№ ას-445-421-2013 27 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოსა და საურავის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის მერიამ 22.09.10წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს ,,ე-ის” მიმართ, გადაუხდელი საიჯარო ქირის 246.99 ლარის, საურავის – 253.54 ლარისა და პირგასამტეხლოს – 6600 ლარის გადახდევინების დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 23.02.07წ. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,ე-ს” შორის გაფორმდა ,,სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის” შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოიჯარე იღებდა სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლებას. ხელშეკრულებით საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად კონკრეტულ ადგილებზე სარეკლამო საშუალებების იჯარის ან სხვაგვარი გამოყენების შესახებ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის 15%-ის ოდენობით. 01.02.09წ. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით იჯარის ოდენობამ შეადგინა მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავლის 15%-ი, ანუ 6 ლარი სარეკლამო საშუალების 1 კვ. მეტრზე. ხელშეკრულება 01.03.07წ. შევიდა ძალაში. შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2007 წლის მარტის ბოლოდან. შპს ,,ე-მა” პირველი გადახდა 01.05.07წ. განახორციელა, რის შემდეგაც მოიჯარე საიჯარო ქირას რეგულარულად იხდიდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი გადახდა განხორციელდა 2 თვის დაგვიანებით და გადახდისას მოიჯარეს არ მიუთითებია რომელი თვის საიჯარო ქირას იხდიდა, ყოველი გადახდა ჩაითვალა დაგვიანებულად და თითოეულ თვეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, რამაც 2007 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრის ჩათვილით (33 თვე) შეადგინა 6600 ლარი. ამასთან, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა საურავი _ 253.54 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირის 7037.37 ლარის ნაცვლად, შპს ,,ე-ის” მიერ გადახდილ იქნა 6790.38 ლარი. შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა 246.99 ლარი. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,ე-ს” შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა ქ. თბილისის მთავრობის 07.12.09წ. დადგენილების საფუძველზე.
შპს „ე-მა“ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ საიჯარო ქირას იხდიდა რეგულარულად, პირველი თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობა არ იძლევა ყველა დანარჩენი თვეების გადახდის დაგვიანებულად მიჩნევის საფუძველს. შესაგებელის ავტორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მოსარჩელეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მიუმართავს მისთვის წერილობითი გაფრთხილებით ან პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით, თუმცა ამას 23.02.07წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ყველა შემდეგი გადახდა შპს „ე-ის“ მიერ განხორციელებულია საიჯარო ქირის ოდენობის ცვალებადობის გათვალისწინებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ 22.09.10წ. მიმართა სასამართლოს 2007 წლის მარტის თვის გადაუხდელობის შესახებ, გასულია სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, მათ შორის დამატებითი მოთხოვნისათვისაც. გარდა ამისა აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო და საურავი შეუსაბამოდ მაღალია (სსკ-ის 420-ე მუხ.).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე – შპს ,,ე-ს” ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 246.99 ლარის, საურავის 253.54 ლარისა და პირგასამტეხლოს 6600 ლარის, ჯამში 7100.53 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ე-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.11წ. განჩინებით შპს ,,ე-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ე-მა”, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.11წ. განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ე-ს“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისროა საიჯარო ქირის - 246.99 ლარის, საურავის 253.54 ლარისა და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
23.02.2007 წელს . ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს „ე-ს“ შორის დაიდო სარეკლამო საშუალების განთავსების უფლების იჯარით გაცემის №14 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ე-ს“ იჯარით გადაეცა სარეკლამო საშუალების განთავსების უფლება. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტ.I, ს.ფ.17-20).
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, იჯარის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად, კონკრეტულ ადგილებზე სარეკლამო საშუალებების იჯარის ან სხვაგვარი გამოყენების შესახებ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის (დღგ-ს გარეშე) 15%-ს. მეორე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ლარებში, ყოველი თვის ბოლოს.
ქ. თბილისის მერიის მთავრობის 07.12.2009 წლის №32.61.1154 დადგენილებით შეწყდა ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურსა და შპს „ე-ს“ შორის 2007 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად დადგენილებაში მიეთითა ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას (ტ.I, ს.ფ. 70,71). დადგენილებაში აღინიშნა, რომ შპს „ე-ს“ საიჯარო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან ყოველი თვის ბოლოს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების გამო შპს „ე-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა წერილობითი გაფრთხილებების მიუხედავად, მის მიერ არ განხორციელდა ქ. თბილისის ბიუჯეტში გადაუხდელი საიჯარო ქირის, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გადახდა (ტ.I, ს.ფ. 70).
თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 28 მარტის, 2007 წლის 27 აპრილის, 2007 წლის 28 მაისის, 2007 წლის 27 ივნისის, 2007 წლის 27 ივლისის, 2007 წლის 30 აგვისტოს, 2007 წლის 27 სექტემბრის, 2007 წლის 29 ოქტომბრის, 2007 წლის 28 ნოემბრის, 2007 წლის 28 დეკემბრის, 2008 წლის 31 იანვრის, 2008 წლის 29 თებერვლის, 2008 წლის 31 მარტის, 2008 წლის 30 აპრილის, 2008 წლის 29 მაისის, 2008 წლის 30 ივნისის, 2008 წლის 31 ივლისის, 2008 წლის 26 აგვისტოს, 2008 წლის 30 სექტემბრის, 2008 წლის 29 ოქტომბრის, 2008 წლის 27 ნოემბრის, 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 29 იანვრის, 2009 წლის 23 თებერვლის, 2010 წლის 29 იანვრის წერილებით დადასტურებულია, რომ საიჯარო ქირა 2007 წლის მარტიდან 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით შეადგენდა 96.1 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით 96.15 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, 2009 წლის იანვარში 96.1 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, 2009 წლის თებერვლიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე 324 ლარს (ტ.I, ს.ფ. 27-51; 74,75).
შპს „ე-ს“ საიჯარო ქირის სახით გადასახდელი აქვს 246.99 ლარი.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ შპს „ე-ს“ არ გადაუხდია 2007 წლის მარტის თვის საიჯარო ქირა, ხოლო 2007 წლის მაისიდან რეგულარულად იხდიდა საიჯარო ქირას (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ.1-15; შესაგებელი, ტ.I, ს.ფ. 81-89; 08.11.2010წ. სხდომის ოქმი, ტ.I, ს.ფ.123, 124).
შპს „ე-ის“ სახელზე ქ. თბილისის მერიის 28.03.2007წ. წერილით დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიამ 23.02.2007წ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად დაიანგარიშა საზოგადოების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხა, ამის შესახებ სანგარიშო პერიოდშივე აცნობა შპს „ე-ს“ და მოითხოვა აღნიშნული თანხის, 96.1 აშშ დოლარის გადარიცხვა (ტ.I, ს.ფ. 27).
ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის 2010 წლის 29 იანვრის №10-8/257 ცნობის დანართით დასტურდება, რომ შპს „ე-ს“ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სულ გადასახდელი ჰქონდა საიჯარო ქირა 7037.37 ლარის ოდენობით, აქედან შპს „ე-მა“ გადაიხადა 6790.38 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 246.99 ლარი (ტ. I, ს.ფ. 74-77).
შპს „ე-ი“ 23.02.2007წ. ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა - ყოველთვიურ საიჯარო ქირას იხდიდა დაგვიანებით.
პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ 2007 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007 წლის 1 მარტს, შესაბამისად, 2007 წლის მარტიდან ხორციელდებოდა შპს „ე-ი“ დაქვემდებარებული საზოგადოების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხის გაანგარიშება. ამდენად, შპს „ე-ს“ პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 2007 წლის მარტის ბოლოს (ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი). შპს „ე-ის“ მიერ პირველი გადახდა განხორციელდა 2007 წლის 1 მაისს. მითითება იმის თაობაზე, თუ რომელი თვის ქირა გადაიხადა შპს „ე-მა“, არ არის.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მართალია, 2007 წლის 01 მაისიდან შპს „ე-ი“ საიჯარო ქირას რეგულარულად იხდიდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი გადახდა დაიწყო დაგვიანებით, და არცერთი გადახდის დროს არ ყოფილა მითითება, თუ რომელი თვის საიჯარო თანხა იფარებოდა, ყველა გადახდა უნდა ჩაითვალოს დაგვიანებულად.
23.02.2007 წლის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე მეიჯარისგან იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით. ამასთან, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია, გადაუხადოს მეიჯარეს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, ასევე, მე-2 მუხლის შესაბამისად, გადასახდელი ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში დამატებით გადაიხადოს დაგვიანებული თანხის 0.05%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამდენად, მხარეები ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ფიქსირებული ჯარიმის სახით (თითოეულ დარღვევაზე 200 ლარი), ხოლო საიჯარო ქირის გადახდის ვადის დაგვიანებისათვის დამატებით პირგასამტეხლოზე საურავის სახით (დამატებით დაგვიანებული თანხის 0,05%) გადახდაზე.
ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის 2010 წლის 29 იანვრის №10-8/257 ცნობის დანართით, 2010 წლის 27 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა საურავი 253.54 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 6 600 ლარის ოდენობით (ტ.I, ს.ფ. 74-77).
რადგან დადგენილია ვალდებულების დარღვევის ფაქტი, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) გონივრული ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 253.54 ლარის ოდენობით მოთხოვნილი საურავის ოდენობა გონივრულია, რაც შეეხება ჯარიმას (ვალდებულების ყოველი დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით), რაც ჯამში შეადგენს 6600 ლარს, - იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.
პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი წესები, შესაბამისად, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ექვემდებარებოდა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 581-ე მუხლებით და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ე-ს“ სრულად არ გადაუხდია საიჯარო ქირა, რომლის ოდენობა შეადგენდა 246.99 ლარს, სარჩელი გადაუხდელი საიჯარო ქირის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო 500 ლარამდე. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ე-ს“ ასევე დაკისრებული ჰქონდა საურავი - 253.54 ლარის ოდენობით და, შესაბამისად, მიიჩნია, რომ 500 ლარის პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობა იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს 500 ლარამდე შემცირების ნაწილში არის სრულიად დაუსაბუთებელი, სასამართლოს არ უმსჯელია და არ მიუთითებია გადაწყვეტილებაში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა სწორედ აღნიშნულ მუხლზე და შეამცირა პირგასამტეხლო, თუმცა არ იქნა დასაბუთებული თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. 420-ე მუხლში საუბარია, რომ სასამართლოს არა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია პირგასამტეხლოს შემცირება, არამედ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ცხადია, სასამართლომ უნდა მიუთითოს იმ გარემოებაზე თუ რატომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აღნიშნული არ დაუსაბუთებია. სასამართლო უთითებს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ვალდებულების მხოლოდ ერთჯერად დარღვევა. პირგასამტეხლო 66000 ლარის ოდენობით დარიცხვა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ვალდებულება ირღვეოდა სისტემატურად მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ყოველი თვის გადასახადის გადახდა ხორციელდებოდა ერთი თვის დაგვიანებით, შესაბამისად ყოველ დარღვევაზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე