Facebook Twitter

№ას-241-231-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ ...+“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზედმეტად გადახდილი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა დ. თ-ემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში შპს „მ ... +-ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 6445,29 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 ოქტომბერს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და შპს „მ ...+-ს“ შორის გაფორმდა N101 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს ხაშურის რაიონული სამმართველოს ტერიტორიაზე უნდა მოეწყო მაღალი ძაბვის აღრიცხვის კვანძი, დახურული ტიპის ქვესადგური. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 89922,42 ლარით, შესრულების ვადა 2010 წლის 25 ნოემბრით. მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხა 84275,94 ლარი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ კი შეადგინა 80528,33 ლარი, ანუ მოსარჩელემ ზედმეტად გადაიხადა 3747,61 ლარი, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა; ამასთან, მოპასუხეს ნაწილობრივ აქვს შესრულებული ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები, ხოლო ტროტუარზე კერამიკული ფილები საერთოდ არ დაგებულა, რის გამოც მას ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3% - 2697,68 ლარი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „მ ...+“-ს დაეკისრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, 2697 ლარის და 68 თეთრის, გადახდა და ზედმეტად გადახდილი 3747 ლარის და 61 თეთრის დაბრუნება;

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმე იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ ...+-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „მ ...+-ს“ დაეკისრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ 2 698.27 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2010 წლის 11 ოქტომბერს, ერთი მხრივ, შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს, როგორც „შემსყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „მ ...+-ს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის დაიდო №101 ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ხელშეკრულების პირველი მუხლით „მიმწოდებელმა“ იკისრა ვალდებულება, შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო მაღალი ძაბვის აღრიცხვის კვანძი, დახურული ტიპის ქვესადგური. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, კერძოდ, შეთანხმდა, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ყველა გადასახადების ჩათვლით შეადგენდა 59 500 ლარს. ხელშეკრულების მე-3 მუხლით მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება 2010 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, კერძოდ, 9.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ხელშეკრულების პირობების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%;

2. 2010 წლის 3 ნოემბერს ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდა „შეთანხმების ოქმი“, რომლითაც თავდაპირველი ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოს ვადა გაიზარდა 2010 წლის 25 ნოემბრამდე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კი - 89 922.42 ლარამდე;

3. მოგვიანებით, ხელშემკვრელმა მხარეებმა კვლავ შეცვალეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 2010 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხარჯთაღრიცხვა („ფორმა N2“), რომლის თანახმად, შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება, საბოლოოდ, განისაზღვრა 84 275.94 ლარით;

4. შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ შპს ,,მ ...+"-ს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით გადაურიცხა მთლიანობაში 84 275.94 ლარი;

5. მხარეთა განმარტებებით უდავოდ დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან შპს ,,მ ...+-მ" არ შეასრულა მხოლოდ ტროტუარზე კერამიკული ფილების დაგების სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2010 წლის 25 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვის („ფორმა N2“) მიხედვით შეადგენდა 170 ლარს

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ (მიმწოდებელმა) ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რადგანაც არ შეასრულა ტროტუარზე კერამიკული ფილების დაგების სამუშაოები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გადასახდელი ჯარიმის ოდენობა შეადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%-ს. დადგენილია ისიც, რომ შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 84 275.94 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არამხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე შეთანხმება.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება უნდა განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება უნდა განისაზღვროს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით, კერძოდ, 2010 წლის 25 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვით (ფორმა N2), რომელიც ასახავს ხელშემკვრელი მხარეების ნებას და რომელსაც უპირატესობა ენიჭება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ჯარიმის ოდენობაც, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოითვლება სწორედ ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან ანუ, 84 275,94 ლარიდან და მისი 3% შეადგენს 2 528. 27 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის 3 747.61 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, შესასრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 84 275.94 ლარს. შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით შპს „მ ...+-ს“ სულ 84 275,94 ლარი გადაურიცხა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან მიმწოდებელმა არ შეასრულა მხოლოდ ტროტუარზე კერამიკული ფილების დაგების სამუშაოები, რომლის ღირებულება მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 170 ლარით. შპს „მ ...+- ის" გადარიცხული 84 275.94 ლარიდან კერამიკული ფილების დაგების სამუშაოებისათვის განსაზღვრული 170 ლარი წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხას, რომლიც, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (უსაფუძვლო გამდიდრება), ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულების დადგენისათვის გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ორივე მხარემ დამოუკიდებლად ჩაატარა ექსპერტიზა, ამდენად ორივე მხარე თანახმა იყო, რომ სამუშაოს ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულიყო. 2010 წლის 25 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვა კი, მხოლოდ მოპასუხის გენერალური დირექტორის მიერაა ხელმოწერილი და მხარეთა შეთანხმებას არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოთვალა ჯარიმის თანხა. მოპასუხეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულის 3% უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კი, 89922,42 ლარი იყო, შესაბამისად, გადასახდელი ჯარიმა 2697,88 ლარს შეადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე