№ას-823-781-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებრივი შეზღუდვების გაუქმება, ფულადი ვალდებულებების შესრულება, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა ა. მ-სა და ა. კ-ეს შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება; გაუქმდა ა. კ-სა და ქ. მ-ის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ზონა - 51, სექტორი 16, კვარტალი 55, ნაკვეთი 056, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 350000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 51.16.02.366, მდებარე გურჯაანის რაიონში, სოფ. ჩ-ი, „გორეები“, რეალური გაყოფის გზით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 თებერვლის №5-004652-2012 ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნულ დასკვნაზე თანდართული მიწის ნაკვეთის გაყოფის აზომვითი ნახაზის თანახმად, რომელიც წარმოადგენდა გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს; ქ. მ-ს უარი ეთქვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დანარჩენ უძრავ ქონებაზე შეზღუდული სარგებლობის უფლების გაუქმებაზე;
ა. კ-ეს დაევალა საჯარო რეესტრში მისი და ქ. მ-ის უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დარეგისტრირება; ა. კ-ეს დაევალა მისი და ქ. მ-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებზე თანასაკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა: ღია ფარდული (დაშენება - 664.3 კვ.მ.) რომელიც განთავსებულია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: ..., მდებარე გურჯაანის რაიონუ, სოფ. ჩ-ი. ღია ფარდული (დაშენება - 456 კვ.მ.), დახურული ფარდული (დაშენება - 436 კვ.მ) საყარაულო (დაშენება - 32.3 კვ.მ.), რომელიც განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია: ..., მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფ. ჩ-ი, საყარაულო შენობა (დაშენება - 87 კვ.მ) რომელიც განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ..., მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფ. ჩ-ი; ა. კ-ეს დაეკისრა 4500 აშშ დოლარის და 3650 ლარის გადახდა ქ. მ-ის სასარგებლოდ; მასვე დაეკისრა მოუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 4500 აშშ დოლარისა და 3650 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით, 2010 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელისათვის თანხის სრულად გადახდამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ფულადი დავალიანების - 5650 აშშ დოლარისა და 6867,5 ლარის დაკისრებაზე; ა. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩვირდა როგორც ქ. მ-ის, ისე ა. კ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკამყოფილდა, ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. კ-ეს ქ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალის ნახევრის: 5 650 აშშ დოლარისა და 6 867.5 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტი ა. კ-ე და მისი წარმომადგენელი მ. ტ-ი (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 329). სხდომის ოქმით დასტურდება ასევე, რომ მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (ტომი 3, ს.ფ. 107-108). აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აპელანტს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 27 ივლისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 31 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 3, ს.ფ. 134). ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ა. კ-ის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, დაიწყო 2013 წლის 27 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 16 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. დადგენილია, რომ ა. კ-ემ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 19 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 137-149).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან მან საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე