Facebook Twitter

№ას-282-268-2013 23 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ღ-მა სასამართლოში მ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა თბილისში, ზ-ის ქუჩა N13-ში 233 მ2 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მდებარე შენობა-ნაგებობის საერთო დერეფნით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ზ-ის ქ. N13-ში მდებარე 233 კვ.მ მიწის ნაკვეთი თანაბარწილად ეკუთვნით მას და მ. მ-ის. მიწის ნაკვეთის შეძენისას მხარეებს ასევე გადაეცათ მშენებარე ნაგებობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საერთო სარგებლობის დერეფანს. ქ. ღ-ს ამ დერეფნის გავლით შეეძლო საკუთარ ფართში შესვლა. პროექტის მიხედვით, შენობას ალტერნატიული შესასვლელი არ გააჩნდა. მოსარჩელემ, მოპასუხესთან შეთანხმებით, 2007 წელს შენობას თავისი მხრიდან სხვა შესასვლელი გაუკეთა და კიბე მიადგა, თუმცა, როდესაც მიშენების ლეგალიზაციის საკითხი დადგა, მოპასუხემ თანხმობა არ მისცა და მერიას საჩივრით მიმართა. 2011 წლის 13 ოქტომბერს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ადგილზე დათვალიერების შემდეგ, მოსარჩელეს შენობის პირვანდელი სახით აღდგენა მოსთხოვა, რის გამოც, მოსარჩელეს კვლავ საერთო დერეფნით სარგებლობა უწევს, რის უფლებასაც მოპასუხე არ აძლევს.

მოპასუხე მ. მ-ის მითითებით, დერეფანი თავიდანვე მის კუთვნილ ფართში იყო მოქცეული, გარდა ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება არ ეხება ქ. ღ-ის კუთვნილი შენობის პირველ სართულზე არსებულ კარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. მ-ს აეკრძალა ზ-ის ქუჩა N13-ში 233 მ2 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მდებარე შენობა-ნაგებობის საერთო დერეფნით სარგებლობაში ქ. ღ-ის ხელშეშლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით, ქ. ღ-ის მიერ დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობის სანაცვლოდ, სადავო დერეფნით სარგებლობის უფლება გადაეცა მოპასუხე მ. მ-ს. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 6 აპრილის N204 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული შენობის პროექტი, გარდა კორიდორში შესასვლელი კარისა, არ ითვალისწინებს 0.00 ნიშნულზე (პირველ სართულზე) სხვა კარის გაკეთებას (ტ. I. ს.ფ. 61, 12-25). ამდენად, პროექტის თანახმად, შენობა-ნაგებობაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ კორიდორში შესასვლელი კარით. ქ. ღ-ი წლების განმავლობაში არ სარგებლობდა ამ დერეფნით. მოსარჩელემ მის სარგებლობაში არსებულ ფართთან დასაკავშირებლად მოაწყო დამოუკიდებელი შესასვლელი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დგინდება, რომ ქ. ღ-ს მიეცა მითითება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 6 აპრილის N204 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული პროექტის დარღვევით, შენობის მეორე სართულზე შესასვლელად გამოჭრილი კარის ღიობი (ფანჯრის ღიობი გადააკეთა კარის ღიობად) მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში (ტ. I. ს.ფ. 137-139, 105-108). ხსენებული ადმინისტრაციული აქტები არ ეხება პირველ სართულზე მდებარე სადავო ღიობის ამოშენებას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, საზიარო საგნით სარგებლობის წესები მხარეთა შორის შეთანხმებულია კონკლუდენტური მოქმედებით; შეთანხმების ფარგლებში, მ. მ-ის სადავო დერეფნით სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლოდ, შენობის ამ ნაწილთან დასაკავშირებლად ქ. ღ-ს ნება დაერთო, მოეწყო დამოუკიდებელი შესასვლელი. შესაბამისად, სახელშეკრულებო შებოჭვის პირობებში, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო დერეფნით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანამესაკუთრეებიდან ერთ-ერთისთვის აღარ არის მისაღები საზიარო საგნით სარგებლობის შეთანხმებული წესები, მას უფლება აქვს, თანამესაკუთრის მიმართ აღძრას სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ღ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანებით დამტკიცებული შენობის პროექტი სხვა კარის გაჭრას არ ითვალისწინებდა. ხელშეკრულების დადებამდე ფართი სხვადასხვა პირის საკუთრება იყო, საკადასტრო რუკაზე გამოყენებული მწვანე და იისფერი ცხადყოფს მხარეთა შეთანხმებას საზიარო საგნით სარგებლობის წესზე. მ. მ-ი კი, აღნიშნულ წესს არღვევს. სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად განმარტა მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 01.04.13 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე