Facebook Twitter

№ ას-148-141-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. ლ. ხ-ა (მოსარჩელე)

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირები – ი. და რ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 56175 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს 1939 წლის 4 სექტემბრის №6/309 გადაწყვეტილებით მოსარჩელის დედას – ო. გ-ეს უფლება მიეცა, მუდმივად ეცხოვრა კ-ის (შემდეგში შ-ის) ქ. №17-ში მდებარე 18 კვ.მ ერთ ოთახში, ხოლო 1942 წლის 5 დეკემბერს მოსარჩელის მამა პ. ხ-ას – იმავე სახლში მდებარე 16 კვ.მ. ერთ ოთახში. მამა გარდაიცვალა 1991 წელს, ხოლო დედა – 1998 წელს. მოსარჩელე დღემდე აგრძელებს ამ ბინაში ცხოვრებას, იხდის კომუნალურ გადასახადებს. მოსარჩელეს, როგორც მოსარგებლეების უფლებამონაცვლეს, უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება.

მოპასუხე სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია, რომელმა სახელმწიფო ორგანომ უნდა აუნაზღაუროს სადავო თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირებად ჩაებნენ ი. და რ. გ-ი, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, ლ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს ლ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 29 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ადდგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში (ყოფილი კ-ის) მდებარე უძრავი ნივთის - საცხოვრებელი სახლი ლიტ „ა“-ს II სართულზე მდებარე ოთახები №11 და №12, ამ ოთახების წინ მდებარე სათავსოები – შუშაბანდი, სამზარეულო, სან.კვანძი და კიბის ქვეშ არსებული დამხმარე სათავსო იმყოფება ლ. ხ-ას მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, ლ. ხ-ა წარმოადგენს `საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს.

თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში (ყოფილი კ-ის) მდებარე უძრავი ნივთი რ. და ი. გ--ის თანასაკუთრებაშია, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით (ტომი I, ს.ფ. 27).

ლ. ხ-ას მშობლები ზემოაღნიშნულ ბინას ფლობდნენ მართლზომიერად, კერძოდ, №11 ოთახი, ფართობით 16 კვ.მ, მოსარჩელის მამას - პ. ხ-ას გადაეცა 1942 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო სამმართველოს მიერ ამავე წლის 5 დეკემბერს გაცემული №524 ორდერით. დასახელებული ორდერით, პ. ა. ძე ხ-ას, მცხოვრებს ა-ის ქუჩა №3-ში, მიეცა შესახლების უფლება ოჯახის 2 წევრთან ერთად კ-ის ქუჩა №11-ში მდებარე ერთ ოთახში, ფართობით, 16 კვ.მ, ბუკიას ყოფილ ბინაში (ტომი I, ს.ფ. 239), ხოლო ლ. ხ-ას დედას – ო. (ო.) გ-ეს 1939 წელს სადირექტივო ორგანოების №ა-041 განკარგულების თანახმად, უფლება მიეცა, მუდმივად ეცხოვრა კ-ის №11-ში მდებარე, ბ-ის ყოფილ ერთ ოთახში, ზომით, 18 კვ.მ (ტომი I, ს.ფ. 240).

თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 29 იანვრის №162-გ განკარგულებით საცხოვრებელი ფონდების გამანაწილებელი საქალაქო კომისიის 1965 წლის 8-9-13-23 იანვრის დადგენილების შესაბამისად, ორდერი ვ. ფ-ას პროსპექტზე, მე-6 კვარტ. №1ბ კორპუსში მდებარე ორ ოთახიანი ბინაზე გადაეცა ორჯონიკიძის რაიონის სახ. რაისაბჭოს აღმასკომს მათთან აღრიცხვაზე მყოფი მოქ. პ.ა. ხ-ას დასაკმაყოფილებლად. განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ბინაზე ორდერი გაუფორმდა პ. ხ-ას ვაჟს - მ.პ. ხ-ას ოჯახის გაყოფის მიზნით (ტომი I, ს.ფ. 207). 1965 წლის 2 თებერვალს მ. პ. ძე ხ-ე გაიცა ორდერი ვ. ფ-ას პროსპექტზე მე-6 კვარტ. №1ბ კორპუსში მდებარე ოროთახიან ბინაში მ. ხ-ას, მისი დედის – ო.ვ. გ-სა და დის ლ.პ. ხ-ას შესახლების უფლებით (ტომი I, ს.ფ. 208 ).

თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 29 იანვრის №162-გ განკარგულებით მ. ხ-ის ოჯახის გაყოფის მიზნით, ბინის გამოყოფის შემდგომ ვ. ფ-ას პროსპექტზე, მე-6 კვარტ.№1ბ კორპუსში შესახლების უფლება მიეცა მ. ხ-ას, ო.გ-ეს და მოსარჩელის დას - ლ. ხ-ას, ხოლო პ. ხ-ამ სადავო ქონების ფლობა გააგრძელა ორდერის გაცემის შემდეგ - პ. ხ-ას და ლ. ხ-ას სახელზე ორდერი შესახლების უფლებით არ გაცემულა და ისინი დარჩნენ თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში მათთვის გამოყოფილ ბინაში. ზემოაღნიშნული გარემოება, დასტურდება თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1981 წლის 15 ივლისის №13/55-1130 გადაწყვეტილებით, რომლითაც ლ. ხ-სა და თ. გ-ეს მიეცათ ერთოთახიანი ბინა, ფართობით 15 კვ.მ. დ/მასივში, მე-4 კვ. №8 კორპუსში. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ლ. ხ-ა ცხოვრობდა ჯ. გ-ას სახელზე რიცხულ კერძო მფლობელობის ბინაში მდგმურის უფლებით, სადაც ორ წევრს (თვითონ, მამა) ეკავა 32 კვ.მ. ფართის 2 ოთახი; გადაწყვეტილებით ახალდაქორწინებულ ცოლ ქმარს - ლ. ხ-ას და მის მეუღლეს - თ. გ-ს დაუმტკიცდათ გამოყოფილი ბინა (ტომი I, ს.ფ. 221).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ ო. გ-ეს 1965 წლის 2 თებერვალს მ. ხ-ე ორდერის გაცემის შემდეგ არ შეუწყვეტია სადავო ბინის ფლობა და გარდაცვალებამდე აგრძელებდა ცხოვრებას საცხოვრებელ სახლში. სადავო ბინის ფლობა გააგრძელა ასევე ლ. ხ-აც, რომელიც დღემდე ცხოვრობს თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში (ყოფილი კ-ის) მდებარე საცხოვრებელ სახლში.

ის ფაქტი, რომ ო. (ო.) გ-ე და ლ. ხ-ა 1995 წლის მდგომარეობით ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, დასტურდება თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. და ჯ. გ-ის სარჩელი და ს. ჯ-ა, კ. კ-ა-ჯ-ა, მ. ჯ-ა, გ. მ-ე, ო. გ-ე, ლ. ხ-ა და თ. გ-ი გამოსახლებულ იქნენ თბილისში, შ-ის (ყოფილი კ-ის) ქ. №17-ში მდებარე სახლიდან (ტომი I, ს.ფ. 186-191). თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 1998 წლის 22 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი 2/42, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდება, გადაწყვეტილება დღემდე აღსრულებული არ არის - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.05.2009წ. მიმართვით, ლ. ხ-ას წინადადება მიეცა გაფრთხილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ნებაყოფლობით დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა (ტომი I, ს.ფ. 3,4), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით ლ. ხ-ას განცხადება წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2/42 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ლ. ხ-ას გამოსახლების ნაწილში შეჩერდა (ტომი I, ს.ფ. 28-30).

ლ. ხ-ას მიერ სადავო ფართის ფაქტობრივად ფლობის დადასტურების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტის მხედველობაში მიღება (ტ 1, ს.ფ. 61-67).

საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1940, 1966 და 1984 წლების საინვენტარიზაციო ჩანაწერების მონაცემები. საინვენტარიზაციო ჩანაწერების შესაბამისად, გ-ე-ხ-ას მფლობელობაში 1940, 1966 და 1984 წლებში კანონიერად იმყოფებოდა 5.94 კვ.მ შემინული აივანი (მიშენდა 63-64 წლებში), 14.75 კვ.მ ფართის N11 ოთახი, რომლის წინ აივანზე გაკეთდა აბაზანა, ტუალეტი და სველი წერტილი, „მოიკა“, N12 16.60 კვ.მ ფართის ოთახი და ასევე სარდაფი (ტომი I, ს.ფ.244-246).

საქმის მასალებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პ. ხ-ა თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში (ყოფილი კ-ის) რეგისტრირებულია 1943 წლის 4 თებერვლიდან (იხ.: საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათი, ტომი I, ს.ფ. 13), ხოლო ო. (ო.) გ-ე 1982 წლის 30 იანვრიდან (იხ.: ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ტომი I, ს.ფ. 75, საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათი ტომი I, ს.ფ. 12).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ხ-ა და ო. (ო.) გ-ე წარმოადგენდნენ სადავო საცხოვრებელი სადგომის მართლზომიერ მფლობელებს, რომელთაც მფლობელობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ ადმინისტრაციული აქტით.

პ. ხ-ა გარდაიცვალა 1991 წლის 10 აპრილს, ხოლო ო. (ო.) გ-ე 1998 წლის 28 დეკემბერს (ტომი I, ს.ფ. 11, 21). 2012 წლის 21 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობებით (N120154947 და N 1201544871) დგინდება, რომ ლ. ხ-ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო მშობლების სამკვიდრო ქონება (ტომი 2, ს.ფ. 230-241).

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 157-ე, 1328-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ-ა წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომელსაც, როგორც მშობლების უფლებამონაცვლეს, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტით.

საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იურისტთა და ფინანსისტთა ექსპერტთა ჯგუფის 2009 წლის 29 ივნისის დასკვნის თანახმად, თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში მდებარე სახლში მოსარჩელე ლ. ხ-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 56 175 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (ტომი I, ს.ფ. 83,84). საქმეში ასევე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.09.2010წ. დასკვნით კი, თბილისში, შ-ის ქუჩა №17-ში მდებარე სახლში მოსარჩელე ლ. ხ-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის (47.57 კვ.მ -II სართული; 3.72 კვ.მ კიბის გვერდით არსებული სათავსო) საბაზრო ღირებულება შეადგენს 29 300 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (ტომი I, ს.ფ. 252-262).

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ-ა წარმოადგენს `საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომელსაც, როგორც მშობლების უფლებამონაცვლეს, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტით. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში სახელმწიფოს ეკისრებოდა ლ. ხ-ის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლ. ხ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 29 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.

პალატის მითითებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვეოდა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება. გადაღებულ იქნა ფოტო-მასალა, ჩატარდა ბაზრის კონიუნქტურის კვლევა. დასკვნა მიღებულია საცხოვრებელი სადგომის მახასიათებლების აღწერის, მისი მდგომარეობის ყოველმხრივი გამოკვლევის, ასევე ბაზარზე საკვლევი პერიოდებისათვის მოცემული ობიექტის ადგილმდებარეობის, პრესტიჟულობის, კაპიტალურობისა და კეთილმოწყობის გათვალისწინებით, ასევე მსგავსი ობიექტების ფასების მხედველობაში მიღებით. იურისტთა და ფინანსისტთა ექსპერტთა ჯგუფის 2009 წლის 29 ივნისის დასკვნით კი, რომლის უპირატესობაზეც ლ. ხ-ა აპელირებდა, პალატის მოსაზრებით, არ იყო ასახული ობიექტის დეტალური მდგომარეობა და მახასიათებლები, დასკვნას არ ერთვოდა ფოტო-მასალა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კვლევის მეთოდიკის მხედველობაში მიღებით უპირატესობა უნდა მინიჭებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.09.2010წ. დასკვნას, რომელიც ზუსტად, სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობდა ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-ამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

ლ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, მის სასარგებლოდ, 50000 აშშ დოლარის დაკისრება. კასატორის განმარტებით, ლ. ხ-ას მიერ წარმოდგენილ იურისტთა და ფინანსისთა ექსპერტთა ჯგუფის 2009 წლის 29 ივნისის დასკვნით, შ-ის 17-ში მდებარე ლ. ხ-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 56 175 აშშ დოლარს, ხოლო 2010 წლის 1 სექტემბერს გაცემული ელვან სამხარაულის სახლეობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ-ის ქ. №17-ში მდებარე ლ. ხ-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენს 29 300 აშშ დოლარს. კასატორის აზრით, ორივე ექსპერტიზაში გამოყენებულია ერთი და იგივე კვლევის მეთოდიკა, ბინის პრესტიჟულ ადგილას მდებარეობით, ფართით, ნორმალური საცხოვრებელი პირობებით, დამოუკიდებელი შესასვლელით და ა.შ, ბინის საბაზრო ღირებულებაში კი, არსებითი განსხვავება 26 875 აშშ დოლარი იქნა მიღებული, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ზერელედ ერთი დასკვნის გაზიარება და მეორეს დაუსაბუთებლად უგულებელყოფა ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მოთხოვნას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტლების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებებით ლ. ხ-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი.მ ლ. ხ-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ლ. ხ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე