Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-686-652-2013 26 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ. ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ტ. ე-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჯ. ტ. ე-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ. ს-ის“ მიმართ მხარეთა შორის არსებული ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაზიდვის ორგანიზებისათვის მომსახურების საფასურის – 1070 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება თავად მოსარჩელემ დაარღვია, რის გამოც მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ვ. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 21 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელწერილით (ტომი 1, ს.ფ. 115) დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხე შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელ ა. ე-ს ჩაბარდა პირადად 2013 წლის 10 მაისს, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში იწყება 2013 წლის 9 მაისიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს 2013 წლის 22 მაისი ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2013 წლის 22 მაისის ჩათვლით.

პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტმა შეიტანა 2013 წლის 23 მაისს (ტომი 1, ს.ფ 126, 137), კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ვ. ს-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

შპს „ვ. ს-მა“ არაერთხელ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, თუმცა არც ერთი მისი სატელეფონო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 7 მაისს მხარემ განცხადება შეიტანა სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილების ასლი მხოლოდ 2013 წლის 10 მაისს ჩაბარდა.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მხარეს დროულად სასამართლოს მიზეზით არ ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 10 მაისიდან უნდა დაწყებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ს-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ვ. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უადრეს 21 და არა უგვიანეს 30 დღისა. გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღე ამოიწურა 2013 წლის 8 მაისს. პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, _ 2013 წლის 9 მაისს და ჩათვალა, რომ მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეეძლო 2013 წლის 22 მაისის ჩათვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ს-ის“ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას სააპელაციო პალატას საქმის მასალები სრულყოფილად არ გამოუკვლევია, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღება არ გაუმახვილებია და არც სადავო ვადის გამოთვლის წესი არ დაუცავს.

სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც ერთის მხრივ მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელი ს. ჯ-ე, რომელსაც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა (ტომი 1, ს.ფ. 79).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ასლის მისაღებად მოპასუხე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის მიემართა არა უადრეს 2013 წლის 28 აპრილისა და არა უგვიანეს 2013 წლის 8 მაისისა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ 2013 წლის 7 მაისს შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელმა ა. ე-მა წერილობით მიმართა სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით (ტომი 1, ს.ფ. 113), თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება (როგორიცაა სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი შესაბამისი აქტი), რაც დაადასტურებდა, რა მიზეზით ვერ ჩაბარდა მხარეს ხსენებული გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული გარემოების შეფასების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ს-მა“ თავისი მოვალეობა შეასრულა და კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მხარეს გადაწყვეტილება მისივე ბრალით არ გადასცემია, ივარაუდება, რომ სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, სრულიად დასაბუთებულია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელ ა.ე-ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2013 წლის 10 მაისს ჩაბარების მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში, მითითებული ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 11 მაისს და ამოიწურა 24 მაისს, რაც უდავოდ აქარწყლებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 23 მაისს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ. ს-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე