№ას-600-571-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 150000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 15000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. აღსრულება მიექცა ი.მ-ის საკუთრებაში არსებულ ქ.ბათუმში, პ-ის ქ.№1-ში მდებარე ბინას ი.ა-ის საკუთრებაში გადასვლის გზით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: ი. ა-ის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ორივე მხარე. გადაწყვეტილება ი. მ-ის წარმომადგენელს რ. შ-ეს, თავისივე განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 12 მარტს ჩაჰბარდა. ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენლია 2013 წლის 25 მარტს. აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა და სააპელაციო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 8 მარტს, რაც ამოიწურა 2013 წლის 22 მარტს, 24:00 საათზე. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ი. მ-ემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით წარუდგინა 2013 წლის 25 მარტს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. მ-ემ შემდეგი დასაბუთებით: გადაწყვეტილების ჩაბარების ბოლო ვადა იყო არა სასამართლოს მიერ მითითებული უქმე დღე - 8 მარტი, არამედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 11 მარტი. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 11 მარტს და უნდა ამოიწუროს ამავე წლის 25 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა უქმე დღეს - 2013 წლის 8 მარტს, არამედ ამავე წლის 11 მარტს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ აკისრია ვალდეებულება ჩაიბაროს გადაწყვეტილება. ეს ვალდებულება ფაქულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშულად მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესიო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ნორმა უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ეხება საპროცესო ვადის დამთავრებას და არა დაწყებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგების გასაჩივრების უფლების დაწყების წინაპირობებს და, ამდენად თავისი ბუნებით არეგულირებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების და არა დამთავრების საკითხს. შესაბამისად ამ ურთიერთობაზე არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი. შესაბამისად, კანონში მითითებული დანაწესი, რომ გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად არასამუშაო დღისა გასაჩივრების ვადის ათვლა 2013 წლის 8 მარტს დაიწყო.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ი.მ-ის წარმომადგენელი რ. შ-ე. საქმეში არსებული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ი.მ-ემ რ.შ-ეს მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ი.მ-ე ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 8 მარტიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 21 მარტს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 25 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ი. მ-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე