Facebook Twitter

№ას-781-741-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – 1. ლ. ბ-ე;

2. მ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მ. ს-ის საკასაციო საჩივარში)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ბ-ემ მოპასუხე მ. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა:

სარემონტო სამუშაოების ღირებულება – 6607.89 ლარი;

გ, გ.და ი. ს-ის დაკრძალვის ხარჯი – 20330 ლარი;

გ. და გ. ს-ის მოვლის ხარჯი – 19200 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ს-ეს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ბ-ე და ი. ს-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლიდან.

ქ.ქუთაისში, ბ-ის ქ.№10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ. ს-ის სახელზე.

ქ.ქუთაისში ბ-ის ქ.№10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ. ს-ის სახელზე.

გ. ს-ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს. გ. ს-ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 დეკემბერს, ი. ს-ე გარდაიცვალა 2011 წლის 25 აგვისტოს.

2010 წლის 16 ნოემბერს ი. ს-ემ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს.

ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ბ-ის ქ.№10-ში მდებარე სახლში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 6607.89 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის, დ. მ-ის ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გ. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გასხვისდა მის სიცოცხლეში 25000 აშშ დოლარად და აღნიშნული თანხა მოიხმარა ოჯახმა. მოწმის ჩვენებით, ოჯახმა სარემონტო სამუშაოები სახლის პირველ სართულზე გააკეთა ეზოს გაყიდვით მიღებული თანხით.

მოწმის სახით დაკითხული ქ. კ-ას ჩვენებით: „გ. რომ გარდაიცვალა ეზო გაყიდული იყო, რემონტიც გაკეთებული იყო. რემონტს აკეთებდნენ და მუშებს ყურადღებას აქცევდნენ მეუღლეები ი. და ნ”.

საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ.ქუთაისში, ბ-ის ქ.№10-ში მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა უშუალოდ ნ. ბ-ის სახსრებით.

საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა საპირისპირო გარემოება, კერძოდ ის, რომ ქ.ქუთაისში ბ-ის ქ.№10-ში მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა გ. ს-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული თანხით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამივე მიცვალებულის (გ. ს-ის, გ. ს-სა და ი. ს-ის) გასვენების ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეების: ლ. კ-ას, ქ. კ-ას, დ. მ-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ. და გ. ს-ის დაკრძალვისათვის ოჯახმა მეზობლებისა და ახლობლებისაგან დახმარების („გადასახურავის”) სახით მიიღო შემოსავალი, რითაც სრულად დაიფარა საჭირო ხარჯები. კერძოდ: მოწმე ლ. კ-ამ აჩვენა, რომ „სამივე მიცვალებულის დაკრძალვისას გადასახურავი აიკრიბა.” მოწმე ქ. კ-ამ აჩვენა იგივე „გადასახურავი სამივე მიცვალებულზე აიკრიბა”. მოწმე დ. მ-ემ აჩვენა, რომ „სამივე მიცვალებულის დაკრძალვისას გადასახურავი აიკრიბა, ოჯახს ვალი არ დარჩენია”.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას, გ. და გ. ს-ის მოვლა-პატრონობისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეებით უტყუარად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ბ-ე 3 წლის მანძილზე უვლიდა არარეგისტრირებული ქორწინებიდან დედამთილს, გ. ს-ეს, ხოლო 1 წლის განმავლობაში მამათილს გ. ს-ეს.

მოწმეთა ჩვენებებით და მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ გ. ს-ე იყო დიაბეტით დაავადებული, უსინათლო დავრდომილი მოხუცი, რომელსაც უვლიდა და მზრუნველობას არ აკლებდა ნ. ბ-ე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ. მ-ემ აღნიშნა, რომ: „ნ. უვლიდა მოხუცებს, გ. რამდენიმე წელი იყო 9 ჩაწოლილი. ნ. წამლებსაც ყიდულობდა. წამლებს იამზეც ყიდულობდა. ნ. მოხუცების მოვლისთვის უმძიმესი შრომა გასწია, გ. იყო ძალიან მძიმე მოსავლელი.

მოწმე ლ. კ-ას ჩვენებით: „ნ. რომ მოვიდა, გ. უკვე სერიოზული მოსავლელი იყო, ვერ ხედავდა, ნ. კი ძალიან მძიმე მოსავლელი იყო, სკლეროზი სჭირდა. მოხუცებს უვლიდა ნ.”.

მოწმე ქ. კ-ას ჩვენებით: „დედამთილი იყო მოსავლელი, რომელსაც უვლიდა ნ.”.

მოწმე დ. მ-ის განმარტებით: „დედამთილი ჩავარდნილი იყო რამდენიმე წელი, ბოლო 3 წელი კი მაგარი მოსავლელი იყო. ნ. უვლიდა.”

მოწმე ქ-ის განმარტებით: „ნ. უვლიდა მოხუცებს”.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ე მოხუცებს უვლიდა სამი წლის მანძილზე. კერძოდ, დედამთილს გ. ს-ეს იგი უვლიდა 3 წელი, ხოლო მამათილს გ. ს-ეს (რომელიც სკლეროზის მძიმე ფორმით იყო დაავადებული) – 1 წლის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1484-ე, 969-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 , 102-ე მუხლებით.

საქმეზე მტკიცებულებების არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ სახლზე გაწეული სარემონტო სამუშაოები შესრულდა ნ. ბ-ის სახსრებით. რაც შეეხება მოხუცების მოვლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩათვალა და განმარტავს შემდეგს:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მოვლის ხარჯებთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გარდაცვლილის სიცოცხლის უკანანსკნელ პერიოდში მოვლის ხარჯებისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება მოსარჩელესა და გარდაცვლილს შორის ამ უკანასკნელის სიცოცხლეში, თუ მოსარჩელე დავალების გარეშე ასრულებდა სხვის მოვალეობას (შესრულების მოტივს მნიშვნელობა არ აქვს).

კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ნ. ბ-სა და მოხუცებს (ყოფილ დედამთილ-მამათილს) შორის მოვლა-პატრონობის თაობაზე არანაირი გარიგება ან შეთანხმება არ არსებობდა. ე.ი. აღნიშნული კონკრეტული ურთიერთობა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორების რიცხვს განეკუთვნებიან სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად დავალების გარეშე მოქმედი პირები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მსგავსი კატეგორიის სამეზე (№3კ/441-01) მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მტკიცების ტვირთი აკისრია მამკვიდრებლის კრედიტორებს, ამასთან ფულადი ვალდებულების შესრულება დასაშვებია სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გონივრულად და სამართლიანად უნდა ყოფილიყო მიჩნეული ნ. ბ-ის თვეში 100 ლარის ოდენობით ანაზღაურების განსაზღვრა გ. და გ. ს-ის მოვლისათვის. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ გ. ს-ე 3 წლის განმავლობაში იყო დავრდომილი და მოსავლელი, ხოლო გ. ს-ის მძიმე მდგომარეობა 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა გარდაცვალებამდე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გ. და გ. ს-ის მოვლა-პატრონობისათვის უნდა დაკისრებოდა 4800 ლარი (3 წელი = 36*100=3600), (1 წელი = 12 თვე*100=12 ლარი), (3600 + 1200 =4800 ლარი).

მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადგინდა, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ე სამი წლის მანძილზე უვლიდა მძიმე ავადმყოფ დედამთილს, ხოლო 1 წლის განმავლობაში – მამათილს, არარეგისტრირებული ქორწინებიდან, ანუ მოპასუხე მ. ს-ის (რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მშობლების ქონება) მშობლებს, გ. და გ. ს-ს. ამასთან, გ. ს-ე იყო დიაბეტით დაავადებული, ხოლო გ.

ს-ე მძიმე სკლეროზით დაავადებული. დადგინდა, რომ დედის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო მოპასუხე მ. ს-ემ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1489-ე მუხლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მ. ს-ე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა სნეულებაში მყოფი მოპასუხის მშობლების 3 წლის მანძილზე მოვლისათვის გაწეული ხარჯის საკომპენსაციოდ თანხა, რაც მახრეთა სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გონივრული, სამართლიანი შეფასების შედეგად შეადგენდა 100 ლარს ერთ თვეზე, სამი წლის მანძილზე, ჯამში 4800 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაუკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ემ. კასატორი მოითხოვს მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც: 1. მოპასუხე მ. ს-ეს დაეკისრება უკანონო გამდიდრებით მიღებული თანხის, 6607.89 ლარის გადახდა, რაც ნ. ბ-ემ გახარჯა ქ.ქუთაისში, ბ-ის ქ.№10-ში მდებარე სახლში რემონტის ჩატარების დროს და რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო სახლის ღირებულება; 2. მ. ს-ის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონებიდან მამკვიდრებლების (გ. ს-ის, გ. (ნ.) ს-ის და ი. (ხ.) ს-ის) გასვენებისათვის ნ. ბ-ის მიერ გაწეული ხარჯების – 20330 ლარის გადახდა.

საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულია შემდეგნაირად:

გაუგებარია სასამართლოს მიერ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით სამივე მიცვალებულის გასვენების ხარჯების მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით („გადახურვის სახით“) დაფარვის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა, მაშინ როდესაც, მოწინააღმდეგე მხარეს ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. ასევე გაუგებარია, თუ როგორ იქნა ცნობილი დადგენილად ის ფაქტი, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა არა ნ. ბ-ის ხარჯებით, არამედ ეზოს გაყიდვით მიღებული თანხით. სასამართლომ არ გაიზიარა პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები და გამოიყენა მოწმის ჩვენების გარკვეული მონაკვეთი, თუმცა აშკარა იყო, რომ იგი ცრუ ჩვენებას იძლეოდა;

სასამართლომ, მოწმე დ. მ-ის ჩვენება საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას რემონტის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, არადა სასამართლოსათვის თავიდანვე ცნობილი იყო საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი გაიყიდა არა 25000 აშშ დოლარად, არამედ 14000 აშშ დოლარად. ამასთან, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთიდან აღებული ფული მიიღო მოპასუხის მეუღლემ;

ლ. ბ-ემ წარადგინა იმ ხარჯები დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ნ. ბ-ემ გაწია სამივე მიცვალების გასვენებისას. მოპასუხეს ისინი სადავოდ არ გაუხდია. ამ უკანასკნელმა სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ თითქოს ნ.ბ-ის მიერ გაწეული ხარჯები მან დაიბრუნა დახმარებით შესული თანხებით. კასატორი არ უარყოფს გასვენების დროს გარკვეული თანხის შესვლის ფაქტს, მაგრამ იგი აღნიშნავს, რომ ეს იყო იმ თანხების მეათასედი, რაც თითოეული მიცვალებულის გასვენებას დასჭირდა. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ. ბ-ემ დახმარების სახით შესული თანხებით მის მიერ დახარჯული თანხა სრულად აინაზღაურა.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო საჩივრით სადავოდ გახადა მოწინააღმდეგე მხარემაც. კასატორი მ. ს-ე მოითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, მაგრამ აღნიშნული განჩინებით მოწესრიგებული შემთხვევა სრულიად განსხვავებულია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-სა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქთ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-სა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ მ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი. რაც შეეხება ლ. ბ-ეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ მ. ს-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 25 ივლისი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე