Facebook Twitter

საქმე №ას-212-204-2013 19 სექტემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ხ-ა, ც. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-ამ და ც. ა-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ს-ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2009 წლის ივნისსა და აგვისტოში თ. ხ-ამ და ც. ა-ემ მ. ლ-ან ისესხეს 1700 აშშ დოლარი, 500 ლარი და 4900 აშშ დოლარი. 2009 წლის 12 აგვისტოს მ. ლ-ან თანხის - 49100 აშშ დოლარის გადაცემასა და ხელწერილის შედგენას, როგორც შუამავალი, ესწრებოდა მ. ს-ე. 2010 წელს მ. ს-ეს, შვილის - ბ. ს-ის მეშვეობით თ. ხ-ამ და ც. ა-ემ გადასცეს 5000 აშშ დოლარი, რომელიც გათვალისწინებული იყო მ. ლ-ას სესხის გადახდისათვის. აღნიშნული თანხის მიღება მ. ს-ემ დაადასტურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და განმარტა, რომ ეს იყო სხვა ვალის თანხა, ამიტომ მათ მიერ გადაცემული 5000 აშშ დოლარი მ. ს-ემ მ. ლ-ას აღარ გადასცა. ვინაიდან მოსარჩელეებს მ. ს-ის მიმართ არავითარი ვალდებულება არ გააჩნდათ, მას უფლება არ ჰქონდა არარსებულ ვალში ჩაეთვალა მ. ლ-ას სესხისათვის განკუთვნილი თანხა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი თანხა, რომელიც თ. ხ-ამ და ც. ა-ემ გადასცეს მოპასუხის შვილ ბ. ს-ეს წარმოადგენდა მ. ს-ის მიერ ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე თანხას, მხარეთა შორის არსებული ახლო ნათესაური ურთიერთობის გამო, სესხის ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა, ამასთანავე, რადგანაც მოვალეებს არ მოუთხოვიათ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მ.ს-ეს არ გაუცია სავალო საბუთი. სესხის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს 2012 წლის 17 იანვრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სადავოდ გახდის უფლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ, მ.ს-ან სესხის მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაა ასევე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარეების მიერ მიცემული ჩვენებები, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ თანხის გადაცემა, სწორედ ვალდებულების არსებობას ადასტურებდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბერის გადაწყვეტილებით თ. ხ-სა და ც. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ს-ეს თ. ხ-სა და ც. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ხელწერილით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 28 ივნისს ც. ა-ემ მ. ლ-ან სამი თვის ვადით ისესხა 1700 აშშ დოლარი და 500 ლარი 10%-იანი სარგებლით. საქმეში არსებული ხელწერილის თანახმად, 2009 წლის 12 აგვისტოს ც. ა-ემ და თ. ხ-ამ მ. ლ-ან ისესხეს 4900 აშშ დოლარი. ხელწერილის შედგენას ესწრებოდა ასევე მ. ს-ე. როგორც მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე მოპასუხის განმარტებითა და გასაუბრების ოქმში ასახული განმარტების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ა-ეს, თ. ხ-სა და მ. ლ-ას შორის არსებული სესხის სამართლებრივი ურთიერთობა ხორციელდებოდა მ. ს-ის შუამავლობითა და დახმარებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თაობაზე მოწმედ დაკითხვისას მიუთითა თავად მ. ს-ემ, როდესაც სასამართლოში განიხილებოდა მ. ლ-ას სარჩელი. უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2010 წელს ც. ა-ემ და თ. ხ-ამ 5000 აშშ დოლარი გადასცეს მ. ს-ის ვაჟ ბ. ს-ეს, რომელმაც თანხა გადასცა დედა მ. ს-ეს. მ. ს-ე ადასტურებდა მოსარჩელეთაგან 5000 აშშ დოლარის მიღებას, თუმცა აღნიშნავდა, რომ ეს თანხა მოსარჩელეებმა მას გადასცეს სესხად აღებული თანხის სანაცვლოდ, რომელიც მათ მ. ს-ან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდათ მიღებული. პალატამ მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. ხ-სა და ც. ა-ეს დაეკისრათ სესხად აღებული თანხის - 1700 აშშ დოლარისა და 500 ლარის, ასევე 2009 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებით ნასესხები თანხის პროცენტის - 4080 აშშ დოლარისა და 1200 ლარის, ასევე 4900 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. 2012 წლის 14 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პირადად კრედიტორ მ. ლ-ას, ც. ა-სა და თ. ხ-ას მიერ სესხად აღებული თანხა - (რომელი სასესხო ურთიერთობის შუამავალსაც მ. ს-ე წარმოადგენდა) - არ დაბრუნებია. საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია მ. ს-სა და ც. ა-ეს, ასევე თ. ხ-ას შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში მხოლოდ მ. ს-ის განმარტება მოიპოვებოდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ც. ა-ემ და თ. ხ-ამ 5000 აშშ დოლარი მ. ს-ეს გადასცეს, როგორც მ. ლ-ან შუამავალ პირს, მის წინაშე არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულების მიზნით.

ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მონაწილეებისაგან მხოლოდ ერთი მხარე კისრულობს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას. ესაა სესხად მიღებული ფულის დაბრუნება. მეორე მხარეს კი, გააჩნია შესაბამისი უფლება, ანუ გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლისაგან მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მ. ს-ე, თავისი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად (ა-სა და ხ-ან ზეპირი სასესხო ურთიერთობის შესახებ) ვერ მიუთითებდა ვერც ერთ მტკიცებულებაზე (მათ შორის მოწმეს), გარდა საკუთრივ თავისი განმარტებისა. ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზით კი, მხოლოდ მხარის განმარტება, სასესხო ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად არასაკმარისი მტკიცებულებაა.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც მოპასუხე ცდილობდა საკუთარი პოზიციის მართებულობის დადასტურებას, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითება იყო, პალატის შეფასებით, ვინაიდან ა-ემ და ხ-ამ მოპასუხეს გადასცეს სადავო თანხა, ეს თავისთავად გულისხმობდა მათი მხრიდან ვალდებულების არსებობასაც. პალატა დაეთანხმა ნორმის შინაარსთან დაკავშირებით აპელანტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და დამატებით განმარტა, რომ მითითებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, თუკი არსებობდა შესრულება (რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო), მაშინ მართლაც არსებობდა წინასწარი პრეზუმფცია იმისა, რომ არსებობდა შესაბამისი ვალდებულებაც. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მართალია შესრულება მოხდა, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოსარჩელეებს მართლაც გააჩნდათ რაიმე ვალდებულება ს-ის მიმართ, არამედ სულ სხვა ვალდებულებისათვის - ხ-სა და ა-ეს ეკისრებოდათ, რაც მათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაძლიეს (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, პოლიციაში დაკითხვის ოქმები) და დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოპასუხისათვის გადაცემული 5000 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო არა მ. ს-ის, არამედ მ. ლ-ის და რომ რაიმე ვალდებულებით ურთიერთობაში ისინი მ. ს-ან არ იმყოფებოდნენ. მ. ს-ემ კი, გარდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებისა, სასამართლოსათვის მტკიცებულებათა წარმოდგენით ვერ შეძლო მოსარჩელეებთან სასესხო ურთიერთობაში ყოფნისა და სადავო თანხის სწორედ ამ სესხის დასაფარად გადაცემის ფაქტის დადასტურება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსს 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აპელანტის მოსაზრებაზე, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ვალდებულების შესრულებით დასტურდება მათ შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, თუმცა არ იქნა გაზიარებული აპელანტის ეს მოსაზრება და სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, მაგრამ თავად ვალდებულების არარსებობისას არც შესრულება იარსებებდა. კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დგინდებოდა მოსარჩელეთა ვალდებულება მ.ს-ის მიმართ, არამედ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებმა მ. ს-ეს გადასცეს თანხა იმ მიზნით, რათა ამ უკანასკნელს თანხა გადაეცა მ. ლ-ის, რაც ვერ მიიჩნეოდა ვალდებულების შესრულებად მ. ს-ის წინაშე, ვინაიდან დაუდასტურებელი იყო თავად ვალდებულების არსებობა.

ამდენად, იმ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ს-ეს სადავო თანხა არ გადაუცია კრედიტორ მ. ლ-ის, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა წინაშე წარმოეშვა უსაფუძვლო გამდიდრების სახით მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 991-ე მუხლისა. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას. სასამართლოს მტკიცებით, აპელანტმა ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა ვალდებულების არსებობა. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ თანხის გადახდით დადასტურდა მის წინაშე არსებული ვალდებულება. აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მ. ლ-ას მიერ მოსარჩელეებისათვის თანხის გადაცემა მ. ს-ის შუამავლობით განხორციელდა, შესაბამისად, სარწმუნოდ იქნა მიჩნეული (რადგან მ. ს-ის მიერ სესხის გაცემა მტკიცებულებებით არ დასტურდება) მოსარჩელეთა განმარტება, რომ მათ მ. ს-ეს თანხა გადასცეს მ. ლ-ის გადასაცემად მხარეთა შორის არსებული სესხის გასტუმრების მიზნით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დარღვევით, არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრისა და სააპელაციო პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით დადგენილი არსებითი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის არასწორი განმარტებით უარყო შესრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო 5000 აშშ დოლარი არ იყო მ.ს-ის განკუთვნილი თანხა. სასამართლოს მსჯელობა, მართალია, ემყარება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებასა და პოლიციაში შედგენილ გასაუბრების ოქმებს, თუმცა იგი არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებიდან. სააპელაციო პალატამ უარყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია და არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სადავო თანხა მ.ს-ემ შვილის მეშვეობით მიიღო მოსარჩელეებთან ზეპირი ფორმით დადებული სესხის შესრულებად და არა მ.ლ-ის გადასაცემად. ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება არ არის აკრძალული კანონმდებლობით, ამასთან, მოსარჩელეების მიერ განხორციელებული შესრულება, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირდაპირ მიუთითებს ვალდებულების არსებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სადავო თანხა კასატორისათვის გადაცემული იქნებოდა მ.ლ-ან აღებული სესხის გასტუმრების მიზნით, მაშინ მოვალეებს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შესრულების დამადასტურებელი საბუთი უნდა მოეთხოვათ. კასატორმა ასევე მიუთითა გასაჩივრებული განჩინების 4.40 პუნქტზე და განმარტა, რომ სასამართლომ მისი სახელისა და გვარის ნაცვლად მხარედ არასწორად მიუთითა სხვა პირზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით მ. ს-ე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ. ს-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე