№ას-155-148-2013 27 სექტემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – მ. ნ-ე, ნ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის ფასის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. გ-მა მოპასუხე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ-ის“ წევრების: გ. რ-ის, მ. ნ-ის, დ. პ-ის, ნ. ხ-სა და მ. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 161099 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2008 წლის 2 ივნისიდან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 32 აშშ დოლარის დაკისრება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა მხარეებს შორის 2008 წლის 2 ივნისს დადებული ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ გადაიხადა 161099 აშშ დოლარი, ხოლო სანაცვლოდ მას საკუთრებაში უნდა მიეღო 207.87 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის და თანხის დაბრუნების შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
დ. პ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 161099 აშშ დოლარი;
სარჩელი ნ. ხ-ის, მ. ს-ის, მ. ნ-სა და გ. რ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 2 ივნისიდან 32 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო თანხის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ-ის“ წევრებისათვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
1. ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „მ-ის“ წევრებს: გ. რ-ს, მ. ნ-ეს, დ. პ-ს, ნ. ხ-ეს და მ. ს-ს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 161099 აშშ დოლარის გადახდა;
3. მათ ასევე დაეკისრათ ნ. გ-ის სასარგებლოდ 8050 ლარის გადახდა, მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 14 აგვისტოს დაფუძნდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ-ი“. ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობის დამფუძნებლები არიან: მ. ნ-ე, მ. ს-ი, ნ. ხ-ე, მ. პ-ი, გ. ხ-ე, დ. პ-ი. ამხანაგობის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ყ-ის ქუჩაზე (ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე) მრავალბინიანი სახლის აშენება. ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობის დამფუძნებლებმა მ. ს-მა და გ. ხ-ემ ამხანაგობაში შეიტანეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, ყ-ის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ავტოსადგომთან (ფართობი – 1968კვ.მ); ამხანაგობის წევრებს დ.პ-სა და გ. ხ-ეს, ამხანაგობაში შენატანის სახით, დაევალათ საცხოვრებელი სახლის აშენების უზრუნველყოფა; მ. ნ-ემ ამხანაგობაში განახორციელა ფულადი შენატანი – 50000 ლარი, ნ. ხ-ემ – 20000 ლარი, მედეა პირველმა – 18000 ლარი.
ხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა შემოსავლის განაწილების წესი. კერძოდ: მ. ს-ს საცხოვრებელ ბინაში უნდა მიეღო – 300კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 100კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი; მ. ნ-ეს – 500კვ.მ საცხოვრებელი ფართი; ნ. ხ-ეს – 160კვ.მ საცხოვრებელი ფართი; მ. პ-ს – 70კვ.მ საცხოვრებელი ფართი; დ. პ-ს – 500კვ.მ საცხოვრებელი ფართი; გ. ხ-ეს – 500კვ.მ საცხოვრებელი ფართი. დარჩენილი ფართს მიიღებდნენ დ. პ.ი და გ. ხ-ე. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა დ. პ-ი.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, საქმიანობის ხანგრძლივობა და ა.შ.;
2008 წლის 2 ივნისს, ერთი მხრივ, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამახანაგობა ,,მ-ის“ თავმჯდომარეს (დ. პ-ი) და მეორე მხრივ, ნ. გ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ნ. გ-ს ასაშენებელ ბინაში უნდა მიეღო საცხოვრებელი ფართი 207.87კვ.მ-ის ოდენობით. ბინის ღირებულება განისაზღვრა 161099 აშშ დოლარით. მშენებლობის ხანგრძლივობის ვადად განისაზღვრა 30 თვე. მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ ნ. გ-ს უბრუნდებოდა გადახდილი თანხა ზემოაღნიშნული ფართის იმ პერიოდის შესაბამისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში.
2009 წლის 19 მარტს, იბა ამხანაგობა ,,მ-ის“ თავმჯდომარესა და ნ. გ-ს შორის გაფორმდა შეთანხმება პირობების შესრულების შესახებ, რომლითაც დ. პ-მა, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ, დაადასტურა, რომ ნ. გ-ს სრულად ჰქონდა გადახდილი უძრავი ქონების ღირებულება.
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა მ-ის 2009 წლის 16 თებერვლის კრების ოქმით დასტურდებოდა, რომ 2006 წლის 19 აგვისტოს წილის და მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ხ-ემ 2004 წლის 14 აგვისტოს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება სრული მოცულობით გადასცა დ. პ-ს.
გ. რ-ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მ. პ-ის უფლებამონაცვლეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე-935-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას, რომლის მონაწილეები ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად; შენატანების საფუძველზე ქმნიან ქონებას, რაც მათი საერთო წილობრივი საკუთრებაა; ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას; ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს მისი წევრების ნებაყოფლობით გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე. ამხანაგობის მონაწილეებს გააჩნიათ ერთიანი მიზანი, რისთვისაც ისინი ახორციელებენ ერთობლივ საქმიანობას, რომლის პროცესში მათ გააჩნიათ ურთიერთშეთანხმებით განაწილებული (შიდა სახელშეკრულებო) უფლებები და მოვალეობები, რომელთა შესრულების შედეგად, ანუ მონაწილეთა მიერ წარმოებული საქმიანობის სანაცვლოდ ხდება დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობა) მონაწილეთა მიერ შესატანის შეტანა ქმნის ამხანაგობის წინაშე დასახული საერთო მიზნის მიღწევის მატერიალურ წინაპირობას და აქვს მთავარი მნიშვნელობა. მონაწილის შენატანი შეიძლება მდგომარეობდეს, აგრეთვე, მომსახურების გაწევაში. შენატანის სახით მომსახურების გაწევა შეიძლება მდგომარეობდეს როგორც ამხანაგობის განკარგულებაში პირადი შრომის გადაცემაში, ასევე რომელიმე სახის ცალკეულ მომსახურებაში.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,მ-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების შინაარსის ანალიზიდან გამომდინარეობდა დასკვნა იმის შესახებ, რომ გარიგების მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მეურნეობის შექმნა. წარდგენილი ხელშეკრულებით მონაწილეებმა განსაზღვრეს გარკვეული უფლებები და მოვალეობები, მათ შორის შენატანის შეტანის ვალდებულება, მიღებული შემოსავლიდან წილის მიღების უფლება, მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის წესი და ა.შ. აღსანიშნავი იყო, რომ ამხანაგობის წევრებმა განახორციელეს შენატანები ფულადი სახით, ასევე უძრავი ქონების სახით, ხოლო დ. პ-მა, რომელსაც არ განუხორციელებია შენატანი არც ფულადი და არც უძრავი ქონების სახით, შენატანის სახით იკისრა მომსახურების გაწევა, რაც დაშვებულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მრავალსართულიანი ბინის მშენებლობით სარგებელი უნდა მიეღოთ მხოლოდ დ. პ-ს და გ. ხ-ეს, რაც გამომდინარეობდა ხელშეკრულების მე-7 მუხლის 1.1. პუნქტიდან. ამ პუნქტის შესაბამისად, დანარჩენი მთლიანი ფართი ეკუთვნით დ. პ-ს და გ. ხ-ეს. ასევე, დ. პ-ს უნდა უზრუნველეყო საცხოვრებელი ბინის მშენებლობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების მონაწილეებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათი წილები მიღებული შემოსავლიდან. წილები შესაძლებელია იყოს მათ მიერ განხორციელებული შენატანების პროპორციული ან სხვაგვარი შეთანხმებით მოხდეს მათი განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა რა პრინციპით მოხდა შემოსავლების განაწილება. დ. პ-ის შენატანს წარმოადგენდა მომსახურების გაწევა, რომელსაც შესაძლოა ჰქონოდა ღირებულება, შესაბამისად, მოხდებოდა მისი უზრუნველყოფა შესაბამისი წილით. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელშეკრულება შეიცავდა ყველა იმ რეკვიზიტს, რაც გათვალისწინებული იყო სამოქალაქო კოდექსით ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის, მხარეთა შორის გარიგება შედგა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე (სხვა დასკვნა არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან), რაც მესამე პირებისათვის ქმნიდა პრეზუმფიას იმის შესახებ, რომ ის გარიგებაში შედიოდა ფიზიკურ პირთა გაერთიანებასთან. თუ სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად და ერთ-ერთ მათგანს უფლება აქვს იმოქმედოს ყველას სახელით, მაშინ გარიგებებზე უფლებებსაც და მოვალეობებსაც იძენს ყველა მონაწილე. ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოვალეობების განაწილების წესის განსაზღვრა პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით, წარმოადგენს მონაწილეთა საშინაო საქმეებს. ამ დროს მესამე პირებს (მონაწილეების კრედიტორები) უფლება აქვთ მოთხოვნები წაუყენონ ამხანაგობას, ანუ მის ყველა წევრს ერთად ან რომელიმე ერთ-ერთ გადახდისუნარიან მონაწილეს და მათგან მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ გადაიხადა ბინის აშენებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 161099 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ამხანაგობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ ააშენა ბინა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ნ-ემ და ნ. ხ-ემ. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მათთვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც თავიანთ საკასაციო საჩივრებში შემდეგნაირად ასაბუთებენ:
არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თითქოს ამხანაგობა „მ-ის“ დამფუძნებლებს გააჩნიათ ერთიანი მიზანი, რისთვისაც ისინი ახორციელებენ ერთობლივ საქმიანობას და რომლის პროცესში მათ გააჩნიათ ურთიერთშეთანხმებით განაწილებული უფლებები და მოვალეობები. მართალია, მ. ნ-ი-სა და ნ. ხ-ის მიზანს წარმოადგენდა სახლის აშენება და მასში თავიანთი კუთვნილი ფართების მიღება (ნ. გ-ის მსგავსად), მაგრამ ისინი სხვა დამფუძნებლებთან და ამხანაგობის თავმჯდომარე დ. პ-ან ერთად ერთობლივ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. უფრო მეტიც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში კასატორებმა განმარტეს, რომ ისინი არც დ. პ-ს და არც სხვა დამფუძნებლებს არ იცნობდნენ, რაც დ. პ-მა და სხვა დამფუძნებლებმაც დაადასტურეს. მ. ნ-ემ ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა ნაცნობის ნ.ო-ის, ხოლო ნ. ხ-ემ – დ. პ-ის და მისი ქვისლის, ნ. ო-ის თხოვნით. თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელია, რომ პირმა უცნობ ადამიანებთან ერთად აწარმოოს რაიმე სახის ერთობლივი საქმიანობა, თუმცა აღნიშნულს სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია;
ამხანაგობა „მ-ის“ დაფუძნების ხელშეკრულების არც ერთი პუნქტის შინაარსი არ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ დამფუძნებლებს (დ. პ-ის და გ. ხ-ის გარდა) გააჩნდათ საერთო მეურნეობის შექმნის, ან შემოსავლიდან რაიმე წილის მიღების განზრახვა. ის ფაქტი, რომ მ. ნ-ეს უნდა მიეღო 500კვ.მ ფართი, ვერ მიიჩნევა წილად და შემოსავლად, რადგან მისი მიზანი ნ. გ-ის მიზნის იდენტურია;
ამხანაგობა „მ-ის“ დაფუძნების ხელშეკრულება შერეული ტიპის ხელშეკრულებაა, რომელიც შეიცავს ერთობლივი საქმიანობის და ნარდობის ხელშეკრულებების ელემენტებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, თუ ვისთვის წარმოადგენდა და ვისთვის არ წარმოადგენდა ამხანაგობაში მონაწილეობა ეკონომიკურ საქმიანობას (ანუ მოგების მიზანს);
სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ნ. გ-ის მიერ წარდგენილი 2008 წლის 2 ივნისის ხელშეკრულებით და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით (შეთანხმება პირობების შესრულების შესახებ) დადასტურებულია „მ-ან“ ხელშეკრულების გაფორმების და თანხის გადახდის ფაქტი, რაც არასწორია. უთარიღო შეთანხმებით პირობების შესრულების შესახებ, კონკრეტულად არ დასტურდება, თუ როდის და ვის გადაუხადა ნ. გ-მა ასაშენებელი თანხა. გარდა ამისა, არ არის მითითებული, თუ რა თანხა და ვის გადაუხადა ნ. გ-მა. ამ უკანასკნელს არ წარუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ი-სა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ნ-ი-სა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, კერძოდ, მ. ნ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% – 4200 ლარი, ნ. ხ-ეს აგრეთვე უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-სა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. ნ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 15 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 4200 ლარი;
3. კასატორ ნ. ხ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 18 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 4200 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე