Facebook Twitter

№ას-268-256-2013 19 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მომსახურების საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხისათვის 1995 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, დავალიანების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2012 წლის 17 ივლისს შედგენილი ჩარჩო ხელშეკრულება და მოპასუხე ორგანიზაციის 2012 წლის 19 სექტემბრის წერილობითი დაკვეთა. მოსარჩელემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ჩაატარა სრულყოფილად საექსპერტო კვლევა. ობიექტი არ იძლეოდა სინჯების ჯეროვნად აღების საშუალებას, რის გამოც 2012 წლის 24 სექტემბერს მომზადდა დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების 435-ე კოდის თანახმად, გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს ტარიფით განსაზღვრული კოდით მითითებული თანხის 25%-ს.

შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, თუ გამოკვლევის დაწყებამდე, ან მისი მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ექსპერტისათვის დადგენილი მასალები არ არის საკმარისი, ექსპერტიზის ბიურო ვალდებულია აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის ბიუროს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 17 ივლისს დაიდო ხელშეკრულება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში შემავალი მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების საერთო ფასი განისაზღვრა 175 000 ლარით, ხოლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოსარჩელისთვის უნდა გაეწია მის კომპეტენციაში შემავალი მომსახურება წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. მხარეთა შეთანხმებით, გაწეული მომსახურების ღირებულება გამოითვლებოდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების შესაბამისად;

2. 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 19 სექტემბრის მიმართვის საფუძველზე დაინიშნა დაჩქარებული ექსპერტიზა ქ. ფოთში მდებარე შპს ფ. ტ. ჰ-ის კუთვნილ რეზერვუარებში არსებული ნავთობის დისტილატებზე სათანადო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით;

3. 2012 წლის 24 სექტემბერს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. აქტის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი რეზერვუარების არაჰორიზონტალურ მდგომარეობაში განთავსების გამო. იმავდროულად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოპასუხეს წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტი გაწეული მომსახურების საფასურის, 1995 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით;

4. 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, თუ გამოკვლევის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზისათვის დადგენილი მასალები არ არის საკმარისი, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ წერილობით სამ სამუშაო დღის ვადაში შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად. საექსპერტო მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის მომსახურების ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის დღიდან. მომსახურების ვადაში არ ჩაითვლება დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომსახურების გაწევა შეჩერებულია შემსყიდველის მიზეზით;

5. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხისთვის გამოსაკვლევი მასალის არასათანადო მდებარეობის ან ხარისხის შესახებ შეტყობინების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელემ დასკვნის შედგენის შეუძლებლობის აქტის მომზადებამდე, სსიპ შემოსავლების სამსახურს 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად არ მიმართა და არ აცნობა საექსპერტო კვლევისთვის განკუთვნილი მასალის არასათანადო მდგომარეობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 629-ე მუხლებზე მითითებით არასწორად უთხრა უარი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სახეზე იყო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სათანადო დასკვნის გაუცემლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171-ე დადგენილების 435-ე კოდის თანახმად, აქტის დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაწეული მომსახურება დაანგარიშდება შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფის 25%-ის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულია, რომ დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში, არსებული ტარიფები ორმაგდება შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი კოდის მითითებით; ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს შესაბამისი ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფის შემცირებული პროცენტით აუნაზღაუროს გაწეული მომსახურება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც, დგება დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი.

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ გამოკვლევის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზისათვის დადგენილი მასალები არ არის საკმარისი, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ წერილობით სამ სამუშაო დღის ვადაში შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ (...). საექსპერტო მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის მომსახურების ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის დღიდან. მომსახურების ვადაში არ ჩაითვლება დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მომსახურების გაწევა შეჩერებულია შემსყიდველის მიზეზით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელს (საექსპერტო დაწესებულებას) აქტის მომზადებამდე, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის არ უცნობებია 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად საექსპერტო კვლევისთვის განკუთვნილი მასალის არასათანადო მდგომარეობის - გამოსაკვლევი რეზერვუარების არაჰორიზონტალურ მდგომარეობაში განთავსების შესახებ, რაც შემსყიდველს შესაძლებლობას მისცემდა გამოესწორებინა ხარვეზი, რაც თავის მხრივ, საექსპერტო მომსახურების თავიდან დაწყების საფუძველი იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედგენა ვერ მოხერხდა თავად მიმწოდებლის ბრალით და იგი არ იყო გამოწვეული შემსყიდველის მიზეზით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების შეუძლებლობის გამო საზღაურის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სადავო ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით, მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებითა და ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 სექტემბრის N166.1 ბრძანებით. ხელშეკრულებით გატვალისწინებულია დაკვეთის შესრულების 20-დღიანი ვადა. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებას მოიტხოვდა, რომელიც 5 დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო, შესაბამისად, ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადები სადავო ურთიერთობაზე არ ვრცელდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 27.02.13 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე