Facebook Twitter

№ას-295-281-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ტ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯ. ტ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის 2011 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა. მ. ქ-მა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ვინაიდან არსებობდა უძრავი ქონების რეალიზაციის საფრთხე, მოსარჩელე იძულებული გახდა, ნასყიდობის ხელშკრულება გაეფორმებინა გამოსყიდვის უფლებით, რათა ამით მოპასუხე მხარის მოთხოვნა უფრო უზრუნველყოფილიყო, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გამორიცხავდა ქონების პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას. მხარეთა ნება არ მოიცავდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და სინამდვილეში სესხისა და იპოთეკის ურთიერთობა გაგრძელდა 4 თვის ვადით, რაც სადაო გარიგების შესაბამისად მხარეს მიეცა ქონების გამოსყიდვისათვის.

მოპასუხე ჯ. ტ-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომელიც შეწყდა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 4 თებერვალს და მოსარჩელეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2011 წლის 4 აგვისტომდე. მ. ქ-მა ვალდებულების შესრულების ყოველგვარ ვადას გადააცილა. 2011 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეწყდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ა-ას ქ. №1-ში, მდებარე ბინა გაათავისუფლა და ჯ. ტ-ას გადასცა, ასევე, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელეს მიეცა უფლება, 4 თვის განმავლობაში გამოესყიდა ბინა, რაც არ შეუსრულებია. ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება არ იყო და მხარეთა ნებას შეესაბამებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 4 თებერვალს ჯ. ტ-სა და მ. ქ-ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 18 000 აშშ დოლარს, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით; მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებაც; ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაირიცხებოდა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.3%. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ქ. თბილისში, ა-ას ქუჩა №1-ში მდებარე მ. ქ-ის საკუთრებაში არსებული 30.49 კვ.მ უძრავი ქონება (ტ.I, ს.ფ. 36-40). იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ტ.I, ს.ფ. 41,42). მ. ქ-ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულება, მას არ დაუბრუნებია სესხის როგორც ძირითადი თანხა, ასევე არ გადაუხდია საპროცენტო სარგებელი, შესაბამისად, მისმა დავალიანებამ ჯ. ტ-ას მიმართ შეადგინა 23 400 აშშ დოლარი. 2011 წლის 22 სექტემბერს მ. ქ-სა და ჯ. ტ-ას შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარით, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა სრულად გადაიხადა. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 4 თვით (ტ.I, ს.ფ. 9,10). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისი, ა-ას ქუჩა №1-ში მდებარე 30.49 კვ.მ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ. ტ-ას საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის 22.09.2011 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს 04.02.2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელებას, რასაც თითქოს ადასტურებს მხარეების შეთანხმება გამოსყიდვის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ადასტურებს 22.09.2011წლის მ. ქ-ს და ჯ. ტ-ას შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობას ანდა თვალთმაქცურობას. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მის კონტრაჰენტებს იმთავითვე ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი დადგა - შემძენი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ და შეუდგა ქონების ფლობას, გამოსყიდვის ვადად ხელშეკრულებით განისაზღვრა 4 თვე, როგორც საქმის მასალებით დგინდება, გამოსყიდვის უფლება რეალიზებული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს გამყიდველსა და მყიდველს წარმოეშვათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები; ამასთან სადავო გარიგება ვერ იქნება მიჩნეული თვალთმაქცურად, შემდეგ გარემოებათა გამო: თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების - მ. ქ-ის და ჯ. ტ-ას მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, ჯ. ტ-ამ მ. ქ-ი მოატყუა, უთხრა, რომ სესხის დასაბრუნებლად დამატებით ვადას მისცემდა, თუ იპოთეკით დატვირთულ ბინას მის სახელზე გადააფორმებდა, როგორც კი მ. ქ-ი ვალს დააბრუნებდა, ბინას უკან დაუბრუნებდა. მოპასუხემ მოსარჩელეს საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, უფრო მეტიც, კასატორი საერთოდ არ მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების რაიმე სამართლებრივ უსწორობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ Nას-1-453-06, ას-659-1306-03), ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე