Facebook Twitter

№ ას-436-412-2013 27 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ხ-ე, მ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ხ-სა და მ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისში, კ-ას პირველი შესახვევის №2-ში მდებარე შენობა-ნაგებობა თავისი საკუთრებაა, რომელიც იჯარით აქვს გაცემული „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკორდზე“. 2012 წლის 4 სექტემბერს სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა აღნიშნულ ბინაში აღწერეს და დააყადაღეს მოძრავი ნივთები. აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების მიზეზი გახდა თავისი შვილის – ს. ხ-ის მიმართ მ. ს-ის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება. ს. ხ-ე აღნიშნულ მისამართზე არც რეგისტრირებულია, არც ცხოვრობს და არც მის მიერაა შეძენილი აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონება. დასახელებული ნივთების ნაწილი, მისივე დავალებით, შეძენილია მოიჯარის თანამშრომლების მიერ და დამონტაჟებულია მათი ძალებით, სხვა დანარჩენი ნივთები კი, თავად შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნივთები ს. ხ-ეს არ ეკუთვნის, აღმასრულებელმა ისინი მაინც დააყადაღა, რაც ცხადყოფს, რომ დაყადაღებულია მესამე პირთა ნივთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

მოპასუხე ს. ხ-ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები დედის – მ. ს-ის საკუთრება.

მოპასუხემ მ. ს-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ქონება განლაგებულია ს. ხ-ის საკუთრებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ქონებაზე მოსარჩელის საკუთრება, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კერძო აღმასრულებელი ზ. ჯ-ა აწარმოებს №A12036078 სააღსრულებო საქმეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული №2/ბ-894 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც კრედიტორს წარმოადგენს მ. ს-ე, მოვალეა ს. ხ-ე.

2012 წლის 4 სექტემბერს, მითითებულ მისამართზე გამოცხადდა კერძო აღმასრულებელი ზ. ჯ-ა და აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა დაადო უძრავ ნივთში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: ორგანყოფილებიანი კარადა; ორი ცალი მაგიდა; სამ სანთლიანი ჭაღი; ორი ცალი ,,ჭილოს” ზედაპირის მქონე ხის სკამი; ორი ცალი კედლის ბრა; ორი ცალი კედლის ბრა (პატარა ზომის); 12 სანთლიანი დიდი ჭაღი; სურათი გობელენზე; კონდიციონერი; 40 სანთლიანი ჭაღი; ორი ცალი 5 სანთლიანი ჭაღი; ჟურნლების ხის მაგიდა; ორი ცალი ექვს სანთლიანი ჭაღი; ექვსი ცალი ,,ჭილოს” ზედაპირის მქონე სკამი; ოთხი ცალი სამზარეულოს ხის სერვანდი; მაცივარი ,,ვესტელი”; გაზქურა ,,ვესტელი”; სამზარეულოს კარადა; გათბობის სისტემა ,,ნიკალა”; ორადგილიანი დივანი; ოთხი ცალი ,,კრესლო”; კედლის ბრა; მისაღების ხის კარადა; ორი ცალი სატელიტური ანტენა; ცხრა ცალი სათამაშო აპარატი; ორი ცალი გათბობის სისტემა ,,აექსი”; ორი ცალი ელექტროგამათბობელი ქურა. სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 04.09.2012წ. აქტი - ს.ფ.20-21 4.1.4. 2012 წლის 25 სექტემბერს მ. ს-ემ აღძრა სარჩელი და მოითხოვა სადავო ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ სარჩელი გამოიხმო ცხრა ცალი სათამაშო აპარატის, ორი ცალი გათბობის სისტემა ,,აექსის” და ორი ცალი ელექტროგამათბობელი ქურის ნაწილში, რის გამოც სარჩელი, მითითებული ნივთების ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე მიღებული განჩინებებით, დარჩა განუხილველად.

დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები არ არის მოსარჩელის საკუთრება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. მოსარჩელის (აპელანტის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. კერძოდ: - სარეცხი მანქანა, კეისი და მონიტორი საერთოდ არ დაყადაღებულა, შესაბამისად - მათი შეძენის დამადასტურებელ მტკიცებულებებს შეხება არ აქვთ დავის საგანთან; - სადავო ნივთებთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გ. ხ-ის, შ.პ.ს. ,,ო-ის”, პ. ს-ის და თ. ხ-ის მიერ სადავო ნივთების ნაწილის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მოწმეთა ჩვენებები, რომლის თანახმადაც მათ მ. ს-ეს მიჰყიდეს სადავო ნივთების დანარჩენი ნაწილი) ვერ დადგინდა, რომ ნივთების შემძენი პირები მოქმედებდნენ მ. ს-ის დავალებით და ნივთებს იძენდნენ უშუალოდ მისთვის, ასევე - ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული ნივთები და დაყადაღებული ნივთები ერთი და იგივე ნივთებს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო აღმასრულებელმა მოძრავი ნივთები დააყადაღა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები.

პალატამ დადგენილი ფაქტორბივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტითა და ამავე კანონის 32-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია იმ გარემოების დამტკიცება, რომ დაყადაღებული ქონება ეკუთვნის არა მოვალეს, არამედ - მოსარჩელეს. ამდენად, სარჩელის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების - დაყადაღებული ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების - მტკიცების საპროცესო ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელეს (აპელანტს). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) ეს ვალდებულება ვერ შეასრულა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილებით უგულებელყოფილ იქნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 32-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ერთ-ერთმა მოპასუხე ს. ხ-ემ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ დაყადაღებული სადავო ქონება მას არ ეკუთვნოდა. ამდენად, აღმასრულებელს უნდა დაეყადაღებინა მოვალის და არა მისი ოჯახის წევრების კუთვნილი და საერთო ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მ. ს-ის მიერ 2013 წლის 12 აპრილს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე