Facebook Twitter

საქმე №ა-1181-შ-25-2013 15 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე. რ-ი

წარმომადგენელი - ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ფ. რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ეტლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის, ეტლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ე. რ-სა და კ. ფ. რ-ს შორის 2004 წლის 1 ოქტომბერს კარლსბადის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული N38/2004 ქორწინება გაუქმდა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილები და საპროცესო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. რ-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი ეგზემპლარის თანახმად, ე. რ-ი საქართველოს მოქალაქეა, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია 2012 წლის 5 ივნისიდან, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. რ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, უშუალოდ ე. რ-ის მიერ შედგენილი შუამდგომლობის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობის მქონე პირის მიერ შედგენილი შუამდგომლობისა და წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობის შემოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტთან ერთად ასევე ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა, შუამდგომლობის ავტორს ასევე დაევალა სათანადოდ დადასტურება იმისა, მოპასუხე იყო თუ არა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: გერმანია, შ-ე 7, 76337 ვალდბრონი. სასამართლოში საფოსტო შეტყობინების ბარათი არ დაბრუნებულა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის პასუხად, საქართველოს ფოსტის მიერ 2013 წლის 11 ივლისს გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ ადრესატმა განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 3 მაისს. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს უშუალოდ მხარისათვის 2013 წლის 3 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ეტლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. რ-ის წარმომადგენელმა ე. მ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. რ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, უშუალოდ ე. რ-ის მიერ შედგენილი შუამდგომლობის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობის მქონე პირის მიერ შედგენილი შუამდგომლობისა და წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობის შემოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტთან ერთად ასევე ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა, შუამდგომლობის ავტორს ასევე დაევალა სათანადოდ დადასტურება იმისა, მოპასუხე იყო თუ არა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: გერმანია, შ-ე 7, 76337 ვალდბრონი.

საქართველოს ფოსტის მომართვით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ე. რ-ს 2013 წლის 3 მაისს ჩაბარდა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 4 მაისს და ამოიწურა 13 მაისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ე. რ-ის შუამდგომლობა ეტლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ეტლინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე