საქმე №ას-507-481-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ. ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – 2011 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე ინსტანციისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ.ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. შ-ის მიმართ 2011 წლის 15 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 2011 წლის 24 დეკემბრის გარიგებისა და ამ გარიგებების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2011 წლის 15 აპრილს რ. ა-სა და პ. შ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პ. შ-ს რ. ა-ის სესხად უნდა გადაეცა 130000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოსარჩელეს გადაეცა მხოლოდ 113000 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე 17000 აშშ დოლარით ნაკლები, საიდანაც დაიფარა პირველი თვის პროცენტი. პ. შ-ის განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ე.წ „სადაზღვევო თანხას“, რომელსაც, საპროცენტო სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოაკლდებოდა შესაბამისი თანხა. 2011 წლის ნოემბერში ერთი თვის გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი ე.წ „სადაზღვევო თანხიდან“ არ დაიფარა და სარგებლის გადაუხდელობა მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია, თუმცა, ამავე წლის 19 დეკემბერს პ. შ-ს ერთიანად გადაეცა ორი თვის სარგებელი. 2011 წლის 23 დეკემბერს გამსესხებლის წარმომადგენელმა საპროცენტო სარგებლის გადაუხდელობის გამო იპოთეკარისაგან მოითხოვა 25000 აშშ დოლარის ჯარიმის სახით გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განახორციელებდა იპოთეკის საგნის რეალიზაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, რ.ა-ე იძულებული გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე 2011 წლის 15 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ შეთანხმებით სესხის თანხა გაიზარდა. ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე ნოტარიუსმა 2012 წლის 29 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ხელშეკრულებების ბათილობის საფუძველს მათი მოტყუებით დადება წარმოადგენს, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო ასევე შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით რ. ა-ემ დაადასტურა პ. შ-ან 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის სრულად მიღება. სადავო ხელშეკრულებების შედგენისას, გარიგების დადების მიზნით, მოსარჩელის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია და არ არის წარმოდგენილი ამ გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, ამავე კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი 2011 წლის 15 აპრილის და 2011 წლის 24 დეკემბრის გარიგებების, ასევე 2012 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ 2012 წლის 29 მაისს კრედიტორ პ. შ-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს - 2012 წლის 16 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში და რ. ა-ეს პ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 2012 წლის 16 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,05% აღსრულებამდე შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ გაზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2011 წლის 15 აპრილს პ. შ-სა და რ. ა-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ რ. ა-ეს სესხის სახით გადასცა 130000 აშშ დოლარი, სესხი გაიცა სამი თვის ვადით ყოველთვიური სარგებლის სახით ძირითადი თანხის 4% დარიცხვით. ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,3% ოდენობით. გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, შ-ის ქუჩა N9-ში მდებარე უძრავი ქონება. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში განისაზღვრა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების სათანადო ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2011 წლის 24 დეკემბერს მხარეებმა შეადგინეს გარიგება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 15 აპრილის გარიგებაში და სესხის თანხა განისაზღვრა 148000 აშშ დოლარით. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 მარტით. რ. ა-ემ სრულად მიიღო 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა 130000 აშშ დოლარი. 2012 წლის 29 მაისს ნოტარიუს ნ. მ-მა პ. შ-ის მოთხოვნით გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც რ. ა-ის ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 148000 აშშ დოლარითა და დარიცხული სარგებლით - 15 800 აშშ დოლარით. ამავდროულად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 16 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0,3% ვალდებულების შესრულებამდე. მოსარჩელე 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გარიგების დადების მიზნით იგი მოატყუეს. ამავდროულად, მოსარჩელე ვერ აკონკრეტებდა, თუ რაში გამოიხატა მისი მოტყუება და ამ გარემოების დასადასტურებლად არც რაიმე მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი. სასამართლოს შეფასებით, 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის შემდეგ მხარეებმა დამატებით გააფორმეს გარიგება თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სადავო ხელშეკრულების კანონიერი ხასიათი. 2011 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება მოსარჩელეს ბათილად მიაჩნდა გარიგების დადების მიზნით მის მიმართ განხორციელებული იძულების გამო, თუმცა, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებითაც მოსარჩელე საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებას ვერ ასახელებდა, მოსარჩელე რ. ა-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ უთითებდა 2011 წლის 15 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, 2011 წლის 24 დეკემბრის გარიგების ბათილად ცნობის კანონშესაბამის საფუძვლებს, მაშინ, როდესაც ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მას 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ მიუღია. ამ კუთხით პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი იყო რ. ა-ის მიერ 2011 წლის 15 აპრილს შედგენილი ხელწერილი (მიღება-ჩაბარების აქტი), რომლითაც რ. ა-ე ადასტურებდა, რომ მან 2011 წლის 15 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა სრულად მიიღო პ. შ-ან. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ მას არ მიუღია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2011 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ამ ხელშეკრულებითვე დასტურდებოდა სადავო თანხის გადაცემის ფაქტი. პ. შ-ის მიმართ არსებული რ. ა-ის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების აღსრულების მიზნით 2012 წლის 29 მაისს ნოტარიუსმა ნ. მ-მა კრედიტორ პ. შ-ის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 148000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; სესხზე დარიცხული სარგებელი (პროცენტი) – 15800 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2012 წლის 16 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3% აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 420-ე, 54-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: მართალია, მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს, ამიტომ განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას, სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ კრედიტორს, მოვალის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობა უფრო მეტ სარგებელს აძლევდა, ვიდრე ის მიიღებდა ვალდებულების დროული შესრულებით, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა ხსენებული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს - აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,3%-ის, რაც წელიწადში შეადგენდა ძირითადი თანხის 108%-ს, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის წინაპირობა, რაც ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს. კონკრეტულ შემთხვევაში პალატამ გონივრულად მიიჩნია, რომ რ. ა-ეს პ. შ-ის მიმართ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 2012 წლის 16 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,05% აღსრულებამდე, ხოლო დარჩენილი სხვაობის ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მოთხოვნა მტკიცებულებათა დართვაზე ურის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მტკიცებულების სახით იმგვარი დოკუმენტების დართვაზე, რომლებიც, მოსარჩელის განმარტებით, ადასტურებს რ. ა-ის მიერ სადავო სესხის ხელშეკრულებების გაფორმებისა და ფულადი ვალდებულების აღების წინაპირობებს, კერძოდ, 2011 წლის 8 აპრილის დადგენილება რ.ა-ის ბრალდების შესახებ, გირაოს გადახდის დოკუმენტი, ხელშემკვრელი მხარეების საუბრის ჩანაწერები და ა.შ. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 134-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მასალები არ წარმოადგენდა იმგვარი ინფორმაციის შემცველ წერილობით დოკუმენტებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, შესაბამისად, მას სწორად ეთქვა უარი მტკიცებულების სახით ამ დოკუმენტების საქმისათვის დართვაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება 2011 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე უარი, აღნიშნულით კი აპელანტს არ მიეცა საშუალება, წარედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, ამ მტკიცებულებათა გამოკვლევა მიღებულ გადაწყვეტილებაზე არსებით გავლენას მოახდენდა და დაადასტურებდა 2011 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის აუცილებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით რ. ა-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით წინამდებარე საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 1485 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის შესწავლით დასტურდება, რომ კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა არა დაკისრებული ოდენობით თანხა, არამედ 1500 ლარი, ანუ მან სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 15 ლარით ზედმეტი (1500-1485).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა (კანონის ანალოგია) და 42-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ა-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 27 მაისს N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 15 ლარი, ხოლო დარჩენილი 1485 ლარიდან მისი 70% -1039,5 ლარი, სულ - 1054,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ. ა-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 27 მაისს N... საგადასახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 15 ლარი, ხოლო დარჩენილი 1485 ლარიდან მისი 70% -1039,5 ლარი, სულ - 1054,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე