საქმე №ას-233-225-2013 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს დაზღვევის კომპანია „მ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ქ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დაზღვევის აგენტ მ. ქ-ის მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის 17844 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ და „ი“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის, ამავე კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 333 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის 1 ივლისის საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის N556 განკარგულების საფუძველზე, შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ გაუუქმდა დაზღვევის (არა სიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (06-11/5) და დაიწყო შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ლიკვიდაციის პროცესი. 2011 წლის 22 ივლისს შპს დაზღვევის კომპანია „მ-ში“ შეწყდა სალიკვიდაციო პროცესი და დაიწყო გაკოტრების საქმე. 2011 წლის 1 ივლისიდან შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიები გაუქმდა, რამაც გამოიწვია მ. ქ-ი შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ვალდებულების შემცირება და იქიდან გამომდინარე, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ 2011 წლის 1 ივლისისათვის წინასწარ გადარიცხული ჰქონდა მ. ქ-ის მისი მეშვეობით მიღებული შემოსავლების 20%, ხოლო 2011 წლის 1 ივლისიდან საბანკო გარანტიებს მოქმედების ვადა შეუწყდათ, მ. ქ-ს 2011 წლის 1 ივლისისათვის 20%-ზე მეტი საკომისიო გამოუვიდა, რის გამოც იგი ვალდებულია შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ანგარიშზე დააბრუნოს 17844 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
მ. ქ-ის მიერ მიღებული თანხა იყო შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც მას ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ევალებოდა იმ პირების მოძიება, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბანკო გარანტიები. მოპასუხემ საბანკო გარანტიის მიღების მსურველი პირები მიიყვანა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ში“, რომლებმაც, თავის მხრივ, გააფორმეს ხელშეკრულება შპს დაზღვევის კომპანიასთან და გადაიხადეს თანხა ხელშეკრულების შესაბამისად. მოგვიანებით შპს დაზღვევის კომპანია „მ-ი“ გაკოტრდა და კლიენტებთან ურთიერთობა, ასევე თანხის გადარიცხვა მოსარჩელის ბრალით შეწყდა, მ.ქ-ს პირნათლად აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ არის ვალდებული, უკან დააბრუნოს თანხა, რომელიც მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ სარჩელი მოპასუხე მ. ქ-ის მიმართ, მოპასუხე მ. ქ-ს მოსარჩელე შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 17844 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-სა და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2010 წლის 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება მ. ქ-ის მიერ დაზღვევის აგენტის მოვალეობის შესრულების თაობაზე, ხელშეკრულების 2.3.6. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებისათვის მზღვეველი ვალდებულებას კისრულობდა, აგენტისთვის გადაეხადა პროცენტის სახით, მისი მეშვეობით მიღებული შემოსავლის 20% (საშემოსავლო გადასახადის გარდა); ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ჩარიცხული პრემიების შესაბამისად. შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ დაზღვევის აგენტისათვის პროცენტი უნდა გადაეხადა დაზღვევის შესატანის (პრემიის) ჩარიცხვისთანავე, მისი მეშვეობით მიღებული შემოსავლების - ჩარიცხული პრემიების 20%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების მიხედვით, პალატამ განმარტა, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას, ამოსავალი პრინციპი ის გარემოებაა, რომ ნება განმარტებულ უნდა იქნეს კეთილსინდისიერების პრინციპის შესატყვისად და სამართლებრივი ბრუნვის თავისებურებების გათვალისწინებით. ნების გამოვლენის საკითხში არ შეიძლება შემოფარგვლა იმ მნიშვნელობით, რაც მასში ივარაუდა ნების გამმჟღავნებელმა ან მან, ვინც იყო ნების ადრესატი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. განმსაზღვრელი, სასამართლოს შეფასებით, ის მნიშვნელობაა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამრიგად, 2010 წლის 1 მარტის ხელშეკრულების 2.3.6. პუნქტის ანალიზის შედეგად, პალატამ ჩათვალა, რომ ნების გამოვლენის, როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტება იძლეოდა მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ დაზღვევის აგენტისათვის პროცენტი უნდა გადაეხადა დაზღვევის შესატანის (პრემიის) ჩარიცხვისთანავე, მისი მეშვეობით მიღებული შემოსავლების - ჩარიცხული პრემიების 20%-ის ოდენობით. ხელშეკრულება არ შეიცავდა არავითარ დათქმას, რომ დაზღვევის აგენტს საკომისიო უნდა ანაზღაურებოდა საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგ.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიც და ამ ნორმით განსაზღვრული იყო ვალდებულების შესრულების ძირითადი კრიტერიუმები.
საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მ. ქ-ი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას ასრულებდა 2010 წლის 1 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. მითითებული გარემოების საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც, პალატის შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამასთან, ამავე ხელშეკრულებით დაზღვევის კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, აგენტის საკომისიო ანაზღაურებულ იქნა დათქმულ დროს, დაზღვევის შესატანის (პრემიის) ჩარიცხვისთანავე. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მ. ქ-ის აგენტის მეშვეობით მიღებული შემოსავლების 20%-ის 2011 წლის 1 ივლისისათვის წინასწარ გადახდის ფაქტი. ლიცენზიის გაუქმების გამო, ვინაიდან საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა შეწყდა, „მ-ს“ წარმოეშვა სადაზღვევო შენატანების დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც, აგენტმაც უნდა დააბრუნოს მიღებული საკომისიო. კასატორის განმარტებით, ის ვალდებული იყო აგენტისათვის პროცენტი გადაეხადა იმ თანხისათვის, რაც კომპანიამ მიიღო, როგორც პრემია, შესაბამისად, ამ პრემიის 20%-ის დაბრუნების ვალდებულება ეკისრებოდა სადაზღვევო აგენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსამართლო იქნებოდა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიღებული პრემიის 100%-ის დაბრუნების დავალდებულება, საიდანაც 20% მიღებული ჰქონდა აგენტს, ხოლო 80% - კომპანიას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით შპს დაზღვევის კომპანია „მ-ი“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
შპს დაზღვევის კომპანია „მ-ი“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე