Facebook Twitter
#as-110-389-08

№ა-658-შ-6-2013 8 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის სახელმწიფო კორპორაცია რუსეთის ფედერაციაში“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ე-ი“

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №A40-82612/09-93-667) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ე-ს“ დაეკისრა ვალის გადახდა ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაცია რუსეთის ფედერაციაში“ სასარგებლოდ 403704 რუბლისა და 7 კაპიკის ოდენობით, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის – 9574 რუბლისა და 08 კაპიკის გადახდა.

ფედერალურმა სახელმწიფო უნიტარულმა საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციამ რუსეთის ფედერაციაში“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციას რუსეთის ფედერაციაში“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა: ა. 12111.141 რუბლის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ. დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №A40-82612/09-93-667) აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციას რუსეთის ფედერაციაში“ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა: ა. 12111.141 რუბლის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ბ. დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №A40-82612/09-93-667) აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

საქმის მასალების თანახმად, ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციას რუსეთის ფედერაციაში“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებისა და მისი რუსული თარგმანის ასლები 2013 წლის 28 მარტს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა შუამდგომლობაში დასახელებულ მისამართზე – რუსეთის ფედერაცია, ქ.მოსკოვი, ლ-ის გამზირი 37, კორპუსი 7. განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2013 წლის 20 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 21 მაისს და დასრულდა 2013 წლის 4 ივნისს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.

რამდენადაც ფედერალურ სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციას რუსეთის ფედერაციაში“ უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ მისი შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია სახელმწიფო კორპორაციის რუსეთის ფედერაციაში“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №A40-82612/09-93-667) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე