საქმე №ას-610-581-2013 23 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ს. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განჩინება
მოპასუხე - ა. გ-ი
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ა. გ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის შპს „კ-ან“ შეთანხმებით აღებული 6700 ევროს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის სახლის რეალიზაციით გამოწვეული ზიანის - 65000 ლარისა და ა. გ-ის სესხად გაცემული 3000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ. გ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, გ-ის გამზირის N78-ში მდებარე მშენებარე სახლის მე-12 სართულზე, ბლოკ „E-ში“ მდებარე 58,80 კვ.მ N66ა ბინის გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სასარგებლოდ. ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ა-ის სარჩელი ა. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, ა. გ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 648,3 ევროსა და 65 000 ლარის გადახდა ს. ა-ის სასარგებლოდ, ხოლო 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ს.ა-ის სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც.
ს. ა-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მის სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება ითხოვა, კერძოდ, მოითხოვა ცაგერის რაიონში, სოფელი ქვ. ო-ი მდებარე ნ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
განმცხადებლის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის თაობაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, დაშვებული უსწორობის გასწორება ვერ მოხერხდა, რის გამოც არაა გამორიცხული, მოპასუხემ მოახერხოს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის სხვა პირზე გადაფორმება, რითაც ხელი შეეშლება გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით ს. ა-ის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა. სასამართლოს შეფასებით, სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვას. აღნიშნული ჩარევა (შეზღუდვა) გამართლებული იქნება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის ინტერესებს ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად, იქნას თუ არა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ ივარაუდა, რომ ნ. გ-ის მიმართ არ დასტურდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები რაც გაუმართლებელს ხდიდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ს. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ს.ა-ემ, რომლითაც მოითხოვა 2013 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ქ.ქუთაისში დ. და კ. ქN13-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა ა. გ-ს, მასვე ეკუთვნოდა ცაგერის რაიონის სოფელ ქვ.ო-ი მდებარე უძრავი ნივთი. ს.ა-ის ვალის არსებობის გათვალისწინებით, ა.გ-მა ქ.ქუთაისში მდებარე უძრავი ქონება 2011 წლის 22 ივნისს გადააფორმა ნ.გ-ის სახელზე, მის სახელზევე გადააფორმა ცაგერის რაიონში მდებარე ქონებაც 2012 წლის 19 მარტს. 2013 წლის 7 ივნისს კი, უძრავი ქონება ნ.გ-მა დედის სახელზე გადააფორმა. საჩივრის ავტორის განმარტებით, გარიგებები, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა ქონების გაფორმება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია და მიზნად ისახავს წინამდებარე დავიდან გამომდინარე თანხის გადახდას, ს.ა-ემ ასევე მიუთითა საქმის დაჩქარებული წესით განხილვის, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობასა და საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაგზავნაზე და მოითხოვა მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, ს. ა-ის საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას..
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27თებერვლის განჩინებით, ს. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების გზით მოპასუხე ნ. გ-ის აეკრძალა ქ.თბილისში, გ-ის გამზირზე მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელზე ნ. გ-ი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ნ. გ-ის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ხოლო ა. გ-ის მიმართ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მიუხედავად ნ.გ-ის, როგორც მხარის არასათანადოობის დადგენისა, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზეც და იგი ძალაში იქნა დატოვებული, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - გასხვისების აკრძალვის ნაცვლად მითითებულია ქონებაზე ყადაღის დადების ძალაში დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით ს. ა-ე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ცაგერის რაიონის სოფელ ქვ.ო-ი მდებარე ნ. გ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების რეალურად აღსრულება, სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობის გამო გახდა შეუძლებელი, რაც ასევე დადასტურებულია ადმინისტრაციული წარმოებით მასალებით (უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მითითებულია სამშენებლო კომპანია და არა ნ. გ-ი).
მართალია, სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობას საფუძვლად ის გარემოება დაუდო, რომ მას არ შეექმნა ვარაუდი ნ.გ-ის მიმართ ს.ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, რაც კანონისმიერი საფუძველია, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ს. ა-ის საჩივარზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თავადვე განმარტავს, რომ ქონება, რომელზეც ის ყადაღის დადებას ითხოვს, გასხვისებულია ნ.გ-ის დედის სახელზე. ეს გარემოება დადასტურებულია ასევე საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი 2013 წლის 7 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის თანახმადაც ცაგერის რაიონში, სოფელ ო-ი მდებარე ქონების მესაკუთრე ელისო ხვადაგიანია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რა, რომ საჩივრის განხილვის დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს არა წინამდებარე დავის რომელიმე სუბიექტი, არამედ სხვა პირი, ამასთან, მოცემული დავის საგანი უშუალოდ ცაგერის რაიონში მდებარე ქონება არ არის, ხოლო ამ ქონების ე. ხ-ის სახელზე აღრიცხვის არამართლზომიერების თაობაზე არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
კანონის აღნიშნული დანაწესით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ რა შეიძლება იყოს უზრუნველყოფის ობიექტი და ყადაღის გამოყენების მიმართ დადგენილია ყადაღის საგანზე მოპასუხის საკუთრების არსებობის სავალდებულობა, რა პირობაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შემადგენლობის არსებობის პირობებშიც კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ს. ა-ის განცხადება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ს.ა-ის განცხადებებს, რომლითაც მხარე მოითხოვს საქმის დაჩქარებული წესით განხილვას, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საკასაციო პალატის მოსამართლე ბ.ა-ის მიერ საქმის განხილვის აცილება განპირობებული იყო აცილების შესახებ განჩინებაში მითითებული მიზეზითა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპით, ამასთან, ამ გარემოებას საქმის განხილვის გაჭიანურება არ გამოუწვევია, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილითა და 419-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია რა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვის ვადა, ამ ვადის დარღვევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც ს.ა-ის განცხადების უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე