საქმე №ას-354-337-2013 16 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოთხოვნის დათმობის სასყიდლიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ მოპასუხისათვის 59 200 აშშ დოლარისა და ყოველწლიურად დარიცხული სარგებელის - 59 200 აშშ დოლარის 17%-ის (რაც 2010 წლის 10 ივნისიდან შეადგენს 20 000 აშშ დოლარს) დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2007 წლის 17 სექტემბერს შპს „პ.+-სა“, რომლის სამართალმემკვიდრეც შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ა“ და შპს „...“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ უნივერსიტეტს ასესხა 100 000 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური 17%-იანი სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა მხარის კუთვნილი, ქ.თბილისში, ყ-ის ქN16ა-ში მდებარე უძრავი ქონება. 2010 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკისა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით ნ. მ-ემ სანაცვლოდ იკისრა მოსარჩელისათვის 2010 წლის 17 ივნისამდე გადაეხადა 59 200 აშშ დოლარი. მოპასუხემ დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ამ“ მიუღებელი შემოსავლის სახით ასევე მიიღო ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელესა და ნ. მ-ეს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო არა 2010 წლის 10 ივნისს, არამედ 2010 წლის 4 ივნისს და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ სრულად შეასრულა, კერძოდ, ამავე წლის 16 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 59 200 აშშ დოლარი ნ. მ-ემ გადაუხადა შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ იმდროინდელ დირექტორ გ. ბ-ეს, რომელიც აღჭურვილი იყო საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილებით. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადებამდე, შპს „...“ მოსარჩელისათვის უკვე ანაზღაურებული ჰქონდა 5-წლიანი ვადით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 17%-იანი სარგებელი, კერძოდ, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 85 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის დარჩენილი თანხა იყო 100 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვადად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, განსაზღვრული იყო 2012 წლის 17 სექტემბერი, სწორედ ამ თანხის მოთხოვნის უფლება შეიძინა ნ.მ-ემ საზოგადოებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „პ.+-სა“ (სამართალმემკვიდრე შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ა“) და, მეორე მხრივ, შპს „...“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „პ.+-მა“, როგორც გამსესხებელმა, საკუთრებაში გადასცა მსესხებელ შპს „...“ 100 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი წლიური 17%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით. კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთი. 2010 წლის 4 ივნისს შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-სა“ და ნ. მ-ეს შორის დაიდი იპოთეკისა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს დაეთმო 2007 წლის 17 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „...“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება. მითითებული ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ, მოპასუხე ვალდებული იყო, 2010 წლის 17 ივნისამდე გადაეხადა მოსარჩელის სასარგებლოდ 59 200 აშშ დოლარი. შპს „პ.+-სა“ და შპს „ე. თ. ჯ-ას“ 2007 წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა ერთობლივი კრების ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ე. თ. ჯ-ას“ შპს „პ.+-ან“ შერწყმის თაობაზე, ამასთან, შპს „პ.+-ს“ ეწოდა შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ა“. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 16 ივნისისა და 2012 წლის 11 მაისის ხელწერილებზე და აღნიშნა, რომ 2010 წლის 16 ივნისის ხელწერილით გ. ბ-ე, როგორც შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ დამფუძნებელი და დირექტორი, ადასტურებდა, რომ 2012 წლის 16 ივნისს ნ. მ-ისაგან მიიღო 59 200 აშშ დოლარი 2010 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ წარადგინა 2012 წლის 11 მაისის ხელწერილი, გ. ბ-ის ხელმოწერით, რომლის შესაბამისადაც, გ. ბ-ე ადასტურებს, რომ მას, როგორც „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ დირექტორს, არანაირი თანხა ნ. მ-ან არ მიუღია და, რომ ნ. მ-ის ვალდებულება საზოგადოების წინაშე შეუსრულებელია. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმედ დაკითხულმა გ. ბ-ემ დაადასტურა ვალდებულების შესრულების ფაქტი, ამასთან განმარტა, რომ მიღებული თანხა გამოიყენა არა საზოგადოების, არამედ პირადი მიზნებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ, მიუხედავად საქმეში ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულების არსებობისა, ნ.მ-ის მიერ ვალდებულების შესრულება დადასტურებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლოს მოსაზრებით, გაზიარებული უნდა ყოფილიყო მოწმე გ. ბ-ის განმარტება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ აღნიშნული პიროვნება წარმოადგენდა იმ მომენტისათვის საზოგადოების დირექტორს (ასევე, ერთადერთ დამფუძნებელს), ანუ პირს, რომელიც კანონის შესაბამისად, ახორციელებდა საწარმოს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. გ. ბ-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ სადავო თანხა საზოგადოების დირექტორმა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლით და აღნიშნა, რომ 2010 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება ნ. მ-ეს 2010 წლის 17 ივნისამდე უნდა შეესრულებინა, რა დრომდეც, შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (ასევე, ერთადერთი დამფუძნებელი) იყო გ. ბ-ე, ანუ ის წარმოადგენდა პირს, რომელსაც გააჩნდა უფლებამოსილება, მიეღო შესრულება. გ. ბ-ის განმარტებით, ნ. მ-ემ ვალდებულება შეასრულა. ვინაიდან, გ. ბ-ე წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, მიეღო შესრულება, მისი განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მიღებული თანხა გ.ბ-ემ პირადი მიზნებისათვის გამოიყენა, რაც სხვა დავის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო.
სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულება - 2010 წლის 30 მაისის ხელშეკრულება და მის საფუძველზე მიიჩნია, რომ გ. ბ-ემ ნ. მ-ან ისესხა 59 200 აშშ დოლარი. შეთანხმებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი და თანხის დაბრუნების ვადა - 27 თვე, ასევე, თანხის დაბრუნების გრაფიკი. ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო, ერთი მხრივ, ნ. მ-სა და, მეორე მხრივ, გ. ბ-ის მიერ. იპოთეკისა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის (2010 წლის 4 ივნისი), ასევე გ. ბ-ის განმარტების გათვალისწინებით, შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ გ. ბ-ემ დაუთმო ნ. მ-ეს, ხოლო ნ. მ-ან მიღებული 59 200 აშშ დოლარი გამოიყენა არა საზოგადოების, არამედ პირადი მიზნებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ გ. ბ-ის ხელწერილზე და მის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამავე სასამართლოს სხდომაზე ნ. მ-ის განმარტებით, მოწმე გ. ბ-ან თანაცხოვრებაში იმყოფება, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დაემყარა დაინტერესებული მხარის მიერ შედგენილ ხელწერილს. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: სასამართლოს განჩინებები, გ. ბ-ის მიერვე შედგენილი ხელწერილი, სადაც მხარე განსხვავებულ ვითარებას ადასტურებს, ასევე ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ხელწერილი არაა სანოტარო წესით დამოწმებული, რაც მისი შედგენის დროს დაადასტურებდა, ხელწერილზე ასევე არაა დასმული საზოგადოების ბეჭედი და თანხა, რომლის გადახდის ნამდვილობაზეც არის წინამდებარე დავა, არ არის ასახული საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებში, საქმეში არ მოიპოვება სხვა არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ამასთან, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი. ნ.მ-ის მიერ წარდგენილი ხელწერილის ნამდვილობის შემოწმებისას სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელწერილი შედგენილია 2010 წლის 16 ივნისს, მაშინ, როდესაც ნ. მ-ე საქართველოში არ იმყოფებოდა, აღნიშნული ფაქტი თავად მოპასუხემ დაადასტურა, ამასთანავე, მხარემ კონკრეტულად ვერ მიუთითა პირი, ვინც უშუალოდ გადასცა თანხა გ.ბ-ეს. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ მოწმე და მოპასუხე ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, საყურადღებოა თავად ნ.მ-ის განმარტება, რომ ის ზემოაღნიშნული თანხის მოსაძიებლად იმყოფებოდა ისრაელში, მაშინ, როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება თანხის გადმორიცხვისა თუ ვინმესათვის ამ თანხის გამოტანების თაობაზე, სადავო ხელწერილი შინაარსობრივად წარმოადგენს მოწმის ჩვენებას, რომლის ნამდვილობაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით გაქარწყლებულია, თანხის გადახდის ფაქტი უნდა დადასტურდეს წერილობითი მტკიცებულებით, რაც სასამართლომ არასწორად დაამყარა მოწმის ჩვენებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეისწავლა საქმის მასალები, შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „პ.+-სა“ და შპს „...“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „პ.+-მა“, როგორც გამსესხებელმა, საკუთრებაში გადასცა მსესხებელ შპს „...“ 100 000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და მისი წლიური ოდენობა მხარეებმა განსაზღვრეს 17%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 5 წლით.
კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება.
შპს „პ.+-სა“ და შპს „ე. თ. ჯ-ას“ 2007 წლის 14 ნოემბრის პარტნიორთა ერთობლივი კრების გადაწყვეტილებით მოხდა შპს „ე. თ. ჯ-ას“ შერწყმა შპს „პ.+-ან“, ამასთან, შპს „პ.+-ის“ სახელწოდება განისაზღვრა შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ი“.
2010 წლის 4 ივნისს შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-სა“ და ნ. მ-ეს შორის დაიდო იპოთეკისა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს დაეთმო 2007 წლის 17 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „...“ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ, მოთხოვნის მიმღები ვალდებული იყო, 2010 წლის 17 ივნისამდე დამთმობის სასარგებლოდ გადაეხადა 59 200 აშშ დოლარი.
სადავო პერიოდისათვის შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (ასევე, ერთადერთი დამფუძნებელი), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, იყო გრიგოლ ბუაძე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ ზემოაღნიშნული გარემოებები სადავო არ გაუხდია, ისინი სავალდებულო ძალის მქონეა საკასაციო სასამართლოსათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და ეს ფაქტი სასამართლომ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
პალატის შეფასებით, ნ. მ-ემ მოთხოვნის დათმობის სასყიდლიანი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, მოვალემ 2012 წლის 16 ივნისს მოთხოვნის უფლების მქონე პირს გადაუხადა 59 200 აშშ დოლარი, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება შეწყდა.
სასამართლომ მიუთითა საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2010 წლის 16 ივნისისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2012 წლის 11 მაისის ხელწერილებზე. 2010 წლის 16 ივნისის ხელწერილით გ. ბ-ე, როგორც შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ დამფუძნებელი და დირექტორი, 2012 წლის 16 ივნისს, 2010 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. მ-ან 59 200 აშშ დოლარის მიღების ფაქტს ადასტურებდა, 2012 წლის 11 მაისის ხელწერილით კი, რომელიც ასევე ხელმოწერილი იყო გ. ბ-ის მიერ, ხელმომწერი პირი ადასტურებდა, რომ მას, როგორც „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ დირექტორს, არანაირი თანხა ნ. მ-ან არ მიუღია და, რომ ნ. მ-ის ვალდებულება კრედიტორი საზოგადოების წინაშე შეუსრულებელი იყო. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების მიუხედავად, ნ.მ-ის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დადასტურებული იყო, ეს დასკვნა პალატამ ასევე დაამყარა მოპასუხის შუამდგომლობით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული გრიგოლ ბუაძის განმარტებაზე, სადაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, როგორც შესრულების მიღება, ისე ამ თანხის პირადი მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას იმ საფუძვლით, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენის ნაწილში სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
მოცემულ შემთხვევაში სადავო მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ნამდვილობაა. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მიუთითებს მატერიალური კანონმდებლობით მხარეთა შორის განაწილებულ მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა რა, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება მთლიანად მოვალეს დააკისრა. დასახელებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხემ (მოვალემ) სარჩელზე წარდგენილ შესაგებელს დაურთო შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირის, საზოგადოების იმდროინდელი დირექტორის მიერ 2010 წლის 16 ივნისს გაცემული სავალო საბუთი, სადაც გარკვევითაა მითითებული ნ. მ-ის მიერ ფულადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ, 2012 წლის 11 მაისით დათარიღებულ ხელწერილს, სადაც იმავე საზოგადოების დირექტორი გ.ბ-ე აღნიშნავს სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, ნ.მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მიუხედავად მტკიცებულებათა ურთიერთგამომრიცხაობისა, მოვალის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ სავსებით სამართლიანად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული გ. ბ-ის ჩვენებაზე, სადაც მოწმემ, როგორც შესრულების დროისათვის საზოგადოების უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, აღიარა ნ. მ-ან შესრულების მიღების ფაქტი, ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასკვნა მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დასაბუთებულია და სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ხელწერილის ნამდვილად მიჩნევისათვის მის სანოტარო თუ საზოგადოების ბეჭდით დამოწმების თაობაზე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა სავალო საბუთის ნამდვილობის კუთხით მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს, ამასთან, თანხის მოვალის მიერ გადახდის ფაქტი გამყარებულია როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით, ისე მოწმის ჩვენებით. რაც შეეხება შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ პრეტენზიას, რომელიც ემყარება ნ. მ-სა და გ. ბ-ის თანაცხოვრების ფაქტს, მიუხედავად ნ.მ-ის მიერ ამ ფაქტის დადასტურებისა, სამართლებრივი დამაჯერებლობის კუთხით პალატა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოწმის ჩვენების ნამდვილობას ამ პრეტენზიის დაუსაბუთებლობის გამო. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო საჩივარზე დართული ახალ მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო პალატის შეფასებით მიუთითებდა გ. ბ-ის მიერ ნ. მ-ან 59 200 აშშ დოლარის სესხებაზე. გასაჩივრებული განჩინებით მტკიცებულების პირდაპირი კავშირი სარჩელის საფუძვლიანობასთან მიმართებით დადგენილი არ არის. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორს რაიმე შედავება არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს განჩინებაში ასახულ სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობის მართებულობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). კანონის აღნიშნული დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალემ მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი სათანადოდ დაადასტურა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით კასატორს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების თაობაზე პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმის წარმოების დასრულებამდე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 3960 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. შპს „ბ. ჯ. პ. თ. ჯ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 3690 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
თ. თოდრია