Facebook Twitter

№ას-217-209-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 28 თებერვალს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. მ-ამ მოპასუხე სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ და მოითხოვა:

1. სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ მარნეულის რაიონის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორის, ი. მ-ის 2012 წლის 24 იანვრის №18 ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა;

2. 2011 წლის 15 სექტემბრიდან გაუცემელი ხელფასისა და განაცდურის ანაზღაურება 1728 ლარის ოდენობით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

2. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:

ა) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორის 2012 წლის 24 იანვრის №18 ბრძანება და შ. მ-ა აღდგენილ იქნა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების (1-5 კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე (15 საათიანი დატვირთვით);

ბ) სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას შ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1728 ლარის ოდენობით.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობდა შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321 მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი პირობების არსებობისას: 1. მოპასუხე გაფრთხილებული უნდა იყოს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ; 2. პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს არასაპატიო მიზეზით; 3. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს (დირექტორი) ი. მ-ს სასამართლო უწყება-გზავნილი ჩაბარდა პირადად, 2012 წლის 16 ივლისს. აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით ითვლებოდა ასევე გზავნილის მხარისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გზავნილის წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2012 წლის 17 ივლისიდან. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო 61-ე მუხლის საფუძველზე შესაგებლის წარდგენის ვადა ამოიწურა 2012 წლის 23 ივლისს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. უდავო იყო, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი არ წარადგინა, ამასთან მას სასამართლოსათვის არც განცხადებით მიუმართავს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად შ. მ-ამ მიუთითა შემდეგზე: 1. მოსარჩელე გათავისუფლებამდე, 2012 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა სსიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად 1-5 კლასებში, მხარეებს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული უვადო, უნომრო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე; 2. 2012 წლის 24 იანვარს, მოპასუხე სკოლის დირექტორმა №18 ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლა სამასახურიდან მიზეზების მიუთითებლად. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის 2012 წლის 24 იანვრის № 18 ბრძანების ბათილად ცნობისა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივ საფუძვლად შ. მ-ამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 42-ე მუხლებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-12, და 21-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 35-ე მუხლზე.

სააპელაციო სასამართლომ შ. მ-ას სარჩელში მითითებული გარემოებებიდან დამტკიცებულად მიიჩნია, რომ შ. მ-ა 2012 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამასთან, 2012 წლის 24 იანვარს მოპასუხე სკოლის დირექტორმა №18 ბრძანებით მოსარჩელე უსაფუძვლოდ გაათავისუფლა და ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობას, არაკვალიფიციურობას ან დისციპლინარულ გადაცდომას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლითაც განსაზღვრულია დირექტორის ფუნქციების ჩამონათვალი. ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდაგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაკავებული თანამდებობიდან შ. მ-ას გათავისუფლებისათვის უნდა არსებულიყო ზემოთმითითებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. სარჩელში მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის 2012 წლის 24 იანვრის №18 ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდურის ანაზღაურების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად შ. მ-ას აღდგენის თაობაზე, რის გამოც არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შ. მ-ას სარჩელი დააკმაყოფილა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლამ და მოითხოვა აღნიშნული გაადწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს ჰყავდა თარჯიმანი, 2012 წლის 12 ნოემბრის სხდომაზეც იგი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით. პალატის მოსაზრებით, მხარე არამარტო პროცესზე უნდა იყოს თარჯიმნით უზრუნველყოფილი, არამედ მას დოკუმენტებიც ასევე უნდა ჩაბარდეს მისთვის გასაგებ ენაზე, თუკი სასამართლომ იცის, რომ ის ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორისათვის სამართალწარმოების ენა ცნობილი არ იყო. ასეთ ვითარებაში, მხარისათვის სასამართლო გზავნილის ქართულ ენაზე ჩაბარების გამო, სასამართლო ვერ მოსთხოვდა მას, შესაგებლის დროულად წარდგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. შ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას შ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 24 იანვრამდე პერიოდისათვის წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ყოველთვიურად ხელფასის 280 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გათვალისწინებით;

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;

5. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას შ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა შ. მ-ას მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შ. მ-ა, გათავისუფლებამდე – 2012 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა სსიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად;

მხარეებს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს დაიდო უვადო, უნომრო, შრომის ხელშეკრულება;

2011-2012 სასწავლო წლის პირველ სასწავლო დღეს, 2011 წლის 15 სექტემბერს, მოპასუხე სკოლის დირექტორმა მოითხოვა მოსარჩელისაგან ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ჩატარება 6-9 კლასებში, ნაცვლად 1-5 კლასებისა, რაზეც მოსარჩელე არ დათანხმდა და მოპასუხის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა 1-5 კლასებში გათავისუფლებამდე;

2012 წლის 24 იანვარს, მოპასუხე სკოლის დირექტორის №18 ბრძანებით შეწყდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელე გათავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან;

მოსარჩელეს 2011 წლის 15 სექტემბრიდან გათავისუფლებამდე პერიოდში შრომის ანაზღაურება არ მიუღია;

2011 წლის 13 სექტემბერს, სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის პედაგოგიურ საბჭოში მოხდა მასწავლებელთა საათობრივი ბადის დამტკიცება და სკოლის პედაგოგებს შორის საათების განაწილება, რა დროსაც მოსარჩელეზე განაწილდა 15 კვირეული საათი 6-9 კლასებში. პედაგოგიური საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საათების ბადის განაწილების შესახებ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ ხდებოდა, რომ მათ შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ბოლოს, მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წლის პირველ სექტემბერს, რომელიც დაიდო უვადოდ. ამ ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად, შ. მ-ას ქართული ენის გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა 18 კვირეული საათის დატვირთულობით I-IV დაწყებით კლასებში.

სადავო არ იყო, რომ 2011 წლის 15 სექტემბრიდან, მიუხედავად სკოლის დირექტორის მოთხოვნისა და მითითებისა, შ. მ-ა იმირის საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილებს, ნაცვლად VII, VIII, IX კლასებისა, ატარებდა I-IV კლასებში. ამის გამო, მოხდა არაერთი ინციდენტი და დაპირისპირება სხვა მასწავლებელთან, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილები I-IV კლასებში. შ. მ-ა გათავისუფლებამდე – 2012 წლის 24 იანვრამდე, დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად აგრძელებდა გაკვეთილების ჩატარებას 18 კვირეული საათის დატვირთულობით I-IV კლასებში. უდავო იყო, რომ, გათავისუფლების შესახებ 2012 წლის 24 იანვრის ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა შ. მ-ას მხრიდან დირექტორის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა და ნაცვლად VII, VIII და IX კლასებისა, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასებში.

მხარეთა შორის სადავო იყო საკითხი იმის შესახებ, გამოიწვია თუ არა შ. მ-ას მხრიდან 2011 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული 2012 წლის 24 იანვრამდე პერიოდის გათვალისწინებით, გაკვეთილების ჩატარებამ იმირის საჯარო სკოლის I-IV კლასებში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა. აპელანტმა მიუთითა 2011 წლის 1 სექტემბრის შრომით ხელშეკრულებაზე, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმადაც, ქართულ ენაში გაკვეთილების ჩატარება მას ევალებოდა სწორედ I-IV კლასებში. აპელანტი პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოქმედებდა ხელშეკრულების თანახმად, შესაბამისად, მას ხელშეკრულება არ დაურღვევია.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ზემომითითებული პრეტენზია დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამ მხრივ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2011 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების პირველ პუნქტში გაკეთებული ჩანაწერი „18 კვირეული საათი I-IV კლასებში“, არ იყო იურიდიული ძალის მქონე, ვინაიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა სკოლის დირექტორი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი საათების განაწილებაზე და რომ მასწავლებლებს შორის საათების განაწილებაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის პედაგოგიური საბჭო. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ანაწილებს პედაგოგებს შორის საათობრივ ბადეს. საქმეში წარდგენილი დოკუმენტით – იმირის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №2 ოქმის მონაცემებით დადგინდა, რომ ასეთი სხდომა გაიმართა და პედაგოგიურმა საბჭომ საათობრივი ბადე სკოლის მასწავლებლებს შორის გაანაწილა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების გაფორმების (2011 წლის 1 სექტემბერი) შემდეგ – 2011 წლის 13 სექტემბერს. ამასთან, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შ. მ-ას გაუნაწილდა ქართული ენის 15 კვირეული საათი VII, VIII, IX კლასებში და არა I-IV კლასში.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ხელშეკრულების მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მასწავლებლის საათობრივი და სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის საათობრივი ბადის, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად. ამდენად ხელშეკრულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი I-IV კლასებში ქართული ენის გაკვეთილების ჩატარების თაობაზე, რამდენადაც იგი არ იყო შესაბამისობაში პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის საათობრივ ბადესთან და კონკრეტულად შ. მ-ის განაწილებულ საათებისა და კლასების შესახებ მონაცემებთან, არ შეიძლებოდა განხილულიყო იურიდიული ძალის მქონედ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკითხი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ პედაგოგს, სასწავლო წლის განმავლობაში რა ოდენობის საათობრივი დატვირთვა ექნებოდა და რომელ კლასებში, განისაზღვრებოდა ყოველწლიურად, სასწავლო წლის დასაწყისში, პედაგოგიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. ამასთან, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება საათობრივი ბადის განაწილების შესახებ, ითვლებოდა მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად (განსახილველ შემთხვევაში, შ. მ-ან გაფორმებული 2011 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად). შესაბამისად, ამ ხელშეკრულების პირობად უნდა მიჩნეულიყო სწორედ პედაგოგიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც შ. მ-ას გაუნაწილდა ქართული ენის 15 კვირეული საათი VII, VIII, IX კლასებში და არა I-IV კლასში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის საათობრივი ბადე შეთანხმებული არ ყოფილა სამეურვეო საბჭოსთან და რომ სასამართლოს ის არ უნდა გაეთვალისწინებინა, მასთან მიმართებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ პირველ რიგში შენიშნა, რომ მოსარჩელეს არათუ მტკიცებულება, არამედ საკმარისად დასაბუთებული არგუმენტიც კი არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის იმის დასამტკიცებელად, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ნამდვილად ჩატარდა სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა და რომ ამ ხელშეკრულების პირველი პუნქტის ჩანაწერი ემყარებოდა პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ რაიმე სხვა საათობრივ განაწილებას. ამის საპირისპიროდ, საქმეში წარდგენილი 2011 წლის 13 სექტემბრის იმირის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის №1 ოქმის მონაცემებით დგინდებოდა, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე მოხდა მასწავლებელთა საათობრივი ბადის დამტკიცება და სკოლის პედაგოგებს შორის საათების განაწილება, რა დროსაც მოსარჩელეზე განაწილდა 15 კვირეული საათი VII-IX კლასებში. მითითებულ სხდომაზე პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი ბადის მისაღებობა და მასზე თანხმობა, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს მხრიდან, დადასტურდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ არადამაჯერებლად ჩათვალა აპელანტის პრეტენზია 2011 წლის 13 სექტემბრის პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის მასწავლებლების საათობრივი ბადის არაკანონიერების თაობაზე, რამდენადაც აპელანტს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიუხედავად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერისა, სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები (უმრავლესობა) ზემომითითებული სახით საათობრივი ბადის დამტკიცების წინააღმდეგნი იყვნენ, მას ასევე არ წარუდგენია სხვა რაიმე უფრო ადრინდელი თარიღით დამტკიცებული საათობრივი ბადის არსებობის შესახებ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმით, რომ 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 24 იანვრამდე დროის მონაკვეთში შ. მ-ი გაკვეთილებს ქართულ ენაში 18 კვირეული საათის დატვირთულობით ატარებდა I-IV კლასებში, იგი არღვევდა პედაგოგიური საბჭოს მიერ მისთვის განაწილებულ და მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ეს მოვალეობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მას გაკვეთილები ქართულ ენაში უნდა ჩაეტარებინა VII, VIII და IX კლასებში. აღნიშნულით, შ. მ-ამ დაარღვია მისი შრომითი მოვალეობა და ასეთ ვითარებაში სკოლის დირექტორი, „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო შ. მ-ან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა 2011 წლის 15 სექტემბრიდან გათავისუფლებამდე პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების (გაუცემელი ხელფასის) ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დავალების გარეშე შეასრულა სხვისი საქმეები, რაზეც წინააღმდეგი იყო სკოლის დირექტორი, მან აღნიშნული არ მოიწონა და ამის გამო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ შ. მ-ა, მართალია მასზე განაწილებული საათების და მასზე დაკისრებული მოვალეობის საწინააღმდეგოდ ახდენდა გაკვეთილების ჩატარებას 1-4 კლასებში, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ამგვარი მდგომარეობა, 1-4 დაწყებით კლასებში შ. მ-ა ატარებდა ქართული ენის გაკვეთილებს და ამასთან ერთად იგი აწარმოებდა შესაბამის საკლასო ჟურნალებს, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას (რაზეც, თავის მხრივ, სკოლის დირექციის მხრიდან გონივრულ ვადაში არ მოხდა შესაბამისი რეაგირება და შ. მ-ას მაინც ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ გაეგრძელებინა გაკვეთილების ჩატარება 1-4 კლასებში), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივად სკოლის დირექციამ მოიწონა შ. მ-ას მიერ შესრულებული სამუშაო (მიუხედავად იმისა რომ შ. მ-ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება). შესაბამისად, შ. მ-ას მიერ ფაქტობრივად ჩატარებული გაკვეთილებისათვის მთელი სადავო პერიოდის – 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 24 იანვრამდე პერიოდის გათვალისწინებით, დამსაქმებელი სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებული იყო გადაეხადა 18 კვირეული საათის დატვირთულობის გათვალისწინებით სახელფასო დავალიანება შ. მ-ის. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ 18 კვირეული საათის დატვირთულობის გათვალისწინებით პედაგოგის ხელფასი შეადგენდა 280 (ხელზე მისაღები თანხა) ლარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას შ. მ-ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 24 იანვრამდე პერიოდისათვის წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის – 280 (ხელზე მისაღები თანხა) ლარის გათვალისწინებით.

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შ. მ-ას სარჩელი 2011 წლის 15 სექტემბრიდან გათავისუფლებამდე პერიოდისათვის წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რისი გათვალისწინებითაც უნდა შეცვლილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

შ. მ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, ასევე, ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება. კასატორმა მოითხოვა მითითებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების უსწორობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში მდებარე საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, რომელმაც სათანადოდ იცის ქართული ენა და ენის არცოდნის საბაბი არ არსებობს. ამდენად, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული მოტივი სასამართლოს არ შეეძლო განეხილა მხარისათვის ფაქტობრივი გარემოების დროულად არცოდნის ფაქტად, რამდენადაც იგი ოცდაათი წელია მუშაობს სკოლის დირექტორად და ქართულ ენაზე ადგენს შესაბამის დოკუმენტებს. სასამართლო გზავნილით მოპასუხეს ნათლად განემარტა ის უფლება და ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის პირობებშიც შესაძლებელი იყო საქმეზე გამოტანილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორისათვის დადგენილ დროში და დადგენილი წესით ცნობილი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა;

შ. მ-ა, დაახლოებით თოთხმეტი წლის განმავლობაში მუშაობს სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. იგი 1-5 კლასებში ასწავლის ქართულ ენას. 2011 წლის 13 სექტემბერს, სკოლის დირექტორმა კასატორს განუცხადა, რომ მას ქართული ენის გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა 7-9 კლასებში, ხოლო დაბალი კლასები უნდა გადაეცა სხვა მასწავლებლისათვის. შ. მ-ა დირექტორის ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა, რადგან არ აქვს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია. ამავდროულად, კასატორმა მოპასუხეს მოსთხოვა მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების აკრძალვასთან დაკავშირებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების გადაცემა. მიუხედავად სკოლის დირექტორის მხრიდან ხელშეშლისა, 2011 წლის სექტემბრის თვიდან 2012 წლის 24 იანვრამდე შ. მ-ა ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას, იგი იმირის საჯარო სკოლის 1-4 კლასებში ასწავლის ქართულ ენას, თუმცა შესაბამისი გასამრჯელო (ხელფასი) დღემდე არ მიუღია;

2012 წლის 24 იანვრის სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე. ეს ნორმები არეგულირებს საქართველოში განათლების მიღების ზოგად პრინციპებსა და პირობებს. კონკრეტულად რა გადაცდომის გამო მოხდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება, ბრძანებაში მითითებული არ არის;

„ზოგადი განათლების შესახენ“ კანონის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მასწავლებელი შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს, თუ მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჩაიდინა სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება და დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობები. არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს შ. მ-ას 2011 წლის 15 სექტემბერს პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით საათები გაუნაწილდა 7-8-9 კლასებში და გაკვეთილები აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა აღნიშნულ კლასებში. ჯერ ერთი, კასატორი არ ესწრებოდა პედაგოგიურ საბჭოს და სკოლის დირექტორის მხრიდან მივლინებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების საკვალიფიკაციო კურსებზე, მეორეც, საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება სკოლის დირექტორს კასატორისათვის სათანადო წესით არ გაუცვნია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შ. მ-ა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე ვერ ჩაატარებდა მაღალ კლასებში ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №3/393-01; ამავე სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განჩინება №ას-112-415-04). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად კასატორი ასაჩივრებს იმ განჩინებას, რომელიც წინ უსწრებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 240-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ, უპირველესად, სწორედ ამ განჩინების კანონიერების საკითხი უნდა შეამოწმოს, ვინაიდან მისი დაუსაბუთებლად მიჩნევისა და გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებას დაექვემდებარება ასევე სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების გარეშე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორი) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი არ ფლობდა ქართულ ენას და, შესაბამისად, ვერ გაარკვია, თუ რას მოითხოვდა მისგან სასამართლო. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტები სასამართლოს უნდა გაეგზავნა მისთვის გასაგებ (აზერბაიჯანულ) ენაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საჩივრის პრეტენზია და მიიჩნია, რომ, ვინაიდან სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორი არ ფლობდა სახელმწიფო ენას (ქართულს) და, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში იგი სარგებლობდა აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის მომსახურებით, საპროცესო დოკუმენტები სასამართლოს მისთვის ამ ენაზე უნდა გაეგზავნა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ საჯარო სკოლის მიმართ, რომლის დირექტორმაც სათანადოდ იცის ქართული ენა და ენის არცოდნის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

მითითებული ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, რომლის მეშვეობით მას შეუძლია სრულად განახორციელოს ყველა ის უფლება, რაც მას აქვს მინიჭებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. აღნიშნული უფლების რეალიზაციას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) მიმართ ზემოხსენებული ნორმები დარღვეული არ არის. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ასევე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინება, გაეგზავნა სახელმწიფო ენაზე საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელს (საჯარო სკოლის დირექტორს) ისმიხან მ-ს (იხ. ტომი 2. ს.ფ. 13, 16). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა საჯარო სკოლის დირექტორს, რაც ნიშნავს გზავნილის მოპასუხე იურიდიული პირისათვის ჩაბარებას, შესაბამისად, მოპასუხეს (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს) წარმოეშვა სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ის გარემოება, რომ საჯარო სკოლის დირექტორი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, არ ათავისუფლებს ამ იურიდიულ პირს კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან, ვინაიდან, მოცემულ საქმეში მხარეს (მოპასუხეს) წარმოადგენს საჯარო სკოლა და არა მისი დირექტორი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გაჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, გაუქმებას ექვემდებარება ასევე სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა წინმსწრები უკანონო განჩინების საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ამიტომ სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. მ-ას სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სულ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 450 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 8-9; 172-173). აქედან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

4. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

6. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლას დაეკისროს 450 ლარის გადახდა შ. მ-ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე