საქმე №ა-1430-შ-31-2013 15 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ-ი
წარმომადგენელი – ზ. პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა და მოწმობების გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ. ძე ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.სტავროპოლის, სტავროპოლის მხარის მმაჩის სამმართველოს მმაჩის განყოფილებას დაევალა ცვლილების შეტანა 1983 წლის 22 ივლისის №1109 სააქტო ჩანაწერებში ქორწინების შესახებ ნ. მ. ძე ბ-სა და ო. ი. ასულ ნ-ოს შორის და ასევე ქორწინების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მეუღლის დაბადების თარიღი“ ... წლის ... თებერვლის მითითება; ცვლილებების შეტანა 19.01.1983 წლის №14 სააქტო ჩანაწერებში მამობის დადგენის შესახებ ს. ნ.ს ძე ნ-ოს მიმართ და მამობის დადგენის მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მამის დაბადების თარიღი“ ... წლის ... თებერვლის მითითება; ცვლილების შეტანა 28.05.1991 წლის №1813 სააქტო ჩანაწერში დ. ნ.ს ძე ბ-ის დაბადების შესახებ და დაბადების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მამის დაბადების თარიღი“ .. წლის ... თებერვლის მითითება; აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ.სტავროპოლის სტავროპოლის მხარის მმაჩის სამმართველოს მმაჩის განყოფილებას ასევე დაევალა ცვლილების შეტანა 2007 წლის 29 აგვისტოს №482 სააქტო ჩანაწერში განქორწინების შესახებ ნ. მ. ძე ბ-ის და ო. ი. ასულ ნ-ოს შორის და განქორწინების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მეუღლის დაბადების თარიღი“ ... წლის... თებერვლის მითითება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. მ. ძე ბ-ის წარმომადგენელმა ზ. პ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ მოტივით, რომ ნ. ბ-ი დაიბადა საქართველოში, შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებში უნდა შევიდეს სათანადო ცვლილება.
წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მისი განცხადება განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელშიც მონაწილეობდა უშუალოდ განმცხადებელი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2009 წლის 31 მარტს შევიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. მ. ძე ბ-ის წარმომადგენელმა ზ. პ-მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ მოტივით, რომ ნ. ბ-ი დაიბადა საქართველოში, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ესაჭიროება იმისათვის, რომ სამოქალაქო რეესტრში არსებულ ნ.ბ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს სათანადო ცვლილება.
რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ. ძე ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქ.სტავროპოლის, სტავროპოლის მხარის მმაჩის სამმართველოს მმაჩის განყოფილებას დაევალა ცვლილების შეტანა 1983 წლის 22 ივლისის №1109 სააქტო ჩანაწერებში ქორწინების შესახებ ნ. მ. ძე ბ-სა და ო. ი. ასულ ნ-ოს შორის და ასევე ქორწინების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მეუღლის დაბადების თარიღი“ ... წლის ... თებერვლის მითითება; ცვლილებების შეტანა 19.01.1983 წლის №14 სააქტო ჩანაწერებში მამობის დადგენის შესახებ ს. ნ.ს ძე ნ-ოს მიმართ და მამობის დადგენის მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მამის დაბადების თარიღი“ ... წლის .. თებერვლის მითითება; ცვლილების შეტანა 28.05.1991 წლის №1813 სააქტო ჩანაწერში დ. ნ.ს ძე ბ-ის დაბადების შესახებ და დაბადების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მამის დაბადების თარიღი“ ... წლის ... თებერვლის მითითება; აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ.სტავროპოლის სტავროპოლის მხარის მმაჩის სამმართველოს მმაჩის განყოფილებას ასევე დაევალა ცვლილების შეტანა 2007 წლის 29 აგვისტოს №482 სააქტო ჩანაწერში განქორწინების შესახებ ნ. მ. ძე ბ-ის და ო. ი.ასულ ნ-ოს შორის და განქორწინების მოწმობის გაცემა, გრაფაში – „მეუღლის დაბადების თარიღი“ ... წლის ...თებერვლის მითითება.
ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ ნ. ბ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, თავად ნ. ბ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილება არ განხორციელებულა, არამედ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ცვლილებები შეეხო მისი ქორწინების მოწმობაში, შვილების დაბადების მოწმობებსა და სხვა დოკუმენტებში დაფიქსირებულ ნ.ბ-ის დაბადების თარიღს.
ამდენად, 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების იურიდიულ ინტერესად ნ.ბ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის მითითება სრულიად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია.
ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა მხარის შუამდგომლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. საგულისხმოა კანონის 82-ე მხულით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ ახორციელებს ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ,2009 წლის 6 ივლისი, №ა-842-შ-34-09).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის წარმომადგენელ ზ. პ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სტავროპოლის პრომიშლენის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ.თოდრია
პ. ქათამაძე