საქმე №ას-666-633-2013 26 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ლ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ა. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ო. ბ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ი. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ო. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის – 1530 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
2011 წელს მოპასუხე დაუკავშირდა მოსარჩელის მეუღლე ი. ს-ეს 1500 აშშ დოლარის სესხის სახით მიღებასთან დაკავშირებით. იმჟამად რ.ბ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ხსენებული თანხა მოპასუხეს გადაეცა ი. ს-ის დედის მეშვეობით თვეში 1% სარგებლის დარიცხვით.
ა. ლ-ე აღიარებს ვალის არსებობას, თუმცა მის გადახდას თავს არიდებს.
სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მესამე პირმა – ი. ს-აც და მოითხოვა ა. ლ-ის სადავო სესხის ნახევრის – 765 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ დაკისრება.
მოპასუხემ ძირითადი სარჩელი ცნო, ხოლო ი. ს-ის პრეტენზიის ნაწილში სარჩელზე უარი განაცხადა, რადგან აქვს მხოლოდ რ. ო. ბ-ის ვალი 1530 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ნაწილ-ნაწილ გაისტუმრებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით რ. ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ლ-ეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 756 აშშ დოლარის – 1262 ლარის გადახდა, ასევე დაკმაყოფილდა ი. ს-ის სარჩელი ა. ლ-სა და რ. ო. ბ-ის მიმართ, ა. ლ-ეს დაეკისრა რ. ო. ბ-ის სესხის ხელშეკრულებიდან (1530 აშშ დოლარი) 765 აშშ დოლარის – 1262 ლარის გადახდა ი. ს-ის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ლ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მთლიანი თანხის მხოლოდ რ. ო. ბ-ის სასარგებლოდ გადახდევინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძრვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 2591 მუხლით და უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი შეიცავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს: „გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კ-ის ქ. 11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“.
ასევე უდავოდ დადგინდა, რომ აპელანტი ა. ლ-ე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი.
სასამართლოს მითითებით, ს.ფ. 283-ზე წარმოდგენილია კანონით დადგენილი წესით გაფორმებული რწმუნებულება, რომლითაც ა. ლ-ე ანიჭებს უფლებამოსილებას ა. ჭ-ეს, დაიცვას მისი ინტერესები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2013 წლის 14 მარტს. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების თაობაზე მოთხოვნა გაკეთებულია 2013 წლის 17 მაისს აპელანტის წარმომადგენელ ა. ჭ-ის მიერ და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე დღეს – 2013 წლის 17 მაისს მანვე ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. სააპელაციო საჩივარი ა. ლ-ემ წარადგინა 2013 წლის 17 მაისს.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მოპასუხე ა. ლ-ის წარმომადგენელ ა. ჭ-ის ცნობილი იყო, რაც დგინდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის სხდომის ოქმიდან. შესაბამისად, დგინდება, რომ ა. ლ-ეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის და არ მოუთხოვიათ გადაწყვეტილების ასლის მიღება, შესაბამისად, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, ანუ 2013 წლის 14 აპრილიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2013 წლის 14 აპრილი იყო რა არასამუშაო დღე (კვირა), აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის ათვლა ეწყებოდა მომდევნო სამუშაო დღეს – 2013 წლის 15 აპრილიდან (ორშაბათს) და ეწურებოდა 2013 წლის 28 აპრილს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 2013 წლის 28 აპრილი იყო არასამუშაო დღე (კვირა), ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა ეწურებოდა მომდევნო სამუშაო დღეს – 2013 წლის 29 აპრილს (ორშაბათს).
უდავოდ დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ წარდგენილია 2013 წლის 17 მაისს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ლ-ის წარმომადგენელმა ა. ჭ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არც თავად აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი არ დასწრებიან. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გაგზავნოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, თუ საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას დარღვეულად მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა მისი საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის წარმომადგენელ ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს – ა. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, თუმცა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლისას დაშვებულ იქნა გარკვეული უზუსტობები.
განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2013 წლის 14 მარტს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ლ-ის ინტერესებს დავის მიმდინარეობისას იცავდა მისი წარმომადგენელი ა. ჭ-ე, რომელსაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, გააჩნდა მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ტომი 1, ს.ფ. 283).
ასევე დასტურდება და სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ა.ჭ-ეს 2013 წლის 14 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ეცნობა და ჩამოერთვა ხელწერილი (ტომი 1, ს.ფ. 303).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ამდენად, წარმომადგენლისათვის გარკვეული საპროცესო მოქმედების შესახებ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ თავად მხარისათვის შეტყობინების ტოლფასია. შესაბამისად, როდესაც ა. ჭ-ეს ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, იგულისხმება, რომ მითითებული ინფორმაცია ეცნობა ა. ლ-აც.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ა.ლ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 17 მაისს.
სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც ერთის მხრივ მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო.
სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ აპელანტი ა. ლ-ე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული გარემოება მხარემ ვერც კერძო საჩივრით დაადასტურა.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად ა. ლ-ეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსათვის არ მიუმართავს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2013 წლის 13 აპრილიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე) და იგი ამოიწურა 2013 წლის 26 აპრილს. შესაბამისად, ა.ლ-ემ 2013 წლის 17 მაისს სააპელაციო საჩივარი შეიტანა 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას სააპელაციო საჩივრის შეტანის გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და მისი აღდგენის თაობაზე, რადგან 369-ე მუხლის მოთხოვნის მიხედვით, მითითებული ვადა იმპერატიულია და მისი გადახედვის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ლ-ის წარმომადგენელ ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე