Facebook Twitter

№ას-595-566-2013 10 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. თ-ა (წარმომადგენელი მ. ხ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ას სარჩელი მოპასუხე ე. თ-ას მიმართ:

1. ე. თ-ას ნ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 11 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა, 12000 აშშ დოლარის ოდენობით;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2009 წლის 11 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება – 2160 აშშ დოლარი და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო – 3000 აშშ დოლარი;

3. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ე. თ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ქ-ის შესახვევის მე-14 კორპუსში მდებარე ბინა 24.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. თ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით ე. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ:

სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 4 მარტის განჩინება (რომლითაც აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 686.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა) 2013 წლის 3 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტ ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის ოჯახის წევრს (დედას) თ. ხ-ეს;

2013 წლის 15 აპრილს, ე. თ-ას წარმომადგენელმა მ. ხ-ემ წარადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ აპელანტი საქართველოში არ იმყოფებოდა, ხოლო წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 7 დღით;

2013 წლის 19 აპრილს, დასახელებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდა აპელანტ ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის ოჯახის წევრს, დედას, თ.ხ-ეს.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 20 აპრილს და ეს ვადა დასრულდა 2013 წლის 26 აპრილს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ე. თ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. თ-ას წარმომადგენელმა მ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინნების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განჩინების შესახებ მ. ხ-ის ცნობილი გახდა 2013 წლის 17 მაისს. შესაბამისად, აღნიშნულ დრომდე მას არანაირად არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ჰქონდა ვადა. მართალია, 2013 წლის 17 აპრილის ხსენებული განჩინება ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დედას, თ. ხ-ეს, მაგრამ ეს უკანასკნელი კერძო საჩივრის ავტორთან არ ცხოვრობს და აქედან გამომდინარე არ არის მისი ოჯახის წევრი. 2013 წლის 19 აპრილს თ. ხ-ე ადრესატთან სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნულ დღეს მან ჩაიბარა საფოსტო გზავნილი, მაგრამ ვინაიდან არის ხანდაზმული და დაავადებულია ჰიპერტონული დაავადებით, მხედველობიდან გამორჩა კერძო საჩივრის ავტორისათვის გზავნილის გადაცემა. გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2013 წლის 17 მაისს, მასთან დედამისის ხელმეორედ სტუმრობის დროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 4 მარტის განჩინება 2013 წლის 3 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტ ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის ოჯახის წევრს (დედას) თ. ხ-ეს;

ამავე სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 7 დღით;

2013 წლის 19 აპრილს, დასახელებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარდა აპელანტ ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ის ოჯახის წევრს (დედას) თ. ხ-ეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით ე. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება მისთვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან თ. ხ-ე არ არის მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, უწყება ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად.

საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტ ე. თ-ას წარმომადგენელ მ. ხ-ეს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისი, ბ.ხ-ის ქ., კორპ. 8, ბინა №7 (ტომი 2, ს.ფ. 16). დასახელებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაიბარა ადრესატის დედამ, თ. ხ-ემ, რასაც ადასტურებს გზავნილზე მისი ხელმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 17).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე თ. ხ-ემ, როგორც ადრესატის დედამ, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. ამ ვარაუდს დამატებით ამყარებს ის გარემოება, რომ საქმეში არსებული სასამართლო გზვანილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით, თ. ხ-ემ, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე, სადავო განჩინების გამოტანამდეც ჩაიბარა მ. ხ-ის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი (ტომი 2, ს.ფ. 9-10), რომლის საფუძველზეც წარმომადგენელმა მ. ხ-ემ შესაბამისი საპროცესო მოქმედებაც განახორციელა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს). ამ უკანასკნელს კი, მითითებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ უწყების ჩამბარებელს მისთვის უწყება არ გადაუცია, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება დადასტურებულადაც რომ მივიჩნიოთ, იგი გავლენას ვერ მოახდენს უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მხცოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, ე. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე