Facebook Twitter

№ას-348-331-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 29936.18 ლარის დაკისრება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ასანაზღაურებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა:

სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29936.18 ლარის გადახდა;

მასვე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაევალა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 898.09 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 6 იანვარს, მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს („მიმწოდებელი“) სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის („შემსყიდველი“) უნდა გაეწია მის კომპეტენციაში შემავალი მომსახურება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, საერთო ფასი განისაზღვრა 200000 ლარით.

ხსენებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ექსპერტიზის ჩატარებას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას. ამასთან, დადგინდა, რომ საექსპერტო მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მომსახურების ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის დღიდან.

თავის მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახური („შემსყიდველი“) ვალდებული იყო მომსახურების მიწოდების და აღნიშნულის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 დღის ვადაში გადაეხადა თანხა (ხელშეკრულების მე-5 პუნქტი).

ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დადგინდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ს ოდენობით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 31 იანვრის წერილით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 იანვრის №129 ბრძანება შპს „ო. …-ის“ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზას უნდა დაედგინა ქ.ბათუმში, შპს „ო. …-ის“ მიერ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის (თავისი რესურსებით მომსახურების გაწევა) საბაზრო ფასი.

ამ მიმართვის საფუძველზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომზადდა 2012 წლის 5 აპრილის საექსპერტო დასკვნა ოთხიდან მხოლოდ ერთ ობიექტზე. ექსპერტიზის საფასურმა შეადგინა 22181.45 ლარი. რაც შემოსავლების სამსახურმა აანაზღაურა და იგი არ წარმოადგენდა დავის საგანს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 4 ივნისის N21-14/39760 წერილით, საექსპერტო გამოკვლევის არასრულყოფილად ჩატარების გამო, მოსარჩელეს ეთხოვა დანარჩენი სამი სამშენებლო ობიექტის შესახებ დასკვნის გადაგზავნა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის ცენტრის 2012 წლის 15 ივნისის წერილით შემოსავლების სამსახურს ეთხოვა მათი 2012 წლის 4 ივნისის მიმართვაში აღნიშნულ სამ ობიექტზე საექსპერტო კვლევის ჩატარებისთვის დამატებითი მასალების გადაცემა.

მხარეები არ დავობდნენ, რომ 2012 წლის 28 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საექსპერტო დაწესებულებას დამატებით გაუგზავნა მის მიერ მოთხოვნილი მასალები.

სსიპ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 14 სექტემბერს მომზადდა საექსპერტო დასკვნა, რომლის შესადგენად შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 29936.18 ლარით. საექსპერტო მომსახურების ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171-ე დადგენილების შესაბამისად. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ამ დასკვნის მიღება-ჩაბარების აქტზე შემოსავლების სამსახურმა ხელი არ მოაწერა, იგი უარს აცხადებდა მოსარჩელისათვის ამ ექსპერტიზის საფასურის 29936.18 ლარის (სარჩელით მოთხოვნილი თანხა) ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ბიურომ არაჯეროვნად შეასრულა მათი მოთხოვნა, დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ამ დასკვნის მიმართ დაკარგა ინტერესი.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა 2012 წლის 14 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისას მოსარჩელის მხრიდან 2012 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადის დარღვევის ფაქტი, მაგრამ მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტი, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს ექსპერტიზის ბიუროსათვის არ უცნობებია ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე. მასვე არ უცნობებია მოსარჩელისათვის („მიმწოდებელი“) შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. უდავო იყო, რომ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მოპასუხე შემოსავლების სამსახურს, რომელმაც ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოში იმ მტკიცებულებების წარდგენა, რაც დაადასტურებდა ზემოთ მთითებულ გარემოებებს. უფრო მეტიც, მოპასუხეს წინამდებარე სამოქალაქო საქმეზეც არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი, ექსპერტიზის დასკვნის ვადის დარღვევით მომზადებისათვის, მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა 2012 წლის 6 იანვარს წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით განეკუთვნებოდა ნარდობის ხელშეკრულებას. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგინდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, მართალია ვადის დარღვევით, მაგრამ შესრულდა, მოსარჩელემ საექსპერტო დასკვნა მოამზადა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ნარდობის საზღაური.

სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171-ე დადგნილების შესაბამისად, რამაც 29936.18 ლარი შეადგინა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შეფასების გარეშე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიურო მნიშვნელოვნად ამახინჯებს ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც იგი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად წარმოაჩენს 2012 წლის 6 იანვრის №1/41 ხელშეკრულებას და 2012 წლის 4 ივნისის №21-14/39760 „წერილობით დაკვეთას“. აღნიშნული გარემოება არასწორად გაიზიარა ჯერ თბილისის საქალაქო, ხოლო შემდგომ – თბილისის სააპელაციო სასამართლომ;

მოდავე მხარეებს შორის სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა 2012 წლის 6 იანვრის №1/41 ხელშეკრულება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 იანვრის №129 ბრძანება, რომლის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 იანვრის №21-14/6175 მიმართვით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა შპს „ო. …-ის“ მიერ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის (თავისი რესურსებით სამშენებლო მომსახურების გაწევა) საბაზრო ფასის დადგენა ოთხ სხვადასხვა ობიექტზე;

აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 იანვრის №21-14/6175 მიმართვის საფუძველზე, საექსპერტო დაწესებულებაში შედგენილ იქნა №010723-2012/03/1 ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნით, შპს „ო. …-ის“ მიერ, ქ.ბათუმში, ფ. მ-ის ქ.№135-ში წარმოებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საბაზრო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 4436290.26 ლარი, ზედნადები ხარჯების გეგმიუირი მოგებისა და დღგ-ს ჩათვლით;

ამდენად, მოცემული დასკვნით ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ ერთ საკვლევ ობიექტზე, ნაცვლად შეკვეთილი ოთხი ობიექტისა. შემოსავლების სამსახურმა სათანადოდ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და 2012 წლის 25 აპრილის №1706 საგადასახადო დავალებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაურიცხა ერთ საკვლევ ობიექტზე შესრულებული საექსპერტო კვლევის საფასური;

აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 4 ივნისის წერილით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა დამატებით სამი სამშენებლო ობიექტის შესახებ დასკვნის წარდგენა. თუმცა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღნიშნულ წერილს მცდარად განიხილავს წერილობით დაკვეთად, რადგან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დაინიშნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №129 ბრძანებით, რომლის შესახებაც მიმართვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა 2012 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, 2012 წლის 4 ივნისის წერილი ვერ ჩაითვლება შემოსავლების სამსახურის მიერ საექსპერტო დაწესებულებისათვის ექსპერტიზის ჩატარების ხელახალ დაკვეთად;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საექსპერტო დაწესებულების დარჩენილ 3 ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა 2012 წლის 14 სექტემბერს, ანუ მნიშვნელოვანი დაგვიანებით. ამიტომ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომელითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად შეასრულა და მოამზადა საექსპერტო დასკვნა;

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა. კანონის მოხმობილი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, იგი გაუქმებას, ხოლო სარჩელი დაუკმაყოფილებლობას ექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აპრილის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე