ბს-612-198(კ-05) 23 მარტი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე,
სხდომის მდივანი - გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) - დ. ჯ.-ი, წარმომადგენელი ე. ს.-ე (რწმუნებულება ¹..., 06.06.03წ.), ა. ჩ.-ა (ორდერი ¹..., 29.11.05წ.)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის რაიონის გამგეობის არქიტექტურის სამსახური - წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი დ. ო.-ლი (რწმუნებულება ¹1/10-2294, 13.07.05წ.)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საქმეთა პალატის 25.03.05წ. განჩინება.
დავის საგანი - შენობის გეგმის კორექტირება, მრავალბინიანი სახლის ღიობში კარების ჩასმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გორის რაიონის მთ. არქიტექტორის გ. ს.-ის 08.04.04წ, ¹24 წერილის, ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსის მ. კ.-ის 07.04.04წ. ¹499 წერილის გაუქმება, ღიობში რკინის კარების ჩაყენების თაობაზე 07.10.02წ. ადმინისტრაციული აქტის კანონიერების აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცხოვრობს ქ. გორში, ...-ის ქ. ¹6/16-ში, საცხოვრებელი კორპუსი შედგება რვა ბლოკისაგან. მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს მეორე ბლოკის მესამე სართულზე. მრავალბინიან სახლში არსებობდა პროექტით გათვალისწინებული, ბლოკიდან ბლოკში გადასასვლელი ღიობები. ორპირი ქარის გამო, თანამობინადრეთა თანხმობის საფუძველზე, მოსარჩელემ 1991 წელს, სხვა მეზობლების მსგავსად, ამოაშენა კედელი. ვინაიდან ეზოში გასასვლელი კარი აღარ არსებობდა, მოსარჩელემ გადაწყვიტა ღიობის ნაწილში კარების ჩასმა. ამჟამად არ გააჩნია საერთო კიბიდან ეზოში გასასვლელი გზა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას თვითნებურად არ უმოქმედია, მან მიმართა ქ. გორის არქიტექტურის და არქმშენინსპექციას, რომელმაც შეისწავლა ფაქტობრივი მდგომარეობა, რის შედეგადაც მისცეს თანხმობა, რომელიც 07.10.02წ. დადასტურდა ტექპასპორტიც. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მეზობლებმა ჩასმული კარების წინ ამოუშენეს კედელი, რის გამო მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა, კედლის მოშლა, საერთო საკუთრებაში მყოფი კიბით სარგებლობა. გორის რაიონული სასამართლოს 04.12.03წ. გადაწყვეტილება გაუქმდა სააპელაციო პალატის 30.03.04წ. განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს. სასამართლო დავის პერიოდში მთ. არქიტექტორს და ტექაღრიცხვის ბიუროს უფროსს გაუუქმებიათ 07.10.02წ. თანხმობა ღიობში კარების ჩაყენების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 07.10.02წ. აქტის გაუქმებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ ინტერესებს. ამ აქტის გაუქმება სასამართლო დავის პერიოდში სზაკ-ის 182-ე მუხლის მიხედვით აკრძალული იყო. პირველი ბლოკის მაცხოვრებლებმა გააცდინეს საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გორის რაიონული სასამართლოს 27.10.04წ. გადაწყვეტილებით დ. ჯ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.03.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გორის რაიონის გამგეობის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 08.04.04წ. ¹24 და ტექაღრიცხვის სამსახურის 07.04.04წ. წერილების შინაარსიდან გამომდინარე წერილები არ წარმოადგენენ დოკუმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ სამართლებრივი შედეგის გამოწვევა და სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით ვერ იქნებიან მიჩნეულნი ადმინიტსრაციულ აქტებად, შესაბამისად უსაფუძვლოა მათი ბათილად ცნობის მოთხოვნა. არ უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა მთ. არქიტექტორის 07.10.02წ. ადმინისტრაციული აქტის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან სასკ-ის მიხედვით ამგვარ მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოება გათვალისწინებული არ არის.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ჯ.-ის წარმომადგენლის მიერ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტი, რადგანაც მაქსიმალურად ეცადა სადავო აქტის მიღებას ადმინისტრაციული ორგანოსაგან, მაგრამ ვერ მოახერხა ორგანოს მიზეზით. სააპელაციო პალატამ არ გამოიჩინა ინიციატივა და დამოუკიდებლად არ გამოითხოვა აქტი, რითაც დაარღვია სასკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნა. სსკ-ის 394-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის დარღვევით სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა. კასატორი თვლის, რომ სზაკ-ის 182-ე მუხლის დარღვევით აქტი გამოცემულია საჩივრის საფუძველზე, იმ დროს, როდესაც გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 41-43-ე მუხლების დარღვევით გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულია საქმის გარემოებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი, სააპელაციო პალატის დასკვნა არ გამომდინარეობს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი არგუმენტებისაგან. სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსამსახურის 07.04.04წ. და გორის მთავარი არქიტექტორის 08.04.04წ. ¹24 წერილები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს ქმნიდა დავის საგნის არ არსებობის გამო სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის და არა არსებითად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, სსკ-ის 394-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გამოტანა საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული წერილები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს არ ადასტურებს დავის საგნის არარსებობას, ვინაიდან სასამართლოში დავის საგანი სასკ-ის მე-2 მუხლის თანახმად შეიძლება იყოს არა მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციული ქმედების განხორციელება.
დ. ჯ.-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს გორის ტექსამსახურის 07.04.04წ. ¹499 წერილის, გორის რაიონის მთავარი არქიტექტორის 08.04.04წ. ¹24 წერილის ბათილობას, გორის არქმშენინსპექციასთან და არქიტექტორთან შეთანხმებულ 07.10.02წ. ადმინისტრაციული აქტის კანონიერების აღდგენას. 07.04.04წ. წერილით კოლექტიური განცხადების ავტორებს ეცნობათ ბიუროს ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გორის რაიონის გამგეობის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 08.04.04წ. ¹24 წერილით ქ. გორში, ...-ის ქ. ¹6-1 ბლოკში მცხოვრებ მოქალაქეებს ეცნობათ, რომ დ. ჯ.-ის სახელზე 07.10.02წ. გაცემული ბინის ტექნიკურ პასპორტში ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერი კარების აღდგენის შეთანხმების თაობაზე ითვლება გაუქმებულად. გაუქმების საფუძველია გორის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ 07.04.04წ. ხელმეორედ გადამოწმებული მასალები და ბინის ტექპასპორტში ეტანილი ცვლიბები, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე. უკეთუ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელისათვის იწვევს არა ხსენებული წერილები, არამედ ბიუროს ჩანაწერებში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შესახებ ეცნობათ წერილების ადრესატებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სახეობა, სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს - ტექაღრიცხვის ბიუროს (ამჟამად საჯარო რეესტრის) მიმართ, რათა მან განახორციელოს მოქმედება (რეალიქტი), რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, კერძოდ გააუქმოს ჩანაწერი (ს.ფ.62) იმის შესახებ, რომ შესასვლელი ამოშენებულია და დერეფანი დაკავებულია უნებართვოდ.
04.10.02წ. შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექპასპორტის თანახმად შენობის მე-3 სართულის გეგმაში დაფიქსირებულია მეზობელ ბლოკში გასასვლელი კარები, გეგმაზე არსებობს მინაწერი იმის შესახებ, რომ კარების აღდგენა შეთანხმეულია მთავარ არქიტექტორთან და არქმშენისპექციასთან. გეგმაში 07.10.02წ. შეტანილი ცვლილება დადასტურებულია მთ. არქიტექტორის ხელმოწერით და ბეჭდით, აგრეთვე არქმშენინსპექციის ბეჭდით. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 07.10.02წ. შეთანხმება, რომლითაც გეგმაში შეტანილ იქნა ცვლილება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გაუქმებით მას უშუალო ზიანი მიადგა. სასამართლოს არ უმსჯელია შენობის გეგმის, მასში შეტანილი ცვლილების იურიდიულ ბუნებაზე. სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კორპუსის მაცხოვრებელთა ერთობლივ განცხადებებზე გაცემული პასუხები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართოლებრივ აქტებად, ამასთანავე სასამართლოს არ გაურკვევია თუ რით არის გაუქმებული მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული ცვლილება და რა უნდა გაესაჩივრებინა მოსარჩელეს. საქმეში დაცულია (ს.ფ. 60) მთავარი არქიტექტორის 08.04.04წ. ჩანაწერი შენობის გეგმაში შეტანილი ცვლილების 07.10.02წ. შეთანხმების გაუქმების თაობაზე. მთავარი არქიტქეტორის 08.04.04წ. ჩანაწერი დადასტურებულია გორის რაიონის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, მშენებლობის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურის ბეჭდით. ვინაიდან 07.10.02წ. შეთანხმება უშუალოდ ეხება დ. ჯ.-ის ინტერესებს, სასამართლოს უნდა გაერკვია შეადგენდა თუ არა შენობის გეგმაში მთავარი არქიტექტორის მიერ 08.04.04წ. შეტანილი კორექტივი დავის საგანს და ემსჯელა მის მართლზომიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, საქმეზე არ არის დაზუსტებული დავის საგანი, არ არის დადგენილი საქმის გარემოებები, რაც არ იძლევა სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება. რომ დავას საფუძვლად დაედო კორპუსის მაცხოვრებლებთან არსებული კონფლიქტი, ამასთანავე ღიობი, რომელშიც ჩაიდგა კარები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა საერთო საკუთრებას შეადგენს, შესაბამისად დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს კორპუსის მაცხოვრებლების ინტერესებს, რის გამო სასკ-ის მე-16 მულის საფუძველზე სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მათი მესამე პირად საქმეში ჩაბმის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ჯ.-ის წარმომადგენლის ე. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.03.05წ. განჩინება. საქმე განხილვისათვის განსჯადობით გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.