Facebook Twitter

ბს-613-199(კ-05) 10 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 10 აპრილს ი. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ლ. თ.-ისა და მ. ჭ.-ის მიმართ კახეთის სააღსრულებო ბიუროს სიღნაღის რაიონის აღმასრულებლის მიერ ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხე მ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილია ცვლილებით მოსარჩელეს მისი გასაჩივრების უფლება აეკრძალა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 22 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მიეცა, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, ისე, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, სააღსრულებო ფურცელი გაიცა, რის საფუძველზეც სასამართლოს აღმასრულებელმა თავისი უფლებამოსილების გადამეტებით უკანონოდ ჩაატარა იძულებითი აუქციონი. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის თანახმად, არ ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

მოპასუხე ლ. თ.-მა სარჩელი არ ცნო და არასათანადო მოპასუხედ ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მან იძულებით აუქციონზე გატანილი მევენახის სახლი კანონიერად შეიძინა. მისთვის უცნობი იყო, რომ აღნიშნული სახლი სადავო იყო და, აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს.

სარჩელი არ ცნო, აგრეთვე, მოპასუხე მ. ჭ.-მ და მოცემული საქმის შეჩერება და უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, საქმეში სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არშესვლის შესახებ არანაირი ცნობა არ მოიპოვებოდა. ამასთან, გასული იყო მისი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი კანონიერად გაიცა, ძირითადი საქმის გარეშე, რომელიც ზედა ინსტანციაში იმყოფებოდა. ამდენად, სასამართლო მოსარჩელის ზეპირ განცხადებას ვერ დაეყრდნობოდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება კახეთის სააღსრულებო ბიუროს სიღნაღის რაიონის აღმასრულებელი.

მოგვიანებით, 2002წ. 15 ივლისს, ი. ბ.-მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დაზუსტებული სარჩელი აღძრა მოპასუხეების: კახეთის სააღსრულებო ბიუროს სიღნაღის აღმასრულებელ ვ. ლ.-ის, ლ. თ.-ის, მ. ჭ.-ის, ბ. ჯ.-ის მიმართ, მესამე პირის _ სიღნაღის რაიონის ნოტარიუს ნ. ლ.-ის მონაწილეობით. მოსარჩელემ სიღნაღის რაიონის აღმასრულებლის მიერ 2002წ. 13 მარტს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგების, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, ლ. თ.-სა და ბ. ჯ.-ს შორის დადებული, სოფ. ...-ს ტერიტორიაზე მდებარე მევენახის საბრიგადო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მას მოპასუხე მ. ჭ.-ის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა დაეკისრა, კანონიერ ძალაში არ შესულა და თბილისის საოლქო სასამართლოში მასზე ჯერ კიდევ საქმის წარმოება მიმდინარეობს. აღმასრულებლის მიერ დარღვეულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მეორე და მესამე ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ პრესაში არ გამოქვეყნებულა, მისთვის უწყებით არ უცნობებიათ აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ. ასევე უკანონოდ მოხდა ლ. თ.-ის მიერ მისი კუთვნილი მევენახის სახლის გასხვისება ბ. ჯ.-ეზე, სადავო სახლი გაყიდა 2500 ლარად, მაშინ, როდესაც აუქციონზე იგი 770 ლარად იქნა შეძენილი. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ პირებს შორის დადებული გარიგებები თვალთმაქცურია, რაც სკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ამ გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველს.

მოპასუხე ბ. ჯ.-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის მითითებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა იმის თაობაზე, რომ მას და ლ. თ.-ს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითი იყო. ამასთან, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ მყიდველს, რადგანაც მისთვის, ისევე, როგორც საჯარო რეესტრისა და ტექბიუროსათვის, არ იყო ცნობილი, რომ მევენახის სახლზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა. სახლის შესყიდვისას მასზე ყადაღა დადებული არ ყოფილა. მან სახლი შეიძინა ყოველგვარი ფარული განზრახვის გარეშე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის რაიონის აღმასრულებლის მიერ 2002წ. 13 მაისს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგები ი. ბ.-ის კუთვნილი მევენახის სახლის აუქციონზე გაყიდვის შესახებ და 2002წ. 6 ივლისს მოპასუხეებს _ ლ. თ.-სა და ბ. ჯ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, სახლი მის პირვანდელ მესაკუთრეს _ ი. ბ.-ს დაუბრუნდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ.-მა და ბ. ჯ.-მ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინებით ლ. თ.-ისა და ბ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ან საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით ლ. თ.-ისა და ბ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად უქნა ცნობილი კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2002წ. 13 მარტს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგები და ასევე ლ. თ.-სა და ბ. ჯ.-ეს შორის 2002წ. 6 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ვენახის სახლი დაუბრუნდა ი. ბ.-ს.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით. ამ მუხლის მიხედვით, აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააღსრულებო წარმოებაში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი დადასტურებული არ არის, მაშინ, როდესაც სწორედ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა 2002წ. 13 მარტის იძულებითი აუქციონი.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე 26-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან სააღსრულებო წარმოების მასალებით დადასტურებული არ არის, რომ ი. ბ.-ი იძულებით აუქციონზე მიწვეულ იქნა სწორედ აღნიშნული ნორმების შესაბამისად. სასამართლო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო სახელზე აუქციონის ჩატარებამდეც არ იყო დადასტურებული და მიიჩნია, რომ 2000წ. 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ¹430, გაცემული 2002წ. 11 ივნისს, გამორიცხავს აღნიშნულ მოსაზრებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ.-მა. საჩივარში კასატორი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა უკანონოდ და სასამართლომ არ იმსჯელა ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 186-ე და 187-ე მუხლები და არ გაითვალისწინა, რომ კეთილსინდისიერ შემძენს ქონების დაბრუნების ვალდებულება არ წარმოეშობა და რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს ზარალის ანაზღაურების თაობაზე არსებული ნორმების შესაბამისად.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ნაჩქარევად, უკანონოდ და უცილობელ გაუქმებას ექვემდებარება, რადგან სააპელაციო პალატამ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს 2004წ. 26 ოქტომბრის განჩინება, სადაც მითითებული იყო, რომ სასამართლოს უნდა გაემიჯნა ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ პალატას საქმ,ე არ უნდა მიეჩნია თავის განსჯადად და არ უნდა მიეღო ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება.

კასატორის განცხადებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “სააღსრულებო წარმოებთა შესახებ” კანონი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული კანონის გამოყენება ეწინააღმდეგება სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებს და შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. თ.-ი ითხოვდა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი საჩივრის დაკმაყოფილებას.

საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჯ.-მ.

საკასაციო საჩივარში ბ. ჯ.-ე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე და ყოველგვარი ანალიზის გარეშე ხელშეკრულება გააუქმა. აღნიშნული კი არღვევს სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განცხადებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები და საერთოდ არაა გამოყენებული სკ-ის 186-ე და 187-ე მუხლები.

სააპელაციო პალატამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან საოლქო სასამართლო მოვალე იყო ცალკე წარმოებად გამოეყო ადმინისტრაციული დავის საქმე და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებული დავა განსახილველად გადაეცა სამოქალაქო პალატისათვის, რის საფუძველზეც თავიდან იქნებოდა აცილებული არაგანსჯადი სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ.-ისა და ბ. ჯ.-ის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მატერიალური და პროცესუალური ნორმები არ დარღვეულა და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს დავის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გადაწყვეტას და ადასტურებს, რომ მითითებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააღსრულებო ფურცლის გამოწერისას დაირღვა მითითებული ნორმის მოთხოვნები, რის გამოც აღნიშნული ფურცლის საფუძველზე განხორციელებული აღსრულება ყოველთვის ჩაითვლება კანონდარღვევით წარმოებულად.

საქმეზე გამოკვლეული მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ასევე ადასტურებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის რიგი ნორმების დარღვევის ფაქტს და მიუთითებს: აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს სასამართლო აღმასრულებელი. უწყება უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ი. ბ.-ი აღსრულების შესახებ ინფორმირებული არ იყო სსკ-ის 70-ე, 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნულის თაობაზე დამატებით და დაუსაბუთებელ საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინეს თავად კასატორებმაც, რის გამოც, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ ი. ბ.-ის მიმართ დარღვეულია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

იმავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

დადგენილია, რომ აღმასრულებელმა მოქმედება დაიწყო კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, დარღვეულია ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”' კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე და მიუთითებს, რომ კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა უხეში დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს აძლევდა სრულ სამართლებრივ საფუძველს მევენახის სახლზე წარმოებული იძულებითი აუქციონი ეცნო ბათილად.

იმის გათვალისწინებით, რომ კასატორ ლ. თ.-ზე სახლის გადაცემა წარმოადგენს ბათილად ცნობილი აუქციონის შედეგს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. თ.-თან მიმართებაში არ არსებობს კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და, შესაბამისად, ლ. თ.-ის საკასაციო პრეტენზია არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც წესი, უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას, კერძოდ, იცოდა თუ არა და შეეძლო თუ არა სცოდნოდა ნივთის ნაკლის არსებობის თაობაზე.

სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით.

მითითებული ნორმისა და კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ჯ.-ე ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მყიდველად. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება, კერძოდ, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მევენახის სახლი მდებარეობს ივრის გაღმა, მარჯვენა სანაპიროზე, რომელსაც გარს არტყამს ვენახები. ბ. ჯ.-ე არ წარმოადგენს მითითებული ვენახის (ან ნაწილის) მესაკუთრეს ან მფლობელს, არ მიეკუთვნება სოფ. ...-ს მკვიდრს, შესაბამისად, არ დასტურდება ამ სახლისადმი მისი სამეურნეო ან კომერციული ინტერესი, როგორც კასატორი ბ. ჯ.-ე მიუთითებს მევენახის სახლის ყიდვის მიზანს წარმოადგენდა სახლის უფრო ძვირად გაყიდვა. საყურადღებოა, რომ სახლი განთავისებულია ივრის გაღმა და მისი ფართი (სასარგებლო) შეადგენს 62,9კვ/მეტრს. ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საგანი შეძენილია 2500 ლარად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონში, არასაცხოვრებელი და არაკომერციული ფართისათვის 2500 ლარი წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ფასს, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ლ. თ.-სა და ბ. ჯ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებს მოჩვენებით ხასიათს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აუქციონის ბათილობის სამართლებრივი შედეგი, რაც სკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. თ.-ისა და ბ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება;

3. ლ. თ.-ს და ბ. ჯ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ოდენობით თანაბარწილად გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.