საქმე №ას-664-631-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. რ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე თ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ტ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზ. ტ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ.რ-სა და ზ.ტ-ს შორის 2009 წლის 11 დეკემბერს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებები აღიარებულ იქნა სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულებებად. ვ.რ-ის სარჩელი მოპასუხე ზ.ტ-ის მის სასარგებლოდ მათი გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯებისათვის გადაცემული 3000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ტ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. ასევე, სამოქალაქო საქმეზე #2ბ/2289-12 შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის ვ. რ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით, ზ. ტ-ის წარმომადგენლის, გ. ტ-სა და ნ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და ვ. რ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 29 აპრილს ზ. ტ-მა განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრო რეესტრიდან ამონაწერი (25.03.2013წ), რომლის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილი ვ. რ-ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. რ-ი გარდაიცვალა 2012 წლის 7 ივნისს. სააპელაციო სასამართლოსათვის სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამიასად, აწ გარდაცვლილი ვ. რ-ის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლის შესახებ არავის არ მოუმართავს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.რ-მა შემდეგი დასაბუთებით: მისთვის უცნობი იყო რომ ვ.რ-ს დავა ჰქონდა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი გარდაცვლილი პირის ძმისშვილია. მისი მამა - რ.რ-ი 2007 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. ვ.რ-ს არც პირველი რიგის და არც მეორე რიგის მემკვიდრე, გარდა თ.რ-სა არ დარჩენია. ამჟამად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იხილება განცხადება თ.რ-სა და ვ.რ-ს შორის ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით. თ.რ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. რ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლის თ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით ზ. ტ-ის წარმომადგენლის, გ. ტ-სა და ნ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და ვ. რ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. ასევე, სამოქალაქო საქმეზე #2ბ/2289-12 შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის ვ. რ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2013 წლის 29 აპრილს ზ. ტ-მა განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრო რეესტრიდან ამონაწერი (25.03.2013წ), რომლის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილი ვ. რ-ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. რ-ი გარდაიცვალა 2012 წლის 7 ივნისს. სააპელაციო სასამართლოსათვის სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამიასად, გარდაცვლილი ვ. რ-ის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლის შესახებ არავის არ მოუმართავს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის ვ.რ-ის გარდაცავალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით, ვინაიდან, არ დადგინდა უფლებამონაცვლეობა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ვ.რ-ის ერთადერთი მემკვიდრეა და მასთან ნათესაური კავშირის დასადგენად სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება. აღნიშნული წარმოადგენს წინაპირობას, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმის წარმოება შეჩერდეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენამდე.
საკასაციო სასამართლო განუმარტვას კერძო საჩივრის ავტორს, რომ საქმეში გარდაცვლილი პირის ვ.რ-ის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს ინფორმირება მის ვალდებულებას წარმოადგენდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, მხარის მიერ სასამართლოს ინფორმირება მხოლოდ ახსნა-განმარტებით კი არა მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა მოხდეს, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლებისა და კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლედ ჩაბმის კანონიერი საფუძველი თ.რ-ის მიერ ვ.რ-ის დანაშთი ქონების დაუფლება და ამის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა იქნებოდა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, არ დგინდება, რომ თ.რ-ი ვ.რ-ის უფლებამონაცვლეა, იგი კერძო საჩივრის წარდგენაზეც არაუფლებამოსილი პირია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის და ეცნობებია მისი სავარაუდო უფლებამონაცვლების შესახებ, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ვ.რ-ი გარდაიცვალა 2012 წლის 7 ივნისს და საპროცესო უფლებამონაცვლით ჩაბმის თაობაზე არავის მიუმართავს სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად ვ.რ-ის სარჩელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. რ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩირვრის ავტორ თ. რ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს ნ. ნ-ის მიერ 2013 წლის 14 ივნისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თ. თოდრია