Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-740-702-2013 1 აგვისტო, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი, ჯ. ქ-ი, ე. ც-ი, ს. მ-ი, ე. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-მა, ჯ. ქ-მა, ე. ც-მა, ს. მ-მა და ე. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 17 სექტემბრის №გ-514 ბრძანების ბათილად ცნობა, ე. ც-ის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ე. მ-ის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ს. მ-ის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გორის სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ი. ბ-ის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ქუთაისის სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, ჯ. ქ-ის სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ფოთის სერვის-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისათვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თითოეულისათვის ყოველთვიური ხელფასის – 1500 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეები მუშაობდნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სხვადასხვა სერვის-ცენტრის უფროსებად და წარმატებით ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს გამოცემული ბრძანებით, მოულოდნელად და რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

სადავო ბრძანებაში მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მოპასუხის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ი. დ-ის 2012 წლის 17 სექტემბრის წერილი. მოხსენებით ბარათში ი. დ-ე მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, თუმცა არ უთითებს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა ვერ გამოავლინეს მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და საქმის სპეციფიკისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებდნენ დამსაქმებლის მოთხოვნებს და მათი გათავისუფლება დისკრიმინაციული ნიშნით არ მომხდარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 17 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის – 1500 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 17 სექტემბრის №გ-514 ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მომსახურების დეპარტამენტის შემდეგი თანამშრომლები (მოსარჩელეები): ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის უფროსი ე. ც-ი, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვის-ცენტრის უფროსი ე. მ-ი, გორის სერვის-ცენტრის უფროსი ს. მ-ი, ქუთაისის სერვის-ცენტრის უფროსი ი. ბ-ი, ფოთის სერვის-ცენტრის უფროსი - ჯ. ქ-ი.

ბრძანებაში მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“’ და „კ“’ ქვეპუნქტები, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მოსარჩელეებისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, სსიპ „შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლიც ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

პალატამ განმარტა, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძველს არ შეიცავს, ხოლო, რაც შეეხება ბრძანებაში მითითებულ სამართლებრივ ნორმებს, აღნიშნული შეეხება არა გათავისუფლების საფუძვლებს, არამედ მხოლოდ დამსაქმებლის უფლებამოსილების ფარგლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობიდან გაათავისუფლოს სამსახურის თანამშრომელი და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.

რაც შეეხება მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძველს, აპელანტი, როგორც სარჩელში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძვლად უთითებდა შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 38.1. მუხლზე და დამატებით შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 8 ნოემბრის №106443-21-11 სამსახურებრივ ბარათზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლით, კანონის სრული დაცვით შეწყვიტა მათთან შრომითი ურთიერთობა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომლითაც აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლების სახით და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო ორგანული კანონით - შრომის კოდექსით.

შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.

ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავენ დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876–რს დადგენილებით), შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი, ამ პაქტით მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი, ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით, შეიცავენ პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებსა და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს.

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.

ამდენად, სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.

სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტის მსჯელობა, რომ შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი არ საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაბუთებას წინააღმდეგობაშია შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეების სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ანუ შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოხდა დამსაქმებლის ინიციატივით, დამსაქმებლის ცალმხრივი ნების საფუძველზე ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის მითითების გარეშე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძვლად ასევე უთითებდა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 17 სექტემბრის №92670-21-11 მოხსენებით ბარათზე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 8 ნოემბრის N106443-21-11 სამსახურებრივ ბარათზე.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 17 სექტემბრის №92670-21-11 მოხსენებით ბარათში, რომელიც შედგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის – ჯ. ე-ის სახელზე, ნათქვამია შემდეგი: „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ: 1. მომსახურების დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის უფროსი – ე. ც-ი; 2. მომსახურების დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვის-ცენტრის უფროსი – ე. მ-ი; 3. მომსახურების დეპარტამენტის გორის სერვის-ცენტრის უფროსი – ს. (ს.) მ-ი; 4. მომსახურების დეპარტამენტის ქუთაისის სერვის-ცენტრის უფროსი – ი. ბ-ი; 5. მომსახურების დეპარტამენტის ფოთის სერვის-ცენტრის უფროსი – ჯ. ქ-ი. გთხოვთ, თქვენს შემდგომ გადაწყვეტილებას”.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოხმობილ მოხსენებით ბარათში, რომელიც საფუძვლად დაედო მოპასუხის სადავო ბრძანების გამოცემას, არაფერია ნათქვამი, რამ განაპირობა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა დგებუაძის მიერ, დაკავებული თანამდებობებიდან მოსარჩელეების გათავისუფლების მიზანშეწონილად მიჩნევა.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მ. მ-ის სამსახურებრივ ბარათში (№106443-21-11, დათარიღებული 2012 წლის 8 ნოემბრით) აღნიშნულია შემდეგი: „თქვენს ... სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ი. ბ-ის, ჯ. ქ-ის, ე. ც-ის, ს. მ-ის და ე. მ-ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება განხორციელდა მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ი. დ-ის ... სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე. თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათ ვერ გამოავლინეს მათთვის დაკისრებული მოვალეობების და საქმის სპეციფიკისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება. ი. ბ-ის, ჯ. ქ-ის, ე. ც-ის, ს. მ-ის და ე. მ-ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით”.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათში არ არის აღნიშნული რომელიმე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება (ფაქტი), რომელშიც შეიძლება გამოხატულიყო თითოეული მოსარჩელის მიერ მათზე „დაკისრებული მოვალეობების და საქმის სპეციფიკისათვის საჭირო” ცოდნის და გამოცდილების ვერ გამოვლენა. ასევე, არ არის მითითებული, რომელიმე ასეთი ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

ამდენად, სააპელაციო პალატამ უდავოდ ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეებთან კანონის დარღვევით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების სამსახურში აღდგენის კანონიერი საფუძველი.

შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნია, რომ, ვინაიდან ბრძანება განთავისუფლების შესახებ კანონის დარღვევითაა გამოცემული და ბათილია, ამიტომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების ყოველთვიური ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა 1500 ლარს. ასევე მოსარჩელეებს მიღებული აქვთ ერთი თვის კომპენსაცია 1500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება, არა 2012 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, არამედ, 2012 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს უკვე მიღებული აქვთ 1 თვის (2012 წლის სექტემბრის) სარგო 1500 ლარის ოდენობით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორედ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ ყოველგვარი დასაბუთებისა და დამატებითი არგუმენტაციის გარეშე სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 იანვრის №213 ბრძანების მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი ვალდებული არ არის, მიუთითოს მოშლის საფუძვლად შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებანი, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორის ნება თავისუფალია კანონით წინასწარ რეგლამენტირებული შეზღუდვებისაგან.

კასატორმა წარუდგინა სასამართლოს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 8 ნოემბრის №106443-21-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეებმა ვერ გამოავლინეს მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და საქმის სპეციფიკისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, ისინი დამსაქმებლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

სასამართლომ უგულებელყო შრომის კოდექსის 32-ე მუხლის დანაწესი, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე