№330210014524338
საქმე №ას-285-271-2016 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი-ღ–ია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-კი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იძულებითი განაცდურის თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის გადახდის დაკისრება
დავის საგანი – ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი- ღ-იამ (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სს „ლ-კის“ (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“ ან ბანკი“) მიმართ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2013 წლის 03 სექტემბერს, ბანკსა და მოსარჩელეს შორის დაიდო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება №948, რომლის თანახმად, მოსარჩელე ბანკში დასაქმდა წ-ის ფილიალის სალაროს გამგის თანამდებობაზე ერთი კალენდარული წლითა და 3 თვის ვადით, თვეში 400 ლარი შრომის ანაზღაურებით. ბანკის გენერალური დირექტორის 2014 წლის 22 მაისის №2---პშ ბრძანებით, მოსარჩელე, ფილიალში გამოვლენილი უხეში დარღვევის საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 27 მაისიდან. 2014 წლის 22 მაისამდე, ბანკის ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს პრეტენზია მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობასთან ან არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. ბანკის 2014 წლის 22 მაისის №2---პშ ბრძანებას მოსარჩელის ნაწილში საფუძვლად დაედო ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაცია 7 შემთხვევაში 3 გარდაცვლილი ბენეფიციარის სახელზე სოციალური ავანსის გაცემის გამო მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თუმცა მოსარჩელეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები არ დაურღვევია. მან, როგორც მოლარემ, სოციალური ავანსის (საპენსიო სესხის) თანხა გასცა ოპერატორის მიერ ავანსის გამოწერის შემდეგ. ბენეფიციარის იდენტიფიცირება მის მიერ ხორციელდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის ვიზუალური დათვალიერებით. იდენტიფიცირების სხვაგვარი შესაძლებლობა ბანკში არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელე არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში გამოხმობის გამო (იხ. საოქმო განჩინება, ს.ფ. 68-69).
4. მოსარჩელემ მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 22 მაისის №2---პშ ბრძანება და მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 27 მაისიდან, 2014 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, მისი ყოველთვიური ხელფასის - 400 ლარის ოდენობის გათვალისწინებით და გადაუხდელი იძულებითი განაცდურის თანხის 0,07 პროცენტი, ყოველი დაყოვნებული დღისათვის, შესაბამისი სახელფასო თანხის გაცემის ვადიდან თანხის გადახდამდე პერიოდზე.
II. მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
6. 2015 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 22 მაისის №2---პშ ბრძანება, მოსარჩელის წ-ის ფილიალის სალაროს გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 400 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრების თაობაზე.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილება
9. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 22.05.2014წ. N2--პშ ბრძანების მოსარჩელის წ-ის ფილიალის სალაროს გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, მისი აღდგენა წ-ის ფილიალის სალაროს გამგის თანამდებობაზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან, თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდზე;
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით, სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, განუხილველად იქნა დატოვებული, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში გამოხმობის გამო (იხ. საოქმო განჩინება, ტ.1. ს.ფ. 68-69).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი იძულებითი განაცდურის თანხის 0,07 პროცენტი, ყოველი დაყოვნებული დღისათვის, შესაბამისი სახელფასო თანხის გაცემის ვადიდან თანხის გადახდამდე პერიოდზე.
კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური თანხის (ყოველთვიური ხელფასის - 400 ლარის ოდენობის გათვალისწინებით) დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრება.
12. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სსსკ–ის 230–ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ–სამართლებრივ და შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები დამტკიცებულად იქნა მიჩნეული 230–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე.
13. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 32-ე, 34-ე და 37-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. ხოლო განაცდურის დაყოვნებისათვის 0,07 %–ის დაკისრების შესახებ სასარჩელომ მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასების გაკეთების თაობაზე აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის სახით, რადგანაც იძულებითი განაცდური არ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებას, ხელფასის ან/და მისაღები პრემიის სახით, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
15. ზემოთ მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07 %–ის ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრუელბო შეთნხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღურების სახეს. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს.
16. საბოლოოდ, პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის საპირისპიროდ შესაბამისი, დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იძულებითი განაცდურის თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის გადახდის დაკისრება სახელფასო თანხის გაცემის დღიდან თანხის გადახდამდე.
18. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 417-ე მუხლი, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნაა იძულებითი განაცდურის თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%-ის გადახდის დაკისრება სახელფასო თანხის გაცემის დღიდან თანხის გადახდამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი განხლული უნდა ყოფილიყო სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლით.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის განხილვის მოცემულ ეტაპზე საკასაციო პალატის განხილვის საგანს შეადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის სახთ დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობის კვლევა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა სწორედ სარჩელის ამ მოთხოვნის იურიდიული უმართებულობის გამო, რა დროსაც საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სშკ-ის 32-ე, 34-ე და 37-ე მუხლებით, რომელთა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელი განაცდურის დაყოვნებისათვის 0,07%–ის დაკისრების შესახებ სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, წარუმატებელი იყო.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სარჩელის ამ მოთხოვნის არასწორი სამართლებრივი საფუძვლით კვლევასთან მიმართებით და მიაჩნია, მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს.
26. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომის ანაზღაურების დაყოვნების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი- ღ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური