Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-768-729-2013 10 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ლ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. ბ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.

სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 31 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მ. ბ-ის ოჯახის წევრს (ცოლის დას) - ლ. მ-ეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 5 აგვისტოს. ამდენად, კასატორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოადგინა 2013 წლის 6 აგვისტოს, ანუ ხარვეზის შევსების გადის გასვლის შემდეგ. განცხადებაში მითითებულია, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა ლ. მ-ეს, რომელიც არაუფლებამოსილი პირია, ვინაიდან არ არის კასატორის ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მოითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას ან საპროცესო ვადის აღდგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, უწყება ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხარვეზის განჩინება ტელეფონის მეშვეობით ეცნობა ლ. მ-ეს - კასატორის ოჯახის წევრს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ლ. მ-ემ, როგორც კასატორის ოჯახის წევრმა, მიიღო სასამართლო შეტყობინება საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კასატორს. ამ უკანასკნელს კი, მითითებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად.

ამდენად, არსებულ ვითარებაში, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატისათვის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმის მასალებით დადასტურებულ იმ გარემოებას, რომ ლიანა მაისურაძე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა კასატორის ინტერესებს (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 72-74, 112). მინდობილობით ირკვევა, რომ ლ.მ-ე ცხოვრობს იმავე მისამართზე, რომელსაც კასატორი თავის მისამართად მიუთითებს საკასაციო საჩივარში. აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო ამყარებს პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ ლ. მ-ე კასატორის ოჯახის წევრს წარმოადგენს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი, როგორც აღინიშნა, კასატორმა ვერ დაძლია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს ასევე, რომ დაუსაბუთებელია კასატორის წარმომადგენლის თხოვნა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომელიც განსაზაღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ კრძალავს საპროცესო ვადის აღდგენას და, თუ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.

საკასაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას კანონი არ კრძალავს, მაგრამ ამასთან, სახეზე უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, რომლის დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისათვის. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ კასატორი საზღვარგარეთ იმყოფება. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება, ამასთან, ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, კასატორი ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ და მიეთითებინა მასთან დაკავშირების ალტერნატიულ საშუალებებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე