Facebook Twitter

საქმე №ა-404-შ-4-2013 15 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ. ე-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ი-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მ. რ-ი და ა. ი-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და დაზარალებული ტ. ე-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურება.

უკრაინის ოდესის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ. ე-ამ და მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული ცნობის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 15 ივლისს და ექვემდებარება აღსრულებას, თანხის დაკისრების ნაწილში ის უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და განაჩენი კანონით დადგენილი წესით გაეცნო ა. ი-ს.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული განაჩენითა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიღებული აქვთ განსასჯელებს, ამასთანავე, სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ განსასჯელი მ. რ-ი უკრაინის, ხოლო ა. ი-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით ტ. ე-ას შუამდგომლობა ა. ი-ის მიმართ მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, ხოლო მ. რ-ის მიმართ უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მ. რ-ი და ა. ი-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და დაზარალებული ტ. ე-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურება.

უკრაინის ოდესის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ. ე-ამ და მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული ცნობის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 15 ივლისს და ექვემდებარება აღსრულებას, თანხის დაკისრების ნაწილში ის უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და განაჩენი კანონით დადგენილი წესით გაეცნო ა. ი-ს.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული განაჩენითა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიღებული აქვთ განსასჯელებს, ამასთანავე, სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ განსასჯელი მ. რ-ი უკრაინის, ხოლო ა. ი-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს არც გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია.

ამდენად, ა. ი-ის ტ. ე-ას სასარგებლოდ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს და მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ე-ას შუამდგომლობა ა. ი-ის ტ. ე-ას სასარგებლოდ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ა. ი-ის ტ. ე-ას სასარგებლოდ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ. ქათამაძე