საქმე №ა-1864-შ-43-2013 2 აგვისტო, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით საქმის წარმოების გასაჩივრების შესახებ გაზიოსმანფაშას N1 სააღსრულებო დირექტორატის 2009/12917 წინააღმდეგობა მოიხსნა მოპასუხე მოვალის - ი. ა-ოს მიმართ, ამავე გადაწყვეტილებით 126420 თურქული ლირის დავალიანებიდან ი. ა-ოს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ანაზღაურება მოვალის პროტესტის საფუძველზე გაუქმებული არაკომპენსირებული თანხის - 126420 თურქული ლირას 40%-ის - 50568 ლირას გათვალისწინებით, ასევე განისაზღვრა შუალედური გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მურათ ილდირიმის წარმომადგენელმა ხათუნა გრიგალაშვილმა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა 10 დღის ვადაში და კანონიერ ძალაშია შესული, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება სწორედ 10 დღის შემდეგაა გაცემული (რეგისტრაციის თარიღი 2013 წლის 25 აპრილი), გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ერთვის შუამდგომლობას. თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა იმ მიზეზით, რომ მოპასუხეს თურქეთის ტერიტორიაზე ქონება არ გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით, მ. ი-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა: საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია, დაევალა წარმოედგინა თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე მისი აღუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე დაევალა ნათლად განესაზღვრა მოთხოვნა - მოითხოვს მთლიანად გადაწყვეტილების თუ მისი რომელიმე ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას და ხ. გ-ის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. ი-ის წარმომადგენელ ხ. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძლების შესახებ დაკმაყოფილდა, მ. ი-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 14 დღით და დაევალა სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა: საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია, დაევალა წარმოედგინა თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე მისი აღუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე დაევალა ნათლად განესაზღვრა მოთხოვნა - მოითხოვს მთლიანად გადაწყვეტილების თუ მისი რომელიმე ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.
საპროცესო ვადის გაგრძლების შესახებ განჩინება მ.ი-ის წარმომადგენელ ხ. გ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად და პირადად ჩაბარდა 2013 წლის 15 ივლისს (ს.ფ.36).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 16 ივლისს და ამოიწურა 29 ივლისს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ მ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის გაზიოსმანფაშას სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე