საქმე №ა-659-შ-7-2013 15 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. გ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვალს განსახილველად გადმოეცა მოსკოვის ოლქის მოჟაისკის სასამართლოს რაიონის N124 სასამართლო უბნის მიერ 2011 წლის 5 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სამოქალაქო საქმეზე, ე. კ. ასული გ-ის სარჩელის გამო, ს. ნ. ძე გ-ის მიმართ, ალიმენტის გადახდის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ე. გ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში შუამდგომლობის მოთხოვნის განსაზღვრა, ხოლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მოითხოვს, სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ ცნობა და ასევე ცნობა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსულენოვანი თარგმანით შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: მოჟაისკის რ.-ნი, სოფ.რ-ი, სახლი 6, ბ.2. სასამართლოში საფოსტო შეტყობინების ბარათი არ დაბრუნებულა, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის პასუხად, საქართველოს ფოსტის მიერ 2013 წლის 11 ივლისს გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ ადრესატმა განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 14 ივნისს. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს უშუალოდ მხარისათვის 2013 წლის 14 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. გ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვალს განსახილველად გადმოეცა მოსკოვის ოლქის მოჟაისკის სასამართლოს რაიონის N124 სასამართლო უბნის მიერ 2011 წლის 5 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სამოქალაქო საქმეზე, ე. კ. ასული გ-ის სარჩელის გამო, ს. ნ. ძე გ-ის მიმართ, ალიმენტის გადახდის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ე. გ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში შუამდგომლობის მოთხოვნის განსაზღვრა, ხოლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მოითხოვს, სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ ცნობა და ასევე ცნობა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსულენოვანი თარგმანით შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: მოჟაისკის რ.-ნი, სოფ.რ-ი, სახლი 6, ბ.2.
საქართველოს ფოსტის მომართვით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ადრესატს 2013 წლის 14 ივნისს ჩაბარდა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 ივნისს და ამოიწურა 24 ივნისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ე. გ-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. გ-ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე