№ ას-367-349-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და რ. გ-ის წინააღმდეგ ყადაღისაგან მოძრავი ქონების გათავისუფლების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 იანვრის ქონების ყადაღის დადების შესახებ აქტიდან დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოპასუხე რ. გ-მა სარჩელი ცნო.
სსიპ შემოსავლების შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან სადავო გახადა მხოლოდ დაყადაღებულ ნივთების მოსარჩელისადმი საკუთრების ფააქტობრივი გარემოება.
მესამე პირმა მოპასუხის მხარეზე სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან განთავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 იანვრის N056-2212/01 ქონების ყადაღის დადების შესახებ აქტით დაყადაღებული: მაცივარი ”პლატინიუმი” 1 ცალი და ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის 1 ცალი. დარჩენილ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 16 ივნისის N056-2212 ბრძანებით ყადაღა დაედო რ. გ-ის ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ) აქტივებს (ტომი 1; ს. ფ. 18);
ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 18 იანვარს აღწერილ და დაყადაღებულ იქნა ქ. მარნეულში, ნ-ის პირველი ჩიხის N5-ში, არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ავეჯი (კედელი)- 1 ცალი; მაგიდა და 6 სკამი - 1 კომპლექტი; საძინებელი გარნიტური 1 კომპლექტი (საწოლი, გარდირობი, 2 ტუმბო, ტრილიაჟი); მაცივარი ”პლატინიუმი” 1 ცალი; ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის - 1 ცალი (ტომი 1; ს.ფ. 19-20 - ქონების ყადაღის დადების შესახებ აქტი N056-2212/01);
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის N3/23-12 ბრძანებით დაკამყოფილდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა დაყადაღებული ნივთების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ (იხ. ტომი 1; ს.ფ. 23-28);
რ. გ-ი არის მოსარჩელე ა. გ-ას შვილი და 30 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ (მხარეთა ახსნა-განმარტება; მხარეები სადაოდ არ ხდიან ამ გარემოებას);
ა. გ-ა იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წელს გარდაცვლილ ქ. გ-ან, მან 2003 წლიდან ფაქტობრივი ფლობით მიიღო ქ. გ-ის სამკვიდრო, მდებარე ქ. მარნეულში, ნ-ის პირველი ჩიხი N5, რაზეც სამკვიდრო მოწმობა გაიცა ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 19 თებერვალს (იხ. სფ. 30-34);
პალატამ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. გ-ას სარჩელი და ყადაღისაგან განთავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 იანვრის N056-2212/01 ქონების ყადაღის დადების შესახებ აქტით დაყადაღებული: მაცივარი ”პლატინიუმი” 1 ცალი და ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის 1 ცალი.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება ქ. მარნეულში, ნ-ის პირველი ჩიხი N5-ში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთების (მაცივარი ”პლატინიუმი” 1 ცალი და ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის 1 ცალი) მოვალე რ. გ-ის კუთვნილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის - მ. ფ-ის ჩვენებიდან, რომელიც არის მოსარჩელის მეზობელი, დასტურდება, რომ ა. გ-ა მუშაობდა და მუშაობს მასწავლებლად და აქვს შემოსავალი. მას სახლში აქვს ის ნივთები, რაც დაყადაღებულია. მეზობლებთან ერთად იგი ეხმარებოდა მოსარჩელეს მაცივრისა და ტელევიზორის სახლში შეტანაში, როცა ტელევიზორი და მაცივარი მოსარჩელემ იყიდა. დაყადაღებული ნივთები მოპასუხეს არ უყიდია ისინი დევს მოსარჩელის სახლში. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც უტყუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
ასეთ პირობებში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და თავისი იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.1-ე მუხლზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ა. გ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში, მათზე მფლობელობას წლების განმავლობაში ახორციელებს მოსარჩელე, დაასკვნა, რომ ეს ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1-ე მუხლზე, და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. მარნეულში, ნ-ის პირველი ჩიხის N5-ში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები - 1 ცალი მაცივარი ”პლატინიუმი” და 1 ცალი „სამსუნგის” ფირმის ტელევიზორი მოსარჩელე ა. გ-ას საკუთრებაა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სსიპ შემოსავლების სამსახურზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი.
აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახური „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის სასარგებლოდ ხდება გადაწყვეტილების გამოტანა, მის (მოსარჩელის) მიერ გაღებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოპასუხეს (წაგებულ მხარეს).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 155.1-ე მუხლი და 158-ე მუხლები, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მაცივრისა და ტელევიზორის შეძენის მტკიცებულებები და როგორც დანარჩენი სხვა ნივთები მაცივარი და ტელევიზორიც არ ექვემდებარებოდა ყადაღის სიიდან ამორიცხვას. ამასთან კასატორის აზრით, არასწორი იყო მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, ვინაიდან იგი კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე