Facebook Twitter

№ას-626-595-2013 1 აგვისტო, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს სადაზღვევო კომპანია „ა.ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ს. ე. კ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ს. ე. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-ის“ მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და თანხის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს. ს. ე. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ სასარგებლოდ 240 370 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-იმ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი ნ. ქ-ა. ასევე დადგენილია. რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს მ. ე-ს გადაეცა ხელზე 2013 წლის 26 აპრილს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული განცხადება-ხელწერილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2013 წლის 27 აპრილიდან (გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის ხელზე გადაცემიდან მეორე დღეს) და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 10 მაისს. დადგენილია, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს ჩაბარდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის 13 მაისს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-ის“ წარმომადგენელმა მ. ე-მა და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო ბარათი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას წარუდგინა კანონით დადგენილ ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ქვითარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად მიიჩნევა, თუ მხარე აღნიშნულს წარადგენს სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გააგზავნის ფოსტის მეშვეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება მხარემ კანონით დადგენილ ვადაში 2013 წლის 26 აპრილს ჩაიბარა. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა ამავე წლის 27 აპრილს დაიწყო და 2013 წლის 10 მაისს ამოიწურა. კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრით დგინდება, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-იმ“ 2013 წლის 10 მაისსს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გზავნილი გააგზავნა. აღნიშნული საფოსტო გზავნილის ქვითრის შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს სადაზღვევო კომპანია „ა. ბ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე