Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-349-332-2013 23 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ 2003 წლის 28 ნოემბრის №010047 აქტის გაუქმებისა და მის საფუძველზე დარიცხული 69 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო აქტის შედგენისას მოპასუხემ დარღვია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის №5 დადგენილების მე-4 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები. ასევე, აქტს მოსარჩელის მხრიდან ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო აქტი ცნობილ იქნა ბათილად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სს „თ-ის” წარმომადგენლების მიერ 2003 წლის 28 ნოემბერს შპს „მ-ის” შემოწმებისას შედგენილი №010047 აქტი სრულად შეესაბამება სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის 15 დადგენილების მოთხოვნებს.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2003 წლის 28 ნოემბრის №010047 აქტის საფუძველზე აბონენტ სს „მ-ს” დამატებით დაერიცხა დატაცებული 69000 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

აღნიშნული აქტის თანახმად, შემოწმდა აბონენტი სს „მ-ი” (პურის ქარხანა). ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველი გაჩერებულია, მრიცხველზე მიმავალი ძაბვის წვერები ახსნილია. კარადის ტროსიანი ბრჯენი ნორმალურია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ე-ის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის წესი გათვალისწინებულია სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის 15 დადგენილებით, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული, რადგან დარღვევის აქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან თანხებთან დაკავშირებულ დოკუმენტს.

აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლით განისაზღვრება აქტის შედგენის წესი და რეგისტრაცია, აქტის ფორმა. ნორმის პირველი პუნქტის დანაწესით კომერციული სექტორისათვის შედგენილ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს: ა) შემოწმების ჩატარების თარიღი; ბ) აბონენტის ნომერი, დასახელება, მისამართი, საქმიანობის ფორმა, ტელეფონის ნომერი; გ) ობიექტის ხელმძღვანელის და ელმეურნეობაზე პასუხისმგებელი პირის გვარები; დ) მრიცხველის ნომერი, მუდმივა, ჩვენება შემოწმების მომენტში; ე) ბრჯენის ნორმები და მდგომარეობა. თუ ბრჯენი წესრიგშია, იწერება მხოლოდ ნომერი. თუ ბრჯენი დაზიანებულია, მიეთითება დაბრჯენის ადგილი. საეჭვო ბრჯენის შემთხვევაში მიეთითება მისი ნომერი და დაბრჯენის ადგილი; ვ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების საპასპორტო და ფაქტიური მონაცემები; ზ) ობიექტის რეალური დადგმული სიმძლავრე (გაუფორმებელი ობიექტის ან დატაცების შემთხვევაში); თ) ობიექტის მუშაობის საათები (დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დღეღამურ ხანგრძლივობას, ვინაიდან აბონენტების უმრავლესობა ელექტროენერგიას მოიხმარს როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში); ი) პირველადი და მეორადი დენის გაზომვის შედეგები; კ) მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი და მისი შესაბამისი დრო; ლ) გამოყენებული გამზომი ხელსაწყოების დასახელება და საქარხნო ნომერი; მ) სს „ე. თ-ის“ წარმომადგენელთა გვარები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება; ნ) ობიექტის წარმომადგენლის გვარი, რომელიც ესწრებოდა შემოწმებას; ო) ობიექტის წარმომადგენლის გვარი, რომელმაც დაიტოვა აქტის მეორე პირი.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დასკვნაში აუცილებლად უნდა იყოს შენიშვნა დარღვევის გამოსწორების შესახებ. გაზომვის შედეგებზე დაყრდნობით ფასდება მოხმარებული და აღრიცხული ელექტროენერგიის თანაფარდობა და კეთდება დასკვნა აღრიცხვის კვანძში დარღვევის შესახებ.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო სექტორში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სს „ე. თ-ის“ თანამშრომლის მიერ ადგილზე ხდება აქტის გაფორმება. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) შემოწმების ჩატარების თარიღი; ბ) აბონენტის ნომერი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოთახების რაოდენობა; გ) მრიცხველის ნომერი, ჩვენება; დ) მუდმივა; ე) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; ვ) აბონენტის დადგმული სიმძლავრე; ზ) მუშაობის საათები; თ) გაზომვის შედეგები; ი) დატაცების ფაქტის მოკლე აღწერა; კ) სს „ე. თ-ის“ წარმომადგენლის გვარი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება; ლ) აბონენტის ან იმ პირის გვარი, რომელიც ესწრება შემოწმებას; მ) იმ პირის გვარი, რომელმაც დაიტოვა აქტის მეორე პირი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტზე, აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, სემეკის აღმასრულებელი დირექტორ ნ. ჩ-ის 2005 წლის 26 იანვრის წერილზე, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად დგინდება, რომ დარღვეულია აბონენტ შპს „მ-ის“ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის შედგენის წესი. აქტში არ არის მითითებული აბონენტის ნომერი, არასწორადაა დაფიქსირებული ობიექტის მუშაობის საათები, რასაც ამ შემთხვევაში, როგორც სემეკის დადგენილებაშია აღნიშნული დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან აბონენტების უმრავლესობა ელექტროენერგიას მოიხმარს როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში.

მოსარჩელის განმარტებითა და სემეკის აღმასრულებელი დირექტორის 2005 წლის 26 იანვრის წერილით სასამართლომ დაადგინა, რომ ობიექტის სამუშაო დრო განახევრებულია და ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ცვლა დღის საათებში 7-საათიანი სამუშაო გრაფიკით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

სადავო აქტის შესაბამისად, აბონენტი ელექტროენერგიას მოიხმარს დღე-ღამის განმავლობაში, რომლის ნამრავლი ერთ თვეზე შეადგენს 720 საათს, რაც ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალოგიკურია. ამასთან, წარმოდგენილ აქტში არ არის შევსებული მეორადი დენის გაზომვის შედეგები და არ არის მითითებული წამმზომის ნომერი. აქტში არასწორად არის ნაჩვენები ტრანსფორმაციის კოეფიციენტი. გარდა ამისა, წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, კერძოდ, ერთი მხრივ, აქტში დაფიქსირებულია, რომ „კარადის ტროსიანი ბრჯენი ნორმალურია“, ხოლო დასკვნით ნაწილში გაკეთებულია ჩანაწერი: „მრიცხველზე მიმავალი ძაბვის წვერები ახსნილია“. ეს მაშინ, როდესაც თვითონ მრიცხველი მდებარეობს აღნიშნულ კარადაში. როგორც აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, ობიექტი თ-ის აუდიტის მიერ შემოწმებულია 2003 წლის 17 ოქტომბერს და 18 ნოემბერს, რა დროსაც რაიმე დარღვევა არ იქნა დაფიქსირებული. შესაბამისად, სადავო აქტით აბონენტის შემოწმება განხორციელდა წინა შემოწმებიდან 10 დღის შემდეგ, მაშინ როდესაც აბონენტს გადასახდელად დაერიცხა მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

ნიშანდობლივია, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, ელექტროენერგიის აღრიცხვის სქემის გასწორების შემდეგ პერიოდში ობიექტის მიერ საშუალოდ თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გაზრდილა და დარჩა წინა პერიოდის საშუალო მოხმარების დონეზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების 2003 წლის 28 ნოემბრის №010047 აქტი შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს, მასში აუცილებელი ინფორმაცია არ არის ასახული სრულად, რითაც დარღვეულია სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების მოთხოვნები. აღნიშნული კი, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „თ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და სწორად არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ერთადერთი, რასაც სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების გამოტანისას, არის სემეკის აღმასრულებელი დირექტორის წერილი, რომელშიც მოყვანილია რამდენიმე არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ 2003 წლის 28 ნოემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი არ შეესაბამება სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის მე-15 დადგენილებას.

სააპელაციო სასამართლოს სს „თ-ის“ წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტების მიუხედავად, საერთოდ არ გამოუკვლევია წერილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, სამოტივაციო ნაწილს საფუძვლად დაედო მითითებული წერილი, რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სემეკის ერთ-ერთი ჩინოვნიკის პირად მოსაზრებას და არა მთლიანად მარეგულირებელი კომისიის დასკვნას. იმ ფაქტზე, რომ წერილში მოყვანილი გარემოებები არათუ არასწორია, არამედ ტენდენციურია, მეტყველებს შემდეგი ფაქტები: მართალია, არ არის გაზომილი მეორადი დენები და ვერც იქნებოდა გაზომილი, ვინაიდან მეორადი დენი არის მრიცხველიდან გამომავალი დენი, ხოლო აქტის თანახმად კი მრიცხველი შემოწმებისას გაჩერებული იყო, შესაბამისად, გაიზომა მხოლოდ პირველადი დენი და აქტში აისახა კიდეც. მეორადი დენი კი ვერ გაიზომებოდა მისი არარსებობის გამო. რაც შეეხება წამმზომის ნომრის მითითებას, არც აღნიშნული გარემოებაა სწორად ასახული, ვინაიდან წამმზომით იზომება მრიცხველის დისკოს ბრუნთა რიცხვი, ხოლო მრიცხველი შემოწმებისას გაჩერებული იყო. გარდა ამისა, წამმზომი აქვს საათსაც, რომლითაც სქემის აღდგენის შემდეგ გაიზომა მრიცხველის დისკოს ბრუნთა რიცხვი, ხოლო საათის წამმზომს, როგორც ცნობილია, რაიმე სპეციალური ნომერი არ გააჩნია.

უსაფუძვლოა არგუმენტი, რომ აქტში არასწორადაა მითითებული ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, ვინაიდან აბონენტ შპს „მ-ის“ ტრანსფორმაციის კოეფიციენტი, ბრუნვის ისტორიის თანახმად, არის 200, აქტშიც მითითებულია იგივე სისიდე. სადავო წერილით ეჭვქვეშაა დამდგარი ის გარემოება, რომ წვერები იყო ჩახსნილი, მრიცხველი კი – გაჩერებული. ამის ახსნა მარტივია, თუ დავაკვირდებით ჩანაწერს აქტში, მრიცხველზე მიმავალი ძაბვის წვერები ახსნილია. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ მრიცხველი და მისი ყუთი ხელუხლებელია, თუმცა ტრანსფორმატორიდან მრიცხველისაკენ მიმავალი წვერები ახსნილია მრიცხველამდე და ბრჯენებიც ხელუხლებელი დარჩებოდა.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას და შემოწმების შემდგომ დანახარჯს, ეს აიხსნება ერთი და იმავე გარემოებით, კერძოდ, შპს „მ-ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან აშკარად ჩანს, რომ საწარმოს – პურის ქარხანას გააჩნია საკუთარი მაღალი ძაბვის ტრანსპფორმატორი და ორი მრიცხველი. ეს აქტი არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია, შესაბამისად, აუდიტის შემოწმება მან ისევე, როგორც სემეკის აღმასრულებელი დირექტორის წერილში მოყვანილი სხვა გარემოებები, შეუფასებლად დაუდო საფუძვლად განჩინების სამოტივაციო ნაწილს.

სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია დარიცხვის წესის შესახებ.

პალატას არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ სადავო დარიცხვა განხორციელდა სემეკის იმ დროისათვის მოქმედი 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, რომლებიც იძლეოდნენ საშუალებას, დარიცხვა მომხდარიყო ერთ წლამდე პერიოდზე. შპს „მ-ის“ შემთხვევაში კი გათვალისწინებულ იქნა დარღვევის სახე და ის გარემოება, რომ მას გააჩნია საკუთარი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, შედგა დარიცხვის ოქმი, რომლითაც დაერიცხა 559443 კვტ.სთ, თანხობრივად – 69931,05 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „თ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 22 მარტს №13542 საგადახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3450 ლარის 70 % – 2415 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „თ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 22 მარტს №... საგადახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3450 ლარის 70 % – 2415 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია