№ ა-2094-შ-47-2013 16 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2013 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2013 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ა-ომ შვილად აიყვანა ნ. ო-ი, რომელიც დაიბადა საქართველოში, ქ.თბილისში. ამასთან, შვილად ასაყვანი პირი იღებს გვარს და მას საკუთარი გვარის წინ დაასახელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
ნ. ო-მა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2013 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2013 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა პირადად ნ. ო-ს 2013 წლის 2 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ განიხილა ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2013 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ნ. ო-ს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 2 ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 3 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 12 ივლისს. შუამდგომლობის ავტორს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის ფლორენციის სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია