Facebook Twitter

№ას-609-580-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. შ-ის უფლებამონაცვლე ლ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდროდან წილის მიკუთვნება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და გ. ნ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. წ-მა სარჩელი აღძრა გ. ა-სა და ა. ნ-ის მიმართ და საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ.ა-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ბ-ის ქ.2ა-ში მდებარე, დღეისათვის ა. და გ. ნ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ. 2010 წლის 15 აპრილს ა.ნ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა მოსარჩელის კუთვნილი 1/3 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი. ბათილად იქნა ცნობილი ა.ნ-სა და გ.ნ-ს შორის 2010 წლის 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

ქ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.შ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ბ-ის ქ.2ა-ში მდებარე ა. და გ. ნ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/3-ის მესაკუთრედ. ქ. შ-ის კუთვნილ 1/3 წილის ნაწილში 2010 წლის 15 აპრილს ა. ნ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. ბათილად იქნა ცნობილი ა. და გ. ნ-ს შორის 2010 წლის 16 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - ქ. შ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე მისი გარდაცვალებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით საქმის წარმოება შეჩერდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. ქ. შ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ს-ი.

მოცემული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ნ-მა შემდეგი დასაბუთებით: საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმის წარმოების განახლებამდე არ დანიშნა სხდომა, არ გაუგზავნა სამკვიდრო მოწმობის ასლი, რის გამოც მას საშუალება არ მიეცა უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით წარედგინა თავისი მოსაზრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 5 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარე ქ. შ-ი გარდაიცვალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა.

2013 წლის 8 მაისს ქ.შ-ის წარმომადგენელმა ლ.ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თან დაურთო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მასის მართვის მოწმობა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით ზემოდასახელებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე განახლდა საქმის წარმოება და ქ. შ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ს-ი.

ა.ნ-ი კერძო საჩივრით სადავოდ ხდის ლ.ს-ის უფლებამონაცვლეობის გამო საქმის წარმოების განახლებას, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთი საფუძველი საქმეში გარდაცვლილი მოქალაქის უფლებამონაცვლის ჩაბმაა. განსახილველ შემთხვევაში, ლ.ს-მა დადგენილ ვადაში წარადგინა მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდროს მართვის დოკუმენტი), რასთან დაკავშირებითაც, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსათვის დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია. ამასთან, მან ვერ დაასაბუთა რაში მდგომარეობდა ლ.ს-ის, როგორც ქ.შ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის უკანონობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 283-ე მუხლში მითითებული არ არის საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის შესახებ მითითებულია გასჩივრებულ განჩინებაშიც, რაც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას იმსჯელოს საქმის წარმოების შესახებ განჩინების კანონიერებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე