საქმე №ას-913-871-2013 26 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე შპს „ა. ჯ. გ-ის“ სარჩელის გამო, მ. ჯ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი გ. დ-ა (იხ.რწმუნებულება ტ.I ს.ფ.47) ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II ს.ფ.52). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 5 აგვისტო, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 15 აგვისტო. გამომდინარე აქედან, მხარეს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2013 წლის 5 აგვისტოდან 2013 წლის 15 აგვისტომდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, ამ ვადაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს დასაბუთებული განჩინების ჩასაბარებლად არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 15 აგვისტოს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2013 წლის 4 სექტემბერს.
საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ ის სასამართლოში 2013 წლის 11 სექტემბერსაა შეტანილი, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2013 წლის 11 სექტემბერია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე