Facebook Twitter

საქმე №ას-650-618-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

A ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ. ი-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ბ. ი-ის სარჩელის გამო, თ. ქ-ის, ი. ქ-სა და ჯ. ნ-ის მიმართ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმების, ფაქტიურ მფლობელობაში არსებული 240 კვ.მ. მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით ბ. ი-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვაადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით და ასევე დაევალა დაეზუსტებინა თუ რა ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა.

2013 წლის 9 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა ბ. ი-ის წარმომადგენელმა ლ. ს-მა და განმარტა რომ მისი მარწმუნებლის საკასაციო მოთხოვნაა ბ.ი-ის სამართლებრივი უფლების აღიარება 1997 წლიდან 2011 წლამდე მის ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ 240 კვ.მ მიწის ფართზე მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელ კ-ის ყოველდღიური ბაზრის ტერიტორიაზე. რაც შეეხება დავის საგნის ღირებულების ოდენობის შემცირებას, წარმომადგენელმა განმარტა რომ თავდაპირველად დავის საგნის ღირებულება მოიცავდა ზიანის ანაზღაურებასაც და ვინაიდან ზიანის ანაზღაურების საკითხი მხარის მიერ მოხსნილ იქნა, ამიტომ შემცირდა დავის საგნის ღირებულება 3000 ლარიდან 1200 ლარამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში, დავის საგანს არცერთ ინსტანციაში არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, კასატორის მითითება აღნიშნულ ფაქტზე და ამის საფუძველზე ღირებულების შემცირება არაა მართებული, ვინაიდან ბ.ი-ი კვლავ სრულად ითხოვს 240 კვ.მ ფართის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ღირებულებას ამცირებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, საკასაციო საჩივარს დადგენილი ჰქონდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის ნაწილშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან უკიდურეს შემთვევაში მისი გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით რომ კასატორი არის პედაგოდი, რომლის ხელფასი არის 200 ლარი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი და სახელმწიფოსაგან ღებულობს დახმარებას. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება რომ ბ. ი-ი არის საქართველოს ისტორიის მასწავლებელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების ან ოდენობის შემცირების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს რა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე, მას არ წარმოუდგენიათ სასამართლოსათვის მისი მარწმუნებლის რთული ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება განცხადებაზე დართულ ცნობას, პალატა მიიჩნევს, რომ ის არ არის საკმარისი საფუძველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადებისათვის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ი-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამასთან, ბ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 6 ივნისის №9 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ბ. ი-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 6 ივნისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე