Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-633-602-2013 10 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე. უ-უ

მოწინააღმდეგე მხარე – ი. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. ი/მ „ი. თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. მოპასუხე ი/მ „ე. ე-უს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13000 აშშ დოლარის გადახდა; 3. ი/მ „ი. თ-ის“ სარჩელი მოპასუხეების - ი/მ „ე. უ-უს“ და შპს „ი-ის“ მიმართ სოლიდარულად ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ე. უ-უმ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ი/მ ე. უ-უს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „ე. უ-უმ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) 650 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. უ-უს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა:

ა) საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით;

ბ) 650 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოხსენებული განჩინების ასლი კასატორს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2013 წლის 5 ივლისს, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

2013 წლის 1 აგვისტოს აღნიშნული განჩინების ასლი განმეორებით გაეგზავნა ე. უ-უს იმავე მისამართზე, თუმცა ამჯერადაც გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან იგი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით ასევე დასტურდება, რომ კასატორის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია, რის გამოც ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება. ამასთან, სასამართლო დამატებით ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ე. უ-უს წარმომადგენელს გ. წ-ეს, რომლის მინდობილობაც ვადაგასულია. მისი განმარტებით, კასატორს სურდა ხარვეზის შესახებ განჩინება გაგზავნოდა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ტ.1, ს.ფ. 19).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ხარვეზის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2013 წლის 13 აგვისტოს (გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ ფოსტის მუშაკის მიერ აქტის შედგენის მომენტიდან). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 14 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 19 აგვისტოს. ამდენად, კასატორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. უ-უს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. უ-უს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე