Facebook Twitter

საქმე №ას-343-326-2013 17 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – გ. მ-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. 2000“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში) ხელშეშლის აღკვეთა, ელექტროენერგიის მომხმარებლად აღრიცხვა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-სა და მ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ. 2000-ს“ აეკრძალა გ.მ-სა და მ.ვ-ის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, წ-ის ქ. №10-ში მდებარე №2 ფართის ხელყოფა და სადავო ფართი გამოთხოვილ იქნა შპს „მ. 2000-ის“ უკანონო მფლობელობიდან. სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „მ. 2000-ის“ შეგებებული სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ. 2000-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. მ-სა და მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ზიანის ანაზღაურებაზე ძირითადი სარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-სა და მ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ. 2000-ს“ გ.მ-სა და მ.ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „მ. 2000-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შპს „მ.ს 2000-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „მ. 2000-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2013 წლის 16 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ზ-მა და მოითხოვა შპს „მ. 2000-ის“ ბალანსზე არსებული მოძრავი ნივთებისა და საწარმოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება. განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა 20 000 აშშ დოლარისა და პროცესის ხარჯების ნაწილში, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ, ამჟამად დაკისრებული თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით, შპს „მ. 2000“ გაასხვისებს მის ბალანსზე არსებულ მოძრავ ნივთებს და სხვაგავარად მიმართავს თავის ანგარიშზე დაცულ ფულად სახსრებs.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს „მ. 2000-ის“ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლით ვაჭრობა. საწარმოს ქ.ქუთაისში გახსნილი აქვს მაღაზია „ბენეტონი“ და მისი მეშვეობით ახდენს საქონლის რეალიზებას, ხოლო უძრავი ქონება არ გააჩნია. ამდენად, ხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-სა და მ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ. 2000-ს“ გ.მ-სა და მ.ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის გადახდა.

წარმოდგენილი განცხადებით მხარე მოითხოვს, ყადაღა დაედოს შპს „მ. 2000-ის“ კუთვნილ ქონებას (მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს) იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამჟამად დაკისრებული თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით შპს „მ. 2000“ გაასხვისებს მის ბალანსზე არსებულ მოძრავ ნივთებს და სხვაგვარად მიმართავს თავის ანგარიშზე დაცულ ფულად სახსრებს.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „მ. 2000-ის“ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლით ვაჭრობა. საწარმოს ქ.ქუთაისში გახსნილი აქვს მაღაზია „ბენეტონი“, სადაც ახდენს საქონლის რეალიზებას, ხოლო უძრავი ქონება არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამისათვის მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტიას, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის _ გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელ გ. მ-ის სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს სასამართლოს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას,

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტის პერიოდში მოპასუხემ შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით გაასხვისოს მის ბალანსზე არსებული ქონება. გასაზიარებელია განმცხადებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ყადაღაა ის ღონისძიება, რაც გამორიცხავს ქონების რაიმე ფორმით განკარგვას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად შპს „მ. 2000-ის“ ბალანსზე არსებულ მოძრავ ნივთებსა და საწარმოს საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს უნდა დაედოს ყადაღა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული თანხის ფარგლებში მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 199-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღა დაედოს შპს „მ. 2000-ის“ ბალანსზე არსებულ მოძრავ ნივთებსა და შპს „მ. 2000-ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე