№ას-337-321-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - თ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლისა და 20 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ხ-მა, ჯ. გ-მა და ე. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. კ-ა და რ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, ხ-ის (ამჟამად, პ.ს-ის ქუჩაზე) ქუჩა №45-ში მდებარე უძრავი ქონება ა. კ-ის სახელზე იყო აღრიცხული. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღეს შვილებმა - რ. და ს. კ-მა. ს. კ-ს გარდაცვალების შემდეგ სამი პირველი რიგის მემკვიდრე დარჩა: ა, ა. და ს. კ-ი. რ.კ-ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა: ე, მ., ჯ. და ე. კ-მა. მემკვიდრეები სარგებლობდნენ სამკვიდრო ქონებით, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ სახლის მოვლა-პატრონობაში. მათ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში არ აღურიცხავთ. მოსარჩელეების განმარტებით, სამკვიდრო ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ა.კ-მა დაირეგისტრირა, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე.კ-ის არასრულწლოვან შვილს, რ. კ-ს, გაუფორმა.
მოპასუხეებმა ა. და რ.კ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის, ჯ. გ-სა და ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 მარტს ა. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა თბილისში, პ.ს-ის ქ №45-ში მდებარე სამკვიდრო ქონების (საკადასტრო კოდი ...) 3/4 ნაწილზე. ბათილად იქნა ცნობილი ა. კ-სა და რ. კ-ს შორის 2012 წლის 27 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თბილისში, ხ-ის (ს-ის) ქ №45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ¾ ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ რ. კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ს-ის ქ №45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) 1/4-1/4 ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და რ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2013 წლის 6 თებერვალს მ. ხ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ვინაიდან, არსებობს იმის საშიშროება, რომ რ.კ-მა გაასხვისოს ან სხვაგვარად განკარგოს უძრავი ქონება, რ.კ-ს ქ. თბილისში. პ. ს-ის ქ.№45-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება ან სხვაგვარად განკარგვა უნდა აეკრძალოს.
2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ის წარმომადგენელ დ.გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. კ-ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ. თბილისში, პ. ს-ის (ხ-ის N45, საკადასტრო კოდით N...) №45-ში რეგისტრირებული ქონების 1/4 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N...) რ. კ-ის საკუთრებაა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ქონების ¾ ნაწილზე ა. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ა. კ-სა და რ. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ¾ ნაწილის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ უძრავი ქონების 1/4-1/4 ნაწილებზე მოსარჩელეების მესაკუთრედ ცნობა. პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. სწორედ ამიტომ, მ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით რ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქ. თბილისში, პ. ს-ის (ხ-ის) N45, საკადასტრო კოდით N...რეგისტრირებული ქონების 1/4 ნაწილის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ. ტ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და თ. ტ-ის საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის, ჯ.გ-სა და ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2011 წლის 26 მარტს თბილისში პ.ს-ის ქ #45-ში მდებარე სამკვიდრო ქონების (საკადასტრო კოდი ...) 3/4 ნაწილზე, ა. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი: თბილისში, ხ-ის (ს-ის) ქ # 45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ¾ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ა. კ-სა და რ. კ-ს შორის 2012 წლის 27 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ რ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ს-ის ქ # 45-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) 1/4-1/4 ნაწილის მესაკუთრედ.
მ.ხ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, რ.კ-ს აკრძალვოდა საცხოვრებელი სახლის გასხვისება ან სხვაგვარად დატვირთვა. აღნიშნულ განცხადებაზე დართული საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებით - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ირკვევა, რომ რ.კ-ის საკუთრება დატვირთულია იპოთეკით. იპოთეკარს წარმოადგენს თ. ტ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივლისის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, რ.კ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, პ.ს-ის №45, საკადასტრო კოდი №... რეგისტრირებული ქონების ¼ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ზემოდასახელებულ განჩინებაზე თ.ტ-მა წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოში დავის დაწყებამდე რ.კ-სა და თ.ტ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კი, ხელს შეუშლის აღმასრულებელს სათანადო მოქმედება განახორციელოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 20 მარტის განჩინებით საჩივრის ავტორის არგუმენტი სადავო ქონების იპოთეკასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიების სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადექვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა ყოფილიყო სარჩელის მოცულობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც შედის მოსარჩელეთა სადავო ფართი, დატვირთულია იპოთეკით, არ ქმნის იმ წინაპირობას, რომ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოეყენებინა. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებით ნივთზე არ იცვლება გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება წარმოადგენს სამომავლო გარანტიას, რომ მოცემულ ნივთზე მოპასუხის მიერ შემდგომში არ განხორციელდეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აკრძალული ქმედება. სასამართლოს ვალდებულებაა დაიცვას მხარეთა უფლებები, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს უნდა მოხდეს მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების გზით. სასამართლოს მიერ, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა. ამგვარი დაბალანსება კი, მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოებაა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად და მის ფარგლებში, კერძოდ გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა ვრცელდება არა მთლიან ქონებაზე, არამედ აღნიშნული ქონების სადავო ¼ ნაწილზე.
საკასაციო სასამართლო, აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება პოტენციურად აღსრულებადს ხდის გადაწყვეტილებას და მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განპირობებული დაბრკოლებების თავიდან აცილებას ემსახურება. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე დაცულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან.
სსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესაბამის გარემოებებზე მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების მოსალოდნელი გართულების ან შეუძლებლობის ვარაუდიც კი წარმოადგენს ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს, ხოლო ამ სავარაუდო გარემოებათა შესაძლო შემხებლობა და გავლენის ხარისხი მოსალოდნელი გადაწყვეტილების აღსრულებაზე – მისი დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა, წარდგენილ საჩივარში ვერ მიუთითა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უკანონობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა მ. ხ-ის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლისა და 20 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე