომბერს ი. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-ემ წარმოადგინა დაზუსტებული შუამდგომლობა და მოითხოვა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში, 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე, დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2012 წლის 26 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2013 წლის 23 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ. ფ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატის მითითება მოვალისათვის ალიმენტის დაკისრების ვადაზე, კერძოდ, აღსრულების განხორციელების მომენტამდე ვადის მითითება, ბუნდოვანია და ვერ ხდება განსაზღვრა, თუ როდემდე ეკისრება მოვალეს ალიმენტის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მოითხოვა იმის დადგენა, თუ რა პერიოდამდე ეკისრება მოვალე დ. ჯ. მ-ს კრედიტორისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმსრულებელ ზ. ფ-ის განცხადება შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

აღნიშნული ნორმა მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როცა იგი ბუნდოვანია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში, 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების განხორციელების მომენტამდე, დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით. თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში, აღნიშნული თარიღით დაწყებული, ანუ 2009 წლის 1 დეკემბრიდან. საკასაციო პალატის მითითება მოვალისათვის ალიმენტის დაკისრების ვადაზე, კერძოდ, აღსრულების განხორციელების მომენტამდე ვადის მითითება, ბუნდოვანია და ვერ ხდება განსაზღვრა, თუ როდემდე ეკისრება მოვალეს ალიმენტის გადახდის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინება უნდა განიმარტოს შემდეგნაირად:

1. ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით, თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ზ. ფ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინება განიმარტოს შემდეგნაირად:

1. ი. მ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის (სარჩოს) დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად შვეიცარიის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 მაისამდე და 2011 წლის 1 თებერვლიდან დ. მ-ს დაევალა მეუღლის რჩენაში მონაწილეობის მიიღება, 3000 ფრანკის ოდენობის ყოველთვიური ალიმენტის რეგულარულად გადახდით, თანხას ხელზე გადაუხდის ი. მ-ს, წინასწარ, ყოველი თვის პირველ რიცხვში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე