¹ ბს-611-197(კ-05) 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ა-ის” მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “სამეცნიერო საავიაციო ფირმა “ა-ს” შორის 1998წ. 12 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998წ. 12 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება შპს “ა-თან”, სს “ქ-ის’’ აქციათა პაკეტის (550922 აქცია) ნასყიდობის შესახებ. ობიექტის გასაყიდი ფასი განისაზღვრა სამინისტროს 30.04.1998წ. ¹1-3/289 ბრძანებით და შეადგინა 1 ლარი, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა სიმბოლურ, საწყის გასაყიდ ფასს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მყიდველს უნდა შეენარჩუნებინა საწარმოს პროფილი, აეღო შესაბამისი სერტიფიკატი და 2 წლის განმავლობაში უზრუნველეყო მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც მიზნად ისახავდა საწარმოს გაჯანსაღებას, მათ შორის, 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ტექნოლოგიური მოწყობილობების ინვესტირებას და 500000 აშშ დოლარის ინვესტირებას კადრების მომზადებაში. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 10 აგვისტოს ¹1-3/5178 ბრძანებით შპს “ა-ს” დაუდასტურდა საკუთრება სს “ქ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტზე (91,44%-ზე).
აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო შპს “ა-ის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საინვესტიციო პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ, სს “ქ-ის” საფინანსო დოკუმენტაცია და აუდიტორული კომპანია შპს “.. ..”-ის აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს “ა-ის” მიერ აღნიშნული პერიოდისათვის სრულად იყო შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები.
შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ირკვეოდა, რომ ქარხანას არ გააჩნდა ძრავების სარემონტო წარმოებისა და საფრენი აპარატების სანაკრებო სერტიფიკატები, თვითმფრინავებს _ “მ-ი 001-ს’’ და “მ-ი 002-ს” არა აქვთ აფრენის ვარგისიანობის სერტიფიკატი. სს “თბ-ის” სპეციალისტების წერილობითი დასკვნის თანახმად, სს “ქ-ს” ჩამოთვლილი სერტიფიკატების გარეშე არ შეუძლია ძრავების რემონტისა და საფრენი აპარატების სერიული წარმოების განხორციელება და შესაბამისად, ქარხნის პროფილის შენარჩუნება.
აღნიშნულით კი, ფაქტობრივად, მყიდველმა დაარღვია მხარეთა შორის 12.08.98 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1-1 მუხლი, რომლითაც “მყიდველი” ვალდებული იყო, შეენარჩუნებინა საწარმოს პროფილი.
სკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით, კანონმდებელი არ უთითებს, თუ როდის უნდა გადასცეს “გამყიდველმა” მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, კერძოდ, სანამ ის შეასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას თუ ვალდებულების შესრულების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში კი შპს “ა-ის” მიერ უნდა შესრულებულიყო, პირველ რიგში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დადგენილი იყო 12.08.98წ. ხელშეკრულებით.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო აქციათა პაკეტის გასხვისება მთლიანად დამოკიდებული იყო მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და სამინისტროს 30.04.1998წ. ¹1-3/289 ბრძანებით, სს “ქ-ის” აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზება განხორციელდა სიმბოლური, საწყისი გასაყიდი ფასით, რა დროსაც მნიშვნელობა მიენიჭა მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომლის შემდეგაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაედასტურებინა საკუთრება აქციებზე, რაც განხორციელდა კიდეც იმ იმედით, რომ შპს “ა-ი” საკუთრების დადასტურების შემდგომ შეინარჩუნებდა საწარმოს პროფილს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხელშეკრულების მე-8 მუხლის საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს სს “ქ-ის” სხვა აქციონერებმა და მოითხოვეს საქმეზე მესამე პირად ჩართვა მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელშიც თავდაპირველ მოპასუხესთან ერთად მოპასუხედ დაასახელა სს “ქ-ა”, ხოლო სარჩელის საგანი და მოთხოვნის საფუძველი დატოვა უცვლელად.
სასამართლოს 09.12.2004წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს “ქ-ის” აქციონერთა განცხადება და საქმეზე მესამე პირებად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელის მხარეზე ჩაბმულ იქნენ: ჯ. მ-ა, ჯ. ზ-ი, ზ. კ-ე, ვ. ს-ი, ქ. კ-ე, ზ. ე-ი, ა. ს-ე, მ. მ-ე, ვ. ხ-ე და დ. ზ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლი, ნაცვლად “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის ნორმებისა, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენდა სპეციალურ კანონს, ასევე არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადა, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ. შპს “ა-ის” მიერ 12.08.1998წ. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, საიდანაც სასამართლოს უნდა აეთვალა ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქმეზე მესამე პირებად ჩართულმა სს “ქ-ის” აქციონერებმაც, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სს “ქ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის პირდაპირი გამოსყიდვის წესით მიყიდვის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ა-ს” შორის 1998წ. 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ხელშეკრულების (12.08.1998წ.) 10.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და ნოტარიულად დამოწმების შემდეგ და მოქმედებს დროის გარკვეულ მანძილზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, რის გამოც სარჩელი არ იყო ხანდაზმული. გარდა ამისა, მოსარჩელისათვის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2004წ. 29 ივლისის წერილით, საიდანაც მას გაშვებული არ ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ა-ის” მიერ 12.08.1998წ. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და სკ-ის 405-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “ქ-მ”, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და გასცდა სარჩელით მოთხოვნის ფარგლებს, რადგან ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სარჩელით ითხოვდა შპს “სამეცნიერო საწარმოო საავიაციო ფირმა “ა-თან” 12.08.1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ხოლო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მითითებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი;
2. სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა სს “ქ-ის” სათანადო მოპასუხეობაზე;
3. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან შპს “ა-ისათვის” არ უცნობებია 2005წ. 23 მარტის სხდომის შესახებ;
4. სასამართლომ არ იმსჯელა 12.08.1998წ. ხელშეკრულების 7.1 და 3.4 მუხლების მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მყიდველი ჯერ უნდა დაჯარიმებულიყო, ხოლო შემდეგ მოშლილიყო ხელშეკრულება;
5. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი პუნქტი და არასწორად ათვალა სასარჩელო ხანაზმულობის ვადა;
6. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტის 2000წ. 2 აგვისტოს დასკვნას, რომლის საფუძველზეც შპს “ა-ს” დაუდასტურდა საკუთრების უფლება აქციათა პაკეტზე;
7. სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ქ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
1. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მსჯელობას სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, რამდენადაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “სამეცნიერო საწარმოო საავიაციო ფირმა “ა-ს” შორის 12.08.1998წ. ხელშეკრულების გაუქმებას (მოშლას) მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მითითებული ხელშეკრულება. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სკ-ის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. სკ-ის მიხედვით ხელშეკრულების (გარიგების) ბათილად ცნობა და ხელშეკრულების გაუქმება სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს იწვევს. ბათილი გარიგება ბათილია დადების მომენტიდან, ხოლო ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, მხარეთა შეთანხმება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. განსახილველი სარჩელით ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 12.08.1998წ. ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოტივი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გასაზიარებელია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 12.08.1998წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) შესახებ;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 85-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არასათანადო მოპასუხის შეცვლას სათანადო მოპასუხით, მოსარჩელის თანხმობით. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოპასუხედ დაასახელა შპს “ა-ი”, ხოლო თანამოპასუხედ _ სს “ქ-ა”. ის გარემოება, რომ შპს “ა-ი” ნამდვილად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს, კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული საპროცესო ნორმა არ დარღვეულა. ის გარემოება, რომ სს “ქ-ა’’ სათანადო მოპასუხესთან ერთად დასახელებული იყო თანამოპასუხედ, არ წარმოადგენს სსკ-ის 85-ე მუხლის დარღვევას, რამდენადაც სარჩელი სათანადო მოპასუხის მიმართაც იყო აღძრული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “ქ-ა” საქმეზე წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, რომელსაც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლება-მოვალეობა ეკისრება. სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ქ-ის” საქმეში მოპასუხედ მონაწილეობა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან საქმეზე მიღებულია არსებითად სწორი გადაწყვეტილება;
3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს “ა-ის” მიმართ სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს 2005წ. 9 მარტის სხდომა გადაიდო 21 მარტისათვის შპს “ა-ის” გამოუცხადებლობის გამო. მომდევნო სხდომის თაობაზე ეცნობა შპს “ა-ს”, თუმცა შპს “ა-ი” 21.03.2005წ. სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულ სხდომაზე სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც გაგრძელდა 23 მარტს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ დარღვეულა საპროცესო ნორმები.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ შპს “ა-ისათვის” მრავალგზის შეტყობინების მიუხედავად, ამ უკანასკნელს მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში და არც წარმომადგენელი დაუნიშნავს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული გარემოებების არსებობისას სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, განეხილა საქმე;
4. საფუძველმოკლებულია კასატორის მოსაზრება 12.08.1998წ. ხელშეკრულების 7.1 მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მყიდველის დაჯარიმებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას 3.4 მუხლით დადგენილ ვადაში. ეს ვადა შეადგენდა 2 წელს, რომელიც გასული იყო სარჩელის აღძვრის დროისათვის;
5. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი პუნქტი და სწორად აითვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ საქმეზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ასათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან აღნიშნული კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც აწესრიგებს საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები;
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტის 2000წ. 2 აგვისტოს დასკვნას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნებოდა შპს “ა-ის” მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, ხოლო თვით სამინისტროს უშუალოდ არ შეუმოწმებია საზოგადოებაში გაწეული ინვესტიციების მოცულობა. ამ დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 10 აგვისტოს ¹1-3/517 ბრძანებით შპს “ა-ს” დაუდასტურდა საკუთრება სს “ქ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტზე (91,44%-ზე). უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მიერ შპს “ა-ისათვის” აქციათა პაკეტზე (91,44%) საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, სამინისტროს აღარ შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების გაუქმება.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “ა-ს” შორის 12.08.1998წ. გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და ნოტარიულად გაფორმების შემდეგ და მოქმედებს დროის გარკვეულ მანძილზე. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 2004წ. 29 ივლისის წერილში ეკონომიკის მინისტრისადმი აღნიშნულია, რომ შპს “ა-ს” არ შეუსრულებია ხელშეკრულების 3.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ქარხანას არ გააჩნია ძრავების სარემონტო წარმოებისა და საფრენი აპარატების სერიული წარმოების სერტიფიკატი, თვითმფრინავებს: “მ-ი _ 001-ს” და “მ-ი-002”-ს არა აქვთ ფრენის ვარგისიანობის სერტიფიკატი. სს “თბ-ის” სპეციალისტების მიერ გაცემული 02.06.2004წ. ¹578/014 დასკვნის თანახმად, სს “ქ-ს” ზემოჩამოთვლილი სერტიფიკატების გარეშე არ შეუძლია ძრავების რემონტისა და საფრენი აპარატების სერიული წარმოების განხორციელება და შესაბამისად, პროფილის შენარჩუნება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში საწარმოს სერტიფიცირების მიზნით მიმდინარეობდა დოკუმენტაციის დამუშავება. 2002წ. 2 აპრილს დაიდო ხელშეკრულება სასერტიფიკაციო სამუშაოების შესრულებაზე საჰაერო ტრანსპორტის ფრენის უსაფრთხოების ცენტრთან, რომლის თანახმად, საზოგადოებას უნდა გადაეხადა 13750 აშშ დოლარი, თუმცა ფაქტობრივად გადახდილმა თანხამ შეადგინა 5000 აშშ დოლარი. 12.08.1998წ. ხელშეკრულების (3.1) თანახმად, სერტიფიცირების ხარჯი უნდა გაეწია შპს “ა-ს”, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადახდილი არ იყო, საჰაერო ტრანსპორტის ფრენის უსაფრთხოების ცენტრს სასერტიფიკაციო სამუშაოები არ ჩაუტარებია და შესაბამისად, სერტიფიკატიც არ გაცემულა. სერტიფიკატის არარსებობის გამო, სს “ქ-ს” 2000წ. შემდეგ არ შეეძლო ეწარმოებინა ძრავების სარემონტო სამუშაოები. შპს “ა-ის” გენერალური დირექტორი ა. ხ-ე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი გაგზავნილ 21.06.2000წ. მიმართვაში აღნიშნავდა, რომ სს “ქ-ის” რეკონსტრუქცია-გადაიარაღებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 750000 აშშ დოლარი. ექსპერტიზის ბიუროს 25.06.2004წ. ¹209 საკონსულტაციო აქტის მიხედვით კი ქარხნის რეკონსტრუქცია-გადაიარაღებაზე გაწეული ხარჯის ოდენობამ 325000 ლარი, ანუ 116063 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება კადრების მომზადებას, 1998 წლიდან 2000 წლამდე საზოგადოების არც ერთი მოსამსახურე არ ყოფილა მივლინებული კვილაფიკაციის ასამაღლებლად და გადასამზადებლად. ასევე დადგენილია, რომ ქარხნის ფინანსურმა დავალიანებამ 2004წ. 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 290000 ლარი. 1998-2000 წლებში მართლაც გაიზარდა სამუშაო ადგილები, მაგრამ 2004 წლიდან ქარხანა მთლიანად გაჩერდა, ხოლო მოსამსახურები იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოზე კასატორს არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო პალატა სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ა-ს” არ შეუსრულებია 12.08.1998წ. ხელშეკრულების 3.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) საფუძველს წარმოადგენს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 06.04.2005წ. ¹14-117-677 წერილით დასტურდება, რომ სს “ქ-ის” ხელმძღვანელი მუშაკების მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა საზოგადოების ქონების გაყიდვის ფაქტზე და მას არანაირი კავშირი არა აქვს სადავოდ ქცეულ ხელშეკრულებასთან. ამასთან საკასაციო პალატა მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება “მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 55.9 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა საზოგადოების ქონების გასხვისების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული წერილი არ ადასტურებს შპს “ა-ის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად, არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტის 2000წ. 2 აგვისტოს დასკვნას, რადგან იგი მხოლოდ შპს “ა-ის” მიერ წარდგენილ ინფორმაციას ეყრდნობოდა;
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც ზემოთ აღინიშნა, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი წარმოადგენს რა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მარეგულირებელ კანონს, აღნიშნულ დავებთან დაკავშირებით სასარჩელო ხანდაზმულობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს დასახელებული კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ აღნიშნული კანონი არ ადგენს, როდიდან უნდა აითვალოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ის შესაბამისი მუხლები, კერძოდ, სკ-ის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შპს “ა-ის” მიერ 12.08.1998წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე შეიტყო საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 29.07.2004წ. ¹5/5009 წერილით. სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წერილის თარიღიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, საიდანაც მოსარჩელეს გაშვებული არა აქვს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების სამწლიანი ვადა, რადგან სარჩელი აღიძრა 2004წ. 9 აგვისტოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მთლიანად დადასტურებულია შპს “ა-ის” მიერ 12.08.1998წ. ხელშეკრულების 3.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც სკ-ის 361-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმების (მოშლის) საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს “ქ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “სამეცნიერო საწარმოო საავიაციო ფირმა “ა-ს” შორის 12.08.1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “სამეცნიერო საწარმოო საავიაციო ფირმა “ა-ს” შორის 12.08.1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სს “ქ-ის აქციათა პაკეტის (550992 აქცია) ნასყიდობის შესახებ;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.