საქმე №ას-499-475-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ნ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ნ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების, სულ – 967997,4 ლარის გადახდის შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები განათების ბოძების ნასყიდობასთან დაკავშირებით. შპს „ნ. ჯ-ამ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი შეასრულა და მოპასუხეს პროდუქცია მიაწოდა, თუმცა ამ უკანასკნელს საქონლის ღირებულება სრულად არ გადაუხდია. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „ნ. ჯ-ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სს „ე-ის“ ქონებას დაედო ყადაღა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამასთან, აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოსალოდნელი ზარალის – 700 000 ლარის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს „ე-ის“ საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სს „ე-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ნ. ჯ-ას“ დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში განეხორციელებინა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 119 234 ლარის განთავსების გზით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განუხორციელებულობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა სს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ნ. ჯ-ამ“. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მხარისათვის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის დაკისრება უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის ვარაუდს, რომ სარჩელი მაღალი ალბათობით არ დაკმაყოფილდება და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უსაფუძვლოდ მიაყენებს ზიანს მოპასუხეს. ორივე პირობა წარმოადგენს კუმულაციურ ერთობლიობას და თუნდაც ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი დასაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „ნ. ჯ-ას“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რეალური გარანტიის შექმნა და, შესაბამისად, აღსრულების შესაძლო დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის პროცესუალური ინსტიტუტის ზემოაღნიშნული ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა არსებობდეს სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი, ამასთან, პალატამ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობის ვარაუდს და არა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს „ე-ის“ საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში არ დააკმაყოფილა, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრებები სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის პროცესუალური ინსტიტუტის მთავარი მიზნის, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიის გაუთვალისწინებლობის თაობაზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორივე მხარის ინტერესები. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის ინტერესების გაუმართლებელი შელახვა. სწორედ, მოდავე მხარეთა თანაბარზომიერი ინტერესების დაცვის მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მაგრამ ამავდროულად, სავარაუდოა ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის ზარალის მიყენების შესაძლებლობა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას პროცესუალური კანონმდებლობა ითვალისწინებს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ალბათობის ვარაუდზეა აგებული.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით პალატამ საჩივარზე დართული მტკიცებულებებით მიიჩნია, რომ სს „ე-ის“ ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების შესყიდვებში მონაწილეობის გზით, საპროექტო-სარემონტო, ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო, საკანალიზაციო და წყალსადენის სარეაბილიტაციო და სხვა საქმიანობის წარმოება. 2002-2012 წლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე, 2011-2012 წლების პერიოდზე, წლიური ბრუნვა განისაზღვრა 7948943 ლარით, რის გამოც, ყადაღის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის ზარალის მიყენების ვარაუდიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოეთხოვა უზრუნველყოფის გარანტიის სახით 2011-2012 წლებში ბრუნვის 1,5%-ის – 119 234 ლარის წარმოდგენა.
პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მითითებები სს „ე-ის“ მიმართ ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ გავლენას ვერ მოახდენს სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სარჩელის უზრუნველყოფის გარანტიის პროცესუალური უფლების რეალიზაციაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „ნ. ჯ-ამ“ ვერ მოახდინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი გახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ. ჯ-ას“ საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „ნ. ჯ-ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა საბანკო ანგარიშებისა, დაედო ყადაღა,
2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება 2012 წლის 22 ნოემბერს საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება ან მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სს „ე-ის“ საჩივარი ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე და განმარტა, რომ საჩივარში ჩამოყალიბებული მოსაზრებები არ იძლევა ვარაუდის საფუძველს სარჩელის უზრუნველყოფის საპასუხო უზრუნველყოფის გამოყენებისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს „ე-ის“ საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე განჩინებით სს „ე-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ნ. ჯ-ას“ დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში განეხორციელებინა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 119 234 ლარის განთავსების გზით. იმ მოტივით, რომ შპს „ნ. ჯ-ას“ მიერ ვერ იქნა შესრულებული მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საპასუხო უზრუნველყოფა, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც გადასვლას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღბას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლო რაიმე ფორმით შევიდეს უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში.
სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე, რომელიც მოპასუხეს მინიჭებული აქვს მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის საფუძველზე, ასევე იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინება საპასუხო უზრუნველყოფის განუხორციელებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, უშუალო კავშირშია ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებასთან, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაა და რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პირობა იმ შემთხვევისათვის, თუკი შპს „ნ. ჯ-ა“ 7 დღის ვადაში არ მოახდენდა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. ამდენად საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების კანონიერება, რაც აღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ. ჯ-ას“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე