№ას-843-801-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. კ-ი, ვ. ბ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ხაშურის რაიონის სოფელ ალის თემის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში 1994 წლის ჩანაწერის გაუქმება, ნ. კ-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმებისა და კომლის წევრად გ. კ-ის მითითების შესახებ, ხაშურის რაიონის სოფელ ალის თემის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრად მიეთითა ი. კ-ი, 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ ალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული №483 ცნობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ ალის თემის საკრებულოს 1991-1995 წლების საკომლო წიგნში 1994 წლის ჩანაწერი ნ. კ-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმებისა და კომლის წევრად გ. კ-ის მითითების შესახებ. გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ ალის თემის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრად ი. კ-ის მითითების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ ალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული №483 ცნობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-მა, ვ. ბ-მა და მოითხოვეს მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ი. კ-სა და ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-მა, ვ. ბ-მა და მოითხოვეს მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ი. კ-სა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორების წარმომადგენელი მ. ყ-ი (ტ.4, ს.ფ.81-82). ასეთ შემთხვევაში კასატორები ან მათი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2013 წლის 15 აგვისტოსა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორების წარმომადგენელმა მ. ყ-მა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 16 აგვისტოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 15 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 4 სექტემბერს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2013 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ი. კ-მა და ვ. ბ-მა შეიტანეს 2013 წლის 6 სექტემბერს (ტ.4, ს.ფ. 103-113) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. კ-მა და ვ. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-სა და ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია